Accessibility links

logo-print

გამოხატვის თავისუფლების დამცველი ორგანიზაცია გაეროს ჟურნალისტების დაცვას სთხოვს


2009 წლის განმავლობაში სამუშაოს შესრულებისას 70-ზე მეტი ჟურნალისტი დაიღუპა, - ვკითხულობთ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ბოლო ანგარიშში. ნიუ-იორკში განთავსებულმა ორგანიზაციამ ანგარიში ამ კვირაში გამოაქვეყნა და გაეროს გენერალურ მდივან ბან კი-მუნს გამოხატვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდა.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის თანახმად, 2009 ყველაზე სისხლიანი წელიწადი იყო მსოფლიოში მომუშავე ჟურნალისტებისთვის: სამუშაოს შესრულებისას 70-ზე მეტი ჟურნალისტი დაიღუპა. ამასთან, გასულ წელს ჟურნალისტების დაპატიმრების თუ დაკავების კუთხითაც სარეკორდო მაჩვენებელი აღირიცხა.

მედიის თავისუფლების დამცველი ეს საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც თავისი ბოლო ანგარიში ნიუ-იორკში 16 თებერვალს გამოაქვეყნა, აცხადებს, რომ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც ჟურნალისტებს ყველაზე მეტად ავიწროებენ, ირანია. ორგანიზაციის თანახმად, იქ გასულ წელს 90-ზე მეტი ჟურნალისტი დააკავეს და მათგან, სულ მცირე, 47 პატიმრობაში რჩება.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის დირექტორის მოადგილის რობერტ მაჰონის თანახმად, ირანის მთავრობა ეფექტიანად იყენებს საინტერნეტო სოციალურ ქსელებს - მაგალითად, ფეისბუქს და ტვიტერს - ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც სწორედ ამ ქსელებზე არიან დამოკიდებული:
„ირანის მთავრობა ახლა ფეისბუქს იყენებს დისიდენტების და ჟურნალისტების პოვნის მიზნით - მათ შესახებ აგროვებს ინფორმაციას, ნახულობს, ვისთან აქვთ მათ ურთიერთობა. ტექნოლოგიას, რომელმაც მედიას თავისუფლება უნდა მოუტანოს, ისინი მედიის წინააღმდეგ იყენებენ“, - ამბობს მაჰონი.

ჟურნალ „ნიუსვიკის“ კორესპონდენტი მაზიარ ბაჰარი, რომელიც ირანში ოთხი თვით დააკავეს გასულ წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ამბობს, რომ მთავრობა ჟურნალისტებზე ზეწოლისთვის ახალ-ახალ მეთოდებს იყენებს. მისი თქმით, განხილვის სტადიაშია ინიციატივა, რომელიც ირანის მოქალაქეების უცხოეთის მედიაში მუშაობას დანაშაულად აცხადებს:
„მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი ჯერჯერობით არ მიუღიათ, ირანის ხელმძღვანელობამ - განსაკუთრებით რევოლუციურმა გვარდიამ - თქვა, რომ ირანის გარეთ სპარსული მედიისთვის მუშაობას დანაშაულად გამოაცხადებს“, - ამბობს „ნიუსვიკის“ ჟურნალისტი და დასძენს: „ასე თუ მოხდა, შესაძლებელი გახდება ბიბისის, ამერიკის ხმის ან რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურებში მომუშავე ნებისმიერ პირს ჯაშუშობა დაბრალდეს და ამ ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგეს. და როგორც ერთ-ერთმა პირმა, რომელიც დაკითხვას მიტარებდა, მითხრა, ყველამ ვიცით, როგორ ისჯებიან ჯაშუშები - მათ სიკვდილით სჯიან.“

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის აზრით, არსებულ მძიმე ვითარებასთან საბრძოლველად საჭიროა აქტივისტების და საერთაშორისო ორგანიზაციების მობილიზება, რათა მათ მთავრობებს გამუდმებით შეახსენონ გამოხატვის თავისუფლების დაცვის აუცილებლობა. რობერტ მაჰონიმ გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი-მუნს მედიის თავისუფლების დაცვის საქმეში უფრო მეტად გააქტიურებისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG