Accessibility links

logo-print

საქართველოს პრესის მიმოხილვა: 17 თებერვალი 2010

  • ნიკო ნერგაძე

Georgia -- Newspapers. undated

Georgia -- Newspapers. undated

ქართული პრესა დღეს განსაკუთრებით ბევრს წერს ოპოზიციური პარტიების შესაძლო შეთანხმებაზე. ამაზე სხვა დროსაც წაიკითხავდით მასალებს, მაგრამ დღეს ამ თემას თითქმის ყველა გაზეთის პირველ გვერდზე ნახავთ. ”დიდი ოპოზიციური შეთანხმების მოლოდინში” - ასეთია ”რეზონანსის” მოწინავე სტატიის სათაური. გაზეთი წერს, საქართველოში, ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ორპოლუსიანი ვითარებაა შექმნილი - ერთ მხარეს სახელისუფლებო ბანაკია, მეორე მხარე კი ოპოზიციას უჭირავს, მიუხედავად იმისა, თუ რა რეიტინგი აქვს თითოეულ მათგანსო. ”რეზონანსი” წერს, გადამწყვეტ როლს ერთ კანდიდატზე შეთანხმების საკითხში, როგორც ჩანს, ისევ ლევან გაჩეჩილაძე ითამაშებსო.

ლევან გაჩეჩილაძეს ფოტოს ნახავთ ”ვერსიის” პირველ გვერდზეც - აქ ის ირაკლი ალასანიასთან ერთად არის გამოსახული. სტატიაშიც უფრო მეტი ”ალიანსის” ლიდერზე წერია - უფრო სწორად, მის საზოგადოებასთან შეხვედრაზე. შეხვედრაზე დასმულ ყველა შეკითხვას და მასზე გაცემულ პასუხს ქრონოლოგიური თანამიმდევრობით ჩამოთვლის.
”ახალი თაობა” წერს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე. გაზეთი მკითხველს შეახსენებს, გივი თარგამაძესთან დაკავშირებული სკანდალი მაშინ გამწვავდა, როდესაც გამოითქვა ეჭვი, რომ თარგამაძის მიერ სატელეფონო საუბრებში ნახსენები ლაშა და გია უკრაინაში მცხოვრები კანონიერი ქურდები არიანო. თარგამაძე სატელეფონო საუბრების შემდეგ დაწყებულ ლაპარაკს სისულელეს უწოდებს და ამბობს, ამ საუბრებში მნიშვნელოვანი არაფერი ყოფილაო, თუმცა პირდაპირ არაფერს უარყოფს. ქურდებთან დაკავშირებით კი ირონიით ამბობს, ისე მოწადინებული ვიყავი ქურდული სამყარო აყვავებულიყო, რომ ყველა ქურდი იძულებული გახდა მოსკოვში წასულიყო საცხოვრებლადო.
”საქართველოს რესპუბლიკის” ერთი ნაწილი დღეს მედიის მავნე გავლენას ეხება. სტატიების შინაარსი მათი სათაურებიდანვე ჩანს - ერთს ჰქვია „ბინდი, ანუ ახალგაზრდა თაობის გონების დაბინდვის ერთ-ერთი ხერხი“. „ბინდში“ სტეფანი მაიერის ნაწარნოები იგულისხმება. ავტორი წერს: ”ჯერ ყველა ვამპირის დედა ვატირე, რბილად რომ ვთქვათ, მერე ვეგეტარიანელი ვამპირების და, ბოლოს, იმათი, ვისაც, ასე ვთქვათ, ეს არაკაცი ვამპირები მოსწონსო. ვამპირების კრიტიკას „საქართველოს რესპუბლიკაში“ ნახავთ. აქვე წაიკითხავთ მეორე სტატიას, სათაურით „სიმართლის დრო - იმედის ჯოჯოხეთი“.
XS
SM
MD
LG