Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 2 წლის შემდეგ კოსოვო კვლავ პრობლემების წინაშეა


კოსოვოს დროშა
კოსოვოს დროშა
17 თებერვალს ორი წელიწადი შესრულდა კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებიდან, თუმცა საერთაშორისო აღიარების მოპოვებისთვის ბრძოლის პროცესში ამ ახალი ქვეყნის ლიდერებმა ჯერ კიდევ არაერთი პრობლემა უნდა გადალახონ.

კოსოვოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საერთაშორისო ტელევიზიების ეთერში ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე ჩაწერილი მისალოცი ვიდეოკლიპი გადის. ეს ვიდეოკლიპი პრიშტინის დაკვეთით დამზადდა და ის კოსოვოს სახელმწიფოებრიობის საერთაშორისო აღიარების გაზრდისთვის წარმოებული კამპანიის ნაწილია.

17 თებერვალს 2 წელიწადი შესრულდა კოსოვოს მიერ სერბიისგან დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადების შემდეგ. მას შემდეგ კოსოვო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ 65-მა ქვეყანამ აღიარა - მათ შორის, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობამ.

მაგრამ ბელგრადი კოსოვოს კვლავაც სერბიის ნაწილად მიიჩნევს. სერბია თვლის, რომ ეს ტერიტორია მისი დაქვემდებარებიდან უკანონოდ გაიყვანეს ნატოს ძალებმა 1999 წლის ივნისში, მას შემდეგ კი ის პროტექტორატად დარჩა იმ დრომდე, სანამ დამოუკიდებლობის გამოცხადებას შეძლებდა.

სერბიის მთავრობა აცხადებს, რომ არასოდეს აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას. ამ პოზიციის გასამყარებლად ბელგრადმა რუსეთის და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვება შეძლო.

პრიშტინას სერბიის მხრიდან აღიარება გაეროს გენერალური ასამბლეის წევრად გახდომისთვის ესაჭიროება. ამასთან, ანალიტიკოსების აზრით, ბელგრადის პოზიცია შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს სერბიის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესშიც.

კოსოვოს პრეზიდენტმა, ფატმირ სეიდიუმ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „სუვერენულ და დამოუკიდებელ ქვეყნად“ ორწლიანი არსებობის შემდეგ, კოსოვოსთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ჩრდილოეთით მდებარე, ძირითადად სერბებით დასახლებული რეგიონების - მათ შორის, ორად გაყოფილი ქალაქის, მიტროვიცის - ინტეგრაცია რჩება.

სეიდიუს თქმით, ინტეგრაციის პროცესი ბელგრადმა გაართულა პარალელური სამთავრობო ინსტიტუტების ამოქმედებით და ჩრდილოეთ კოსოვოს მცხოვრები სერბების შეგულიანებით არ დამორჩილებოდნენ პრიშტინის ძალაუფლებას. კოსოვოს პრეზიდენტის აზრით, კოსოვოს დე ფაქტო დაყოფას საერთაშორისო თანამეგობრობა არ უნდა შეურიგდეს:

„ჩრდილოეთში პრობლემები ათი წლის - ან შეიძლება კიდევ უფრო დიდი ხნის - წინაც არსებობდა, იმიტომ რომ ბელგრადი ყოველთვის ცდილობდა ზიანის მიყენებას კოსოვოსთვის თავისუფლების და საერთაშორისო ინტერვენციის შემდგომ პერიოდში“, - ამბობს კოსოვოს პრეზიდენტი და დასძენს: „მოგეხსენებათ, კოსოვოსთვის ზოგადი საერთაშორისო მხარდაჭერის აღმოჩენის მიუხედავად, სერბიის მიერ ჩრდილოეთში ამოქმედებული პარალელური სტრუქტურები, სამწუხაროდ, არ გაუპროტესტებიათ.“

15 ქვეყნისგან შემდგარ კოსოვოს დამხმარე საბჭოსთან ერთად პრიშტინამ ჩრდილოეთის რეგიონის ინტეგრაციის გეგმა შეიმუშავა, რომელიც კანონის უზენაესობის დამყარებას, სამთავრობო ინსტიტუტების შექმნას, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას ითვალისწინებს.

კოსოვოში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა პიეტერ ფეიტმა, რომელიც გეგმის შედგენაში მონაწილეობდა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ინტეგრაციის პროცესის წარმატებისთვის მასში ბელგრადის ჩართვა აუცილებელი პირობაა.

მაგრამ სერბიის მთავრობა გეგმას ეწინააღმდეგება. კოსოვოსა და მეტოხიის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ოლივერ ივანოვიჩმა რადიო თავისუფლებას ახლახან განუცხადა, რომ ბელგრადი ვერ დაუჭერს მხარს გეგმას, რომლის უკანაც, პიეტერ ფეიტის მონაწილეობის მიუხედავად, ევროკავშირი ოფიციალურად არ დგას. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კოსოვო ევროკავშირის 5 წევრ ქვეყანას არ უღიარებია, ძირითადად ეთნიკურ უმცირესობებთან თავიანთი უთანხმოების გამო - ესენია კვიპროსი, საბერძნეთი, რუმინეთი, სლოვაკია და ესპანეთი.
ანალიტიკოსების აზრით, ჩრდილოეთის ინტეგრაციის პრობლემის გადაწყვეტა განხორციელების გზებზეა დამოკიდებული - მათ შორის, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის ხარისხზე.
ვაშინგტონში განთავსებული სტრატეგიული და საერთაშორისო საკითხების კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსი იანუშ ბუგაისკი, ევროპაში ახალი დემოკრატიების პროექტის დირექტორი, ამბობს:

„როგორც ჩანს, ამ გეგმას - პროცესში მხოლოდ კავშირის ადგილობრივი წარმომადგენლები იყვნენ ჩართული - ევროკავშირი ოფიციალურად არ უჭერს მხარს“, - ამბობს ის და განაგრძობს: „თუკი რაიმე პროექტს მხარს უჭერს, ევროკავშირი ერთიან პოზიციაზე უნდა იყოს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კოსოვო ევროკავშირის 5 წევრ ქვეყანას არ უღიარებია. ამ დამაბნეველ ფაქტორს როგორმე მოხერხებულად უნდა გაუმკლავდნენ.“

ევროკავშირის ეს 5 წევრი ქვეყანა ჰააგაში მდებარე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, რომელიც წელს უნდა გამოცხადდეს. სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად მართებულია ბელგრადის მიერ შეტანილი სარჩელი, რომლის თანახმადაც, კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება უკანონო ნაბიჯი იყო.

ბუგაისკის აზრით, ბელგრადმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კოსოვო ევროკავშირის წევრთა უმრავლესობამ - მათ შორის დიდმა და გავლენიანმა ქვეყნებმა - უკვე აღიარა.

ანალიტიკოსის თქმით, ეს ნათლად მოწმობს, რომ სერბია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ოფიციალურ მიწვევას კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებამდე არ მიიღებს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG