Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პიანისტი მსმენელისთვის" - ალექსანდრ ბრაილოვსკი


ჩვენი საუკუნის დასაწყისში კიევის კონსერვატორიას ერთხელ სერგეი რახმანინოვი ეწვია. ერთ-ერთ კლასში მას თერთმეტი წლის ბიჭუნა წარუდგინეს. "შენ პროფესიული პიანისტის ხელები გაქვს. აბა, დაუკარი რამე", - შესთავაზა რახმანინოვმა, ხოლო როდესაც ბავშვმა დაამთავრა დაკვრა, უთხრა: `დარწმუნებული ვარ, რომ გამოჩენილი პიანისტი გახდებიო~. ის ბიჭუნა ალექსანდრ ბრაილოვსკი იყო და მან სავსებით გაამართლა დიდი კომპოზიტორის წინასწარმეტყველება. ბრაილოვსკის მამამ, კიევის პოდოლზე ნოტების პატარა მაღაზიის მფლობელმა, რომელმაც ალექსანდრს როიალზე დაკვრის პირველი გაკვეთილები ჩაუტარა, სულ მალე იგრძნო, რომ შვილი, მართლაც, საოცრად ნიჭიერია, და 1911 წელს ის ვენაში, სახელგანთქმულ პედაგოგ ლეტეშიცკისთან წაიყვანა. ყმაწვილმა მასთან სამი წელი ისწავლა, ხოლო როგორც კი პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, ოჯახი ნეიტრალურ შვეიცარიაში გადაბარგდა. ალექსანდრის ახალმა მასწავლებელმა, ფერუჩო ბუზონიმ, ახალგაზრდა პიანისტის ნიჭის დახვეწა დაასრულა. ბრაილოვსკიმ დებიუტი პარიზში გამართა და თავისი ვირტუოზობით ისეთი საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ შემოთავაზებებს ბოლო არ უჩანდა. ერთ-ერთი წინადადება ერთობ უჩვეულო იყო: მას თავისთან მუსიკის დიდი თაყვანისმცემელი, მოყვარული მევიოლინე, ბელგიის დედოფალი ელიზაბეტი ეპატიჟებოდა. უნდა ითქვას, რომ შემდგომში ბრაილოვსკი ხშირად მუზიცირებდა დედოფალთან ერთად. სულ რამდენიმე წელი დასჭირდა არტისტს, რომ მთელ ევროპასა და ამერიკაში მოეხვეჭა სახელი. იმავდროულად, ბრაილოვსკი იყო პირველი ევროპელი პიანისტი, რომელმაც სამხრეთ ამერიკა გასტროლებისთვის `აღმოაჩინა~ _ ამდენს იქ მანამდე არავინ უკრავდა. მხოლოდ ბუენოს-აირესში მან ორი თვის განმავლობაში 17 კონცერტი გამართა! არგენტინისა და ბრაზილიის პროვინციულ ქალაქებში მატარებლის სპეციალური რეისები დაწესდა მსმენელების ბრაილოვსკის კონცერტებზე ჩასაყვანად. პიანისტის ტრიუმფალური გამოსვლები, პირველ ყოვლისა, შოპენისა და ლისტის ნაწარმოებებს უკავშირდებოდა. მათდამი სიყვარული მას ჯერ კიდევ ლეშეტიცკიმ ჩაუნერგა და პიანისტმა ეს სიყვარული მთელი ცხოვრება გულით ატარა.

1923 წელს არტისტი თითქმის ერთი წლით საფრანგეთის პატარა სოფელ ანესიში განმარტოვდა, რათა შოპენის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ექვსპროგრამიანი ციკლი მოემზადებინა. მასში 169 ნაწარმოები შევიდა, რომელიც ალექსანდრმა პირველად პარიზში შეასრულა. აღსანიშნავია, რომ კონცერტანტს ამისათვის საგანგებოდ `პლეიელის~ ფირმის ის როიალი შესთავაზეს, რომელზეც ბოლოს თვით ლისტი უკრავდა. `შოპენის მუსიკა მას სისხლში აქვს~, _ წერდა ბრაილოვსკის ამერიკული დებიუტის შემდეგ `ნიუ-იორკ თაიმსი~. ლონდონის ერთ-ერთმა გაზეთმა ბრაილოვსკის `ჩვენი დროის ლისტი~ უწოდა. იმავდროულად, უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი კრიტიკოსი სკეპტიკურად იყო განწყობილი მისი შემოქმედების მიმართ. “ბრაილოვსკი არ არის პიანისტებს შორის უდიდესი და მუსიკოსებს შორის უძლიერესი, მაგრამ ის არის პიანისტი მსმენელისათვის”, _ წერდა თავის წიგნში `საუბრები პიანისტებზე~ ჩესინსი. 1961 წელს, როდესაც ჭაღარაშერთული პიანისტი საბჭოთა კავშირში გასტროლებს მართავდა, მოსკოვისა და ლენინგრადის მსმენელი თავად დარწმუნდა ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში - მას მიეცა `ბრაილოვსკის გამოცანის~ გამოცნობის შესაძლებლობა.

დაბოლოს, როგორ შეიძლება ზოგადად დავახასიათოთ “ბრაილოვსკის ფენომენი” პიანიზმის ხელოვნებაში? შესრულების სალონური სტილის და საეჭვო მხატვრული გემოვნების მიუხედავად, ბრწყინვალე ტექნიკა, ელეგანტური და დახვეწილი ფრაზა, სიცოცხლით სავსე ტემპერამენტი, რიტმული `ყოყლოჩინობა~, შესრულების მიმზიდველი სილაღე, სიცოცხლე და ენერგია და, რაც მთავარია, უნარი, ისე `მიართვა~ პუბლიკას ის, რაც მაინცდამაინც არც კი `გამოგდის~, რომ მისი აღფრთოვანება გამოიწვიო.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG