Accessibility links

logo-print

ქუთაისში ისტორიული უბნის აღდგენის მეორე ეტაპის დაწყება შეფერხდა


რეკონსტრუირებული ქუჩა ქუთაისში

რეკონსტრუირებული ქუჩა ქუთაისში

ქუთაისის ისტორიული უბნის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის დაწყება გადაიდო, რადგან შესაბამისი დაფინანსება არ არსებობს. ქალაქის ადგილობრივ ბიუჯეტს საკმარისი თანხა არ გააჩნია, ცენტრალური ბიუჯეტიდან კი რეაბილიტაციის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი დაფინანსება ამოიღეს. ამ თემაზე კომენტარს ქუთაისის მერიაში თავს არიდებენ.

ქალაქის ისტორიული უბნის აღდგენის მეორე ეტაპი 63 შენობის ფასადის შეკეთებას და რუსთაველის ხიდიდან აღმაშენებლის მოედნამდე არსებული ტერიტორიის და თამარ მეფისა და პუშკინის ქუჩების კეთილმოწყობას ითვალისწინებდა.

ქუთაისის ისტორიული უბნის რეაბილიტაცია ორი წლის წინ დაიწყო და რამდენიმე თვეში დასრულდა. ექვს ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა და 35-მდე შენობის ფასადი მოპირკეთდა. ხელისუფლება აცხადებდა, რომ განახლებული უბანი ბიზნესისთვის საუკეთესო გარემო გახდებოდა, მაგრამ ეს იმედი ჯერჯერობით არ გამართლდა. ქალაქის ეს ნაწილი ბიზნეს-ცენტრად დღემდე ვერ იქცა. ”ახალი ჯერ არაფერია, მხოლოდ ერთი კაფე გაიხსნა”, - უთხრა რადიო თავისუფლებას რეაბილიტირებულ უბანში მცხოვრებმა მოქალაქემ. ქალაქის ამავე ნაწილში მცხოვრები სხვა ადამიანები ჰყვებიან, რომ უცხოელ ტურისტებს საკმაოდ იშვიათად ხედავენ და, შესაბამისად, რეაბილიტირებული უბანი ჯერჯერობით ვერც ტურისტულ ცენტრად იქცა. მოქალაქეთა კიდევ ერთი ნაწილი იმაზე მიუთითებს, რომ ქალაქის აღდგენილ ნაწილში ქვაფენილის ნაწილი უკვე აიყარა, ფასადები კი დაზიანდა. ”იდეა გადასარევი იყო, შესრულება - უხარისხო”, - ამბობს ამ უბნის ერთ-ერთი მცხოვრები.

იმას, რომ ქუთაისის რეაბილიტირებული უბანი ბიზნეს და ტურისტულ ცენტრად ჯერჯერობით ვერ იქცა, ეკონომისტი კახა გვანცელაძე ორი მიზეზით ხსნის. ”პირველი გლობალური მიზეზია და აგვისტოს ომს და მსოფლიო ფინანსურ კრიზისს უკავშირდება”; მეორე მიზეზი კი, მისივე შეფასებით, ის არის, რომ ქუთაისს მარკეტინგული სტრატეგია არ გააჩნია. ეკონომისტი ადგილობრივ ხელისუფლებას ქალაქის განვითარების გეგმის შემუშავებას ურჩევს.
XS
SM
MD
LG