Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოკოითი შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობით უკმაყოფილოა


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობით უკმაყოფილოა. ძალოვანი უწყებების მინისტრებთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ მისი მოთხოვნა, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა გააქტიურებულიყო, ყურად არავინ იღო. ამიტომ კოკოითიმ ახლა უკვე ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარება მოითხოვა შინაგან საქმეთა ორგანოებში. ძალოვან უწყებათა ხელმძღვანელებს მან კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ არავინ დაინდონ და საკადრო წმენდა, პირველ რიგში, საკუთარ სამსახურებში დაიწყონ.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში კოკოითიმ დე ფაქტო რესპუბლიკაში ნარკომანიის შემაშფოთებელი მასშტაბების შესახებ არაერთი განცხადება გააკეთა, მაგრამ საქმე წინ არ წასულა. მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ახალგაზრდების დიდი ნაწილი ნარკოტიკების მომხმარებელი გახდა და, შესაბამისად, გამრავლდნენ ნარკორეალიზატორებიც, რომლებიც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, გარკვეული ანაზღაურებით, ეგრეთ წოდებულ „სახურავად“ იყენებენ და მათთან ერთად დანაშაულებრივ დაჯგუფებებს ქმნიან. კოკოითის ბრძანებით, ნარკომანიასთან ბრძოლის საქმეში დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახური ჩაერთო, რომელსაც, ნარკორეალიზატორების გარდა, მათთან კავშირში მყოფი მილიციელებიც უნდა გამოევლინა, მაგრამ ჯერჯერობით არც ერთი ასეთი ფაქტი გამოვლენილი არ არის.

გარდა ამისა, ედუარდ კოკოითიმ დე ფაქტო რესპუბლიკაში ნარკოტიკების შეტანა რუსული სამშენებლო კომპანიების თანამშრომლებს დასდო ბრალად.

მისი თქმით, რესპუბლიკაში ნარკოტიკების გარკვეული რაოდენობა იმ რუსული ორგანიზაციების თანამშრომლებს შეაქვთ, რომლებიც რეგიონში აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ. დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერი ყველა ორგანიზაციას, რომლის თანამშრომლებიც სამხრეთ ოსეთში ნარკოტიკების რეალიზაციაში იქნებიან შემჩნეულნი, რესპუბლიკიდან გაძევებით და კონტრაქტების გაუქმებით ემუქრება.

გაეროს ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელის მალხაზ მინდიაშვილის განცხადებით, ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის პრობლემა დე ფაქტო რესპუბლიკაში ახალი არ არის და ომამდეც არსებობდა - ბოლო წლების განმავლობაში ცხინვალი ნარკოტრანზიტის დერეფნად იქცა. ადგილზე მისი მასშტაბების ზრდა კი, პირველ რიგში, უმუშევრობას უკავშირდება.

აგვისტოს ომამდე ქართული და ოსური კრიმინალური დაჯგუფებები აქტიურად თანამშრომლობდნენ. ცხინვალის გავლით ნარკოტიკული საშუალებები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ხვდებოდა. გორის რაიონში ყველამ იცოდა, რომ ერგნეთის ბაზრობაზე და კოკოითის მიერ კონტროლირებულ სოფელ არცევში ნარკოტიკების შოვნა პრობლემას არ წარმოადგენდა. ამ სოფელში ქართველი ნარკომანები წამლის სანაცვლოდ ხშირად მანქანებს ტოვებდნენ, მანქანების დიდი ნაწილი კი გატაცებული იყო. ომის შემდეგ ცხინვალთან მისასვლელი გზები და, შესაბამისად, ნარკოტიკული მარშრუტებიც ჩაიკეტა. ამიტომ ჩრდილო კავკასიიდან დე ფაქტო რესპუბლიკაში შესული ნარკოტიკი, ძირითადად, ადგილზე რჩება და დაბალი ფასის გამო იგი ბევრისთვის ხელმისაწვდომია.

კოკოითის ბრძანება ანტინარკოტიკული კამპანიის დაწყების თაობაზე არ შესრულდა. ცხინვალში ვარაუდობენ, რომ ეს შინაგან საქმეთა მინისტრ ვალერი ვალიევს თანამდებობის დაკარგვის ფასად დაუჯდება. ნარკომანებისა და ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლაში უშიშროების სამსახურის ჩართვა კი ბევრს ეჭვს უჩენს, რომ კოკოითი ამ კამპანიის საფარქვეშ განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების მქონე პირების დევნასაც დაიწყებს.
XS
SM
MD
LG