Accessibility links

რუსები აფხაზეთში უძრავ ქონებას გამარტივებული გზით შეიძენენ


18 თებერვალს გაზეთი ”კომერსანტი”, აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრის კრისტინა ოზგანის განცხადებაზე დაყრდნობით, ავრცელებს ცნობას, რომ უახლოეს თვეებში უძრავი ქონების შესახებ კანონში შევა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოქალაქეებს შეეძლებათ აფხაზეთში ქონების შეძენა იმავე პირობებით, რომლითაც აქამდე მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეები სარგებლობდნენ. დღემდე აფხაზეთში უძრავი ქონების ყიდვის მოსურნე რუსებს მხოლოდ ადგილობრივ აფხაზებზე ქონების გადაფორმების გზით შეეძლოთ მიწის ან სახლის ყიდვა, რასაც თან სდევდა არაერთი საყოფაცხოვრებო დავა. ამ პრობლემის გადაჭრა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მკაცრი განცხადების შემდეგ გადაწყვიტა.

აფხაზეთში უძრავი ქონების გაყიდვასთან დაკავშირებულ პრობლემებს ცოტა ხნის წინ რუსეთში გამომავალი გაზეთი ”მოსკოვსკი კომსომოლეციც” გამოეხმაურა. გაზეთი წერდა, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საიდუმლო საპროტესტო ნოტაც კი გაუგზავნა აფხაზეთის მთავრობას , რომელშიც რუსეთის მოქალაქეთა უფლებების დაცვას ითხოვდა. საჩივრის ავტორები აღნიშნავდნენ, რომ უძრავი ქონების სფეროში სრული განუკითხაობა იყო და ისინი ქონებას კარგავდნენ. ამ განცხადებებს მალევე მოჰყვა აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილება საკანონმდებლო ცვლილების შესახებ.

რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ საუბარში კი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი ამბობს, რომ მოსკოვი არ ცდილობს სიტუაციის დრამატიზებას.

თბილისისთვის აფხაზეთის მთავრობის მიერ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილება მოულოდნელი არ ყოფილა. ექსპერტთა კლუბის წარმომადგენელი გოჩა გვარამია ფიქრობს, რომ აფხაზები, რუსების მითითებით, ისეთ ცვლილებას არ შეიტანენ კანონში, რომლითაც ყველას შეეძლება ადგილზე ქონების შეძენა:

”მაშინ ქართველებსაც შეეძლებათ, ხო, ყიდვა. ამიტომ უფრო მოსალოდნელია ისეთი კანონის მიღება, რომლითაც რუსეთის მოქალაქეებს იქ ქონების ყიდვის უფლება ექნებათ. აქამდე უძრავი ქონების მესაკუთრე აუცილებლად აფხაზეთის მოქალაქე უნდა ყოფილიყო. იშვიათად, მაგრამ მაინც, რუსები აფხაზეთის მოქალაქეობასაც ყიდულობდნენ ამისათვის.”

კობა სუბელიანი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
გვარამია იქვე შენიშნავს, რომ ნებისმიერი სამართლებრივი აქტი აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შემდეგ გაბათილდება და კანონის ძალას დაკარგავს. ამასვე ამბობს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და თავის მოსაზრებას ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით და საერთაშორისო საზაგადოების პოზიციით ამყარებს, კერძოდ, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიის შემადგენელი ნაწილია. სუბელიანი ამბობს, რომ აფხაზეთში გაჩაღებულ ყოდვა- გაყიდვას არანაირი აზრი არა აქვს და მხოლოდ ილუზიაა, რომ აფხაზეთი მუდმივად ოკუპირებული იქნება:

”ეს პროცესი საერთაშორისო სამართალს მიღმაა და, შესაბამისად, არავითარი აზრი არა აქვს. და ეს ყიდვა-გაყიდვაც ჰაერის ყიდვა-გაყიდვას უდრის. როგორც კი ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, ეს დოკუმენტები ანულირდება, დაკარგავს აზრს, რადგან ეს არის საქართველოს ტერიტორია, სადაც არის სახელმწიფო და კერძო საკუთრება.”

აფხაზეთში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პარალელურად, თბილისში გრძელდება პროგრამა ”ჩემი სახლი”, რომელიც დევნილებს საკუთრების დამადასტურებელ ცნობას აძლევს. უკვე 60 000-მდე გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც ამ პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე დატოვებული სახლის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი აიღო. სუბელიანის განცხადებით, აღსანიშნავი ამ ამბავში ის ფაქტია, რომ ბოლო დროს აფხაზებს სულ უფრო მეტად ეშინიათ არათუ ქონების, არამედ თვითმყოფადობის დაკარგვის.

რეზო ბენდელიანი, ხელმძღვანელი კავშირისა „ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახები“, ამბობს, რომ აფხაზეთში საუკეთესო მიწები დიდი ხნის გაყიდულია. ის ადასტურებს, რომ ბოლო დრომდე კერძო სახლებს რუსები ყიდულობდნენ და აფხაზებზე აფორმებდნენ: ” მაგრამ ამ ბოლო დროს სიტუაცია შეიცვალა, ფასები გაიზარდა აფხაზეთში, აფხაზები ხვდებიან, რომ ყველაფერს კარგავენ და მათი პროტესტიც გაიზარდა...”

ხშირად დავის საგანია ქართველების კუთვნილი სახლებიც, რომლებიც არაერთხელ გაიყიდა. რადიო თავისუფლების პროგრამა ”ეხო კავკაზას” წამყვანმა გადაცემის მუდმივ კომენტატორს სოხუმიდან, გაზეთ ”ჩიგემსკაია პრავდას” მთავარ რედაქტორს ინალ ხაშიგს ჰკითხა, არის თუ არა ადამიანებში იმის განცდა, რომ მათ სხვისი საკუთრება მიითვისეს, რომ ეს სხვისი ქონებაა. პასუხად ხაშიგი ამბობს, რომ ამ თემის წამოწევას ადგილობრივები მეტად ერიდებიან:

”ქართველების ქონების საკითხი დიდი ხნის დახურულია. ომის შემდეგ ბევრმა დაკარგა საცხოვრებელი და სხვისი საკუთრება ჯერ კიდევ მაშინ განაწილდა. ომის დამთავრებიდან პირველ წელსვე მთელი ეს ქონება სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა და დიდხანს ასე რჩებოდა. იქ ხალხი ცხოვრობდა. თუმცა რამდენიმე წლის წინ მათ პრივატიზაციის უფლება მისცეს და დღეს ის იმ ხალხის პირადი საკუთრებაა, ვინც იქ ცხოვრობს.”

„რია ნოვოსტის“ ცნობით, 2009 წელს, აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის თვალსაზრისით, მონოპოლიას რუსები ფლობდნენ, რაც პროცენტულად 70%-ით გამოიხატება. დაინტერესებულ მყიდველებს შორის არიან თურქები - 10%, უკრაინელები - 2%. ყველაზე პოპულარულ ადგილად კი სოხუმი და მისი მიმდებარე ტერიტორია რჩება.
XS
SM
MD
LG