Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სასამართლო უხალისოდ უბრუნდება ნიკოლოზ მეორის მკვლელობის გამოძიებას


რუსეთის სასამართლო კვლავ მიუბრუნდა რუსეთის უკანასკნელი იმერატორის ნიკოლოზ მეორისა და მისი ოჯახის წევრთა მკვლელობის გარემოებათა გამოძიებას. სასამართლო სარჩელი, რომ ნათელი მოეფინოს 1918 წელს ჩადენილ ტრაგედიას, დიდ თავადს მარია ვლადიმიროვნას ეკუთვნის. თუმცა რუსეთის პროკურატურამ რომანოვების მკვლელობის გამოძიება შეწყვიტა იმ მიზეზით, რომ ბოლშევიკების მიერ ჩადენილი დანაშაულის შემდეგ, მათი თქმით, საკმაოდ დიდ დრო გავიდა. სხვათა შორის, დროის ფაქტორს არამხოლოდ პროკურორები აქცევენ ყურადღებას.

56 წლის მარია ვლადიმიროვნა, რომელიც საკუთარ თავს რომანოვების საგვარეულო დინასტიის ხელმძღვანელად მიიჩნევს, დარწმუნებულია, რომ რუსეთის უკანასკნელი მეფისა და მისი ოჯახის წევრთა მკვლელობის ხელახალი გამოძიება აუცილებელია ისტორიული სამართლიანობის დასადგენად. სამართლებრივი დავის მთავარი საკითხი, ნიკოლოზ მეორის და მის ოჯახი დახოცვა პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო თუ ჩვეულებრივი კრიმინალური აქტი, 90 წელია ორ ნაწილად ყოფს რუსეთის საზოგადოებრივ აზრს. ორი თვის წინანდელი გადაწყვეტილებით გენერალურმა პროკურატურამ თავისი მიკერძოებულობა გაამჟღავნაო, - ამბობს ალექსანდრ ზაკატოვი, მოსკოვში არსებული ეგრეთ წოდებული რუსეთის საიმპერატორო სახლის კანცელარიის ოფიციალური წარმომადგენელი:

„სისხლის სამართლის საქმის დახურვის გადაწყვეტილებით, გენერალური პროკურატურა აგრძელებს იმის დამტკიცებას, რომ მეფის ოჯახის წევრები იქცნენ მსხვერპლად სისხლის სამართლის დანაშაულისა.“

რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ მეორე, მისი ცოლი და ხუთი შვილი 1918 წლის ივლისში ბოლშევიკების დამსჯელმა ჯგუფმა დახვრიტა, მათი ცხედრები კი დაწვეს. საბჭოთა პერიოდში რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ოჯახი „ხალხის მტრად ითვლებოდა,“ - განსაკუთრებით სასაცილოდ იყო აგდებული ნიკოლოზ მეორე, როგორც სუსტი და არაეფექტური ლიდერი.

დახვრეტილი რომანოვების ოჯახის წევრთა ნარჩენები ურალის ქალაქ ეკატერინბურგში 1991 წელს აღმოაჩინეს, მკვლელობის გამოძიება კი 1993 წელს დაიწყო, თუმცა უხმაუროდ დასრულდა 1997 წელს. სამაგიეროდ, ერთი წლის შემდეგ სამეფო ოჯახის წევრთა ნეშტი სანკტ-პეტერბურგის წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძარში დიდი პატივითა და ზარ-ზეიმით მიაბარეს მიწას. რომანოვების სიკვდილის გარემოებების გამოძიება 2007 წელს განახლდა - მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა კიდევ ორი ნეშტი, რომელიც, წინასწარი მოკვლევით, ნიკოლოზ მეორის ორი ბავშვისა უნდა იყოს.

2008 წელს, რომანოვების საიმპერატორო სახლის მოთხოვნით, რუსეთის სასამართლომ ნიკოლოზ მეორის, მისი მეუღლის მარია ფიოდოროვნასა და მათი ხუთი შვილის რეაბილიტაცია მოახდინა. როგორც რომანოვების სახლის ოფიციალური წარმომადგენელი ალექსანდრ ზაკატოვი ამბობს, დიდი თავადის ქალი მარია ვლადიმიროვნა მოითხოვს, რეაბილიტაცია შეეხოთ რომანოვების დინასტიის კიდევ სხვა წარმომადგენლებს, მათ შორის, ნიკოლოზ მეორის ძმას მიხეილ ალექსანდროვიჩ რომანოვს, რომელიც ბოლშევიკებმა ქალაქ პერმში 1918 წელს დახვრიტეს:

„არსებობს კანონი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა შესახებ, რომელიც ამბობს , რომ პოლიტიკური რეპრესიების ყველ მსხვერპლი უნდა იყოს რეაბილიტირებული, იმისდა მიუხედავად, საქმე ეხება იმპერატორს, გლეხსა თუ მუშას. ტოტალიტარულმა რეჟიმმა მილიონობით ადამიანი გაანადგურა, რომლებიც რეაბილიტირებულნი უნდა იყვნენ. ტერორი არ არის დასრულებული, ვიდრე არ იქნება რეაბილიტირებული მისი უკანასკნელი მსხვერპლი.“

თუმცა ასეთ მიდგომას არ იზიარებს რომანოვების დინასტიის ათობით წარმომადგენელი, რომლებიც შეერთებულ შტატებსა და ევროპაში მოღვაწეობენ. მათი უმრავლესობა ეწინააღმდეგება მარია ვლადიმიროვნას ძალისხმევას რეაბილიტაციასთან დაკავშირებით და რომანოვების ოჯახის უფროსად აღიარებენ 87 წლის ნიკოლოზ რომანოვს, რომელიც ამჟამად შვეიცარიაში ცხოვრობს. ნიკოლოზ რომანოვის თქმით, ბოლშევიკების დროს დახოცილი რომანოვების რეაბილიტაციას არავითარი აზრი არა აქვს:

„ რისგან უნდა მოხდეს მათი რეაბილიტაცია? მათ ყველას სიკვდილი მიუსაჯეს სასამართლოს გარეშე. მეფეც, იმპერატრიცაც და მათ შვილებიც მხეცურად დახოცეს. მე არ მესმის მათი რეაბილიტაციის აზრი. ეს დროის ფუჭი კარგვაა. ყველამ იცის, რაც მოხდა, მაგრამ ეს აღარ ახდენს გავლენას დღევანდელ ცხოვრებაზე. ადამიანებს უნდათ მშვიდობიანად იცხოვრონ, ჰქონდეთ სამუშაო და იცოდნენ, თუ რას უმზადებს მომავალი მათ და მათ შვილებს: ეს არის ის, რაც დღეს რუსებს აინტერესებთ.“

ლევადას ცენტრის სოციოლოგი ბორის დუბინი ამბობს, რომ ნიკოლოზ მეორისა და მისი ოჯახის რეაბილიტაციაზე უფრო მნიშვნელოვანი მკვლელობის საქმის გამოძიებაა, რაც აუცილებლად გამოიწვევს „ზნეობრივი კოორდინაციის“ შეცვლას და საზოგადოების „დეკომუნიზაციას“, ისევე როგორც ეს გერმანიაში ნაციზმის მემკვიდრეობაზე უარის თქმით მოხდა. ზუბოვი აშკარად ხედავს ლოგიკას იმაში, თუ რატომ არ სურს დღევანდელი რუსეთის გენერალურ პროკურატურას ნიკოლოზ მეორისა და მისი ოჯახის საქმის გამოძიება:

„აქ, რუსეთში, დარჩა ძველი კომუნისტური ელიტა ანდა კომუნისტური პერიოდის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელთა შვილები. ამიტომაც დგას ჩვენთან ყველა ქალაქში ლენინის ძეგლი. ამიტომაც არ სურს გენერალურ პროკურატურას გამოიძიოს მეფის ოჯახის წევრთა მკვლელობის და, საერთოდ, წითელი ტერორის პრობლემა. რადგან ეს ნიშნავს, რომ დაადანაშაულო და გაასამართლო საკუთარი მამები.“

და კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ ყოფილი კომუნისტური ელიტის შვილები ცდილობენ საერთო ენა გამონახონ მოკლული იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის, შთამომავლებთან. თვითაღიარებული რომანოვების სახლის მემკვიდრის, მარია ვლადიმიროვნა რომანოვას, 28 წლის შვილი გიორგი მიხაილოვიჩი, რომელიც „ცარევიჩის“ ტიტულს ატარებს, რუსეთის მეტალურგიის გიგანტში, „ნორილსკ ნიკელში“, მუშაობს, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი. იმპერატორის სახლმა კი გასულ წელს მიიღო სპეციალური სტატუსი, რაც მას უფლებას აძლევს დიდი როლი შეასრულოს რუსეთის საქმეებში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთში სრულად აღდგება რომანოვების დინასტია. ბოლო გამოკითხვებით, მონარქიის დაბრუნებას რუსეთში მხარს მხოლოდ ოთხი პროცენტი უჭერს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG