Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 18 თებერვალი 2010


”არჩევნები - ყვავილი, რომელიც გაზაფხულზე ხარობს!” - ამ სათაურით სტატიას ”საქართველოს რესპუბლიკა” აქვეყნებს. ავტორი წერს: ”ყოველ გაზაფხულზე ხომ არჩევნები გამოწერილივით გვაქვს, როგორც ახალი ყვავილი, და ვითომ 2010 წელი გამონაკლისი რატომ უნდა ყოფილიყო? ჰოდა, მზიან ამინდებს, სითბოს, სინათლეს და, საერთოდ, გაზაფხულის თანამდევ უამრავ სიკეთესთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის და, განსაკუთრებით, თბილისის მერის არჩევნებს ველოდებით” - ასე იწყება სტატია, რომელშიც ”საქართველოს რესპუბლიკა” მკითხველს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ცესკოსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელების შეხვედრაზე მოუთხრობს.

”24 საათი”: ”მოულოდნელი არითმეტიკა ოპოზიციაში. ყველას მინუს ნოღაიდელი უდრის ”ალიანსელების” შიდა დაპირისპირებას?” – ”საინტერესოა, რომ ეს ფორმულა, სხვებთან ერთად, თავად ინიციატორთა ”თანაალიანსელი” პარტნიიორებისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა”, რის საბუთადაც ავტორს ალასანიას თანაპარტიელის, ზურაბ აბაშიძის, გუშინდელი კომენტარი მოჰყავს, რომ ”ყველა ოპოზიციურ პარტიასთან გაგრძელდება თანამშრომლობა და კონსულტაციები იმის შესახებ, თუ როგორ მოხდეს ამ ქვეყანაში ცვლილებები”.

”რა ექსკლუზიური ინფორმაცია მიაწოდა ”ალიას” სოზარ სუბარმა და ”ალიანსის” რა შიდა კულუარებს უმხელს ”ალიას” დავით გამყრელიძე?!” - გაზეთი ”ალიანსის” ორ თანათავმჯდომარესთან ინტერვიუს აქვეყნებს. ”ალიას” შეკითხვაზე - რამდენად რეალურია, რომ აუცილებლობის შემთხვევაში მოხსნის ალასანია ლევან გაჩეჩილაძის სასარგებლოდ კანდიდატურას, სუბარი პასუხობს: ”ეს რეალურია. არსებობს ასეთი გადაწყვეტილება. არაერთხელ მითქვამს, თუკი ერთობისთვის საჭიროა ჩემი კანდიდატურის მოხსნა, სიამოვნებით გავაკეთებ ამას, ოღონდ ეს ერთობა უნდა იყოს მისაღები”, - ამბობს სუბარი და იმავე ინტერვიუში დასძენს, რომ თუ ერთობისთვის საჭირო იქნება, ალიანსს შეუძლია ”ნებისმიერ კონფიგურაციაზე” ისაუბროს, ”ოღონდ რუსული პოლიტიკის გამტარებელ პარტიას არ დაველაპარაკებით”, - აცხადებს სუბარი. დავით გამყრელიძესთან საუბრისას კი ”ალიას” კორესპონდენტი იმის გარკვევას ცდილობს, ხომ არ დაპირისპირებიან გამყრელიძე და ალასანია ერთმანეთს ალასანიას მიერ გაჩეჩილაძის სასარგებლოდ მერის არჩევნებზე კანდიდატურის მოხსნის იდეის გამო. გამყრელიძის პასუხი: ”აზრთა სხვადასხვაობა შესაძლოა იყოს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ უკვე საკმაო გამოცდილება დაგვიგროვდა, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ ერთიან სტრატეგიასთან დაკავშირებით. ამიტომაც, მინდა გითხრათ, რომ ოპოზიციისთვის ერთიანობის შენარჩუნება, გარდა ერთი სუბიექტისა, იყო ”ალიანსის” ყველა პარტიის გადაწყვეტილება.“

”ახალი თაობის” ავტორი სათაურში სვამს კითხვას-”გამყრელიძე ოპოზიციურ გარიგებას ჩაშლის?”. ავტორი წერს: ”პოლიტიკურ კულუარებში საუბრობენ იმაზეც, რომ ”ახალი მემარჯვენეები” არ დათანხმდებიან იმას, რომ ირაკლი ალასანიამ კანდიდატურა მოხსნას. ეს ფაქტი მაინცდამაინც არც რესპუბლიკელებს ახარებს, თუმცა ისინი ამ ეტაპზე, ალბათ, დუმილს ამჯობინებენ”, - წერს ”ახალი თაობა”.

”ყველა სიახლის” პირველ გვერდზე - ”ალასანია, თუ გაჩეჩილაძე?” - ავტორი წერს: ”ზოგიერთი ექსპერტის აზრით, არ არის გამორიცხული, ალასანიამ მერის არჩევნებში თავისი კანდიდატურა მოხსნას და მხარი ერთობლივ კანდიდატს - ლევან გაჩეჩილაძეს - დაუჭიროს”, - წერს ”ყველა სიახლის” ავტორი. ამავე გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ლევან ბერძენიშვილი ამბობს: ”რუსეთთან თამაში სახიფათოა, მით უფრო, ისეთი კაცისგან, რომელსაც საქართველოში არა აქვს დასაყრდენი, ყოველ შემთხვევაში - ჯერჯერობით. აშკარაა, ვინც ნოღაიდელთან მიდის, საეჭვო გზას ადგება...” - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

”ჯორჯიან ტაიმსში” წაიკითხავთ, რომ გაზეთის ”კომპეტენტური წყაროს ინფორმაციით, თემურ ალასანია ორჯერ შეხვდა რუს მაღალჩინოსნებს ერთადერთი მოტივით: მათ სთხოვა, რომ სააკაშვილისთვის თავი დაენებებინათ 2013 წლამდე, თავისი საპრეზიდენტო ვადა დაესრულებინა და შემდგომ იგი ყველა დათმობაზე წავიდოდა”.

”სააკაშვილმა ბიზნესს ლუქი ვერ აარიდა. როცა პრეზიდენტი მეწარმეებს აიმედებდა, ფინანსთა სამინისტრო მათი დატერორების მეთოდებს ამკაცრებდა” - ეს არის ”რეზონანსის” სტატიის სათაური და ქვესათაური, რომელშიც ავტორი წერს, რომ საწარმოების დალუქვის სერია გრძელდება. ”მართალია, ეკონომიკური კრიზისის ფონზე ბიზნესს ყოველდღიურად ჰპირდებიან მაკონტროლებელი მარწუხებისგან გათავისუფლებას, მაგრამ რეალურად კიდევ მეტი სიმკაცრით ამწყვდევენ კედელთან”, - წერს ”რეზონანსი”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG