Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დომინოს პრინციპი: ნოღაიდელის ხელმოწერიდან ალასანიას დილემამდე


გუშინ ბლოგზე სულ მარტივი ცდა ჩავატარე: ირაკლი ალასანიას ახსნა–განმარტებითი კომენტარის შემდეგ – რომელსაც წინა საღამოდან ველოდით – ვიკითხე: თუ ვინმემ გაიგეთ, რა თქვა ამ ადამიანმა, იქნებ მეც ამიხსნათ-მეთქი. ზოგი მაშინვე მიხვდა, რომ ვერ გაიგო, რა თქვა „ალიანსის“ ლიდერმა; ზოგს კი მოეჩვენა, რომ მან ყველაფერი მკაფიოდ და გასაგებად ახსნა და საკითხავი აღარაფერი დარჩა. აი, მაშინ გადავწყვიტე, რომ სხვა თემები გვერდზე გადამედო და ოპოზიციის აბურდული გორგალი, როგორც შევძლებდი, ისე დამელაგებინა.

უკვე კარგა ხანია, გაირკვა, რომ ოპოზიციურ სპექტრში, სულ მცირე, სამი ჯგუფი არსებობს (ეს ბლოგზეც ახსნა კაპიტანმა):

1. პარტიები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პრაიმერის გარეშე მონაწილეობენ.
2. პარტიები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ პრაიმერის გავლით.
3. ბოიკოტისტები, რომლებიც არჩევნებში არ მონაწილეობენ.

ეს სამი ჯგუფი ჯერ კიდევ გასულ კვირაში ერთმანეთისგან მკაფიოდ იყო გამიჯნული, რაც ნიშნავდა, რომ თბილისის მერის პოსტისთვის აუცილებლად იბრძოლებდა რამდენიმე ოპოზიციური კანდიდატი. მათ შორის, განსაკუთრებით საინტერესო იქნებოდა, ერთი მხრივ, „ალიანსის“ ლიდერის – ირაკლი ალასანიას – და, მეორე მხრივ, პრაიმერიში გამარჯვებული ლიდერის ურთიერთობა. ეს კანდიდატები, როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, დაინტერესებულნი უნდა ყოფილიყვნენ თანამშრომლობით და ერთმანეთისთვის ხმების არგაყოფით. თუმცა, პრაიმერის მომხრე პარტიებსა და „ალიანსს“ შორის მოლაპარაკება ყველა ეტაპზე მარცხით დასრულდა: ალასანია თავისი გუნდის ლიდერად დარჩა, პრაიმერისტებმა კი საკუთარი ლიდერის გამოსავლენად დაიწყეს მზადება.

სწორედ ამ მომენტში მოულოდნელად გააქტიურდა ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც „ალიანსსა“ და პრაიმერისტებს შორის ჩადგა ლოზუნგით: „გავერთიანდეთ და არჩევნებზე ერთი კანდიდატით გავიდეთ!“. ორშაბათს ირაკლი ალასანია და ლევან გაჩეჩილაძე კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში შეხვდნენ საზოგადოების ნაწილს და დაუდასტურეს, რომ ერთიანი კანდიდატის გარეშე არჩევნების მოგება შეუძლებელია.

ვინ უნდა იყოს ის ერთი კანდიდატი, რომელსაც მხარს მთელი არასაპარლამენტო ოპოზიცია დაუჭერს? ორშაბათის შეხვედრის მონაწილეების ხედვით, ეს კანდიდატი იქნება ირაკლი ალასანია, რომელიც წარმატებით გაივლის პრაიმერის და ყველას მხარდაჭერას მოიპოვებს.

როდესაც თითქოს ყველაფერი დალაგდა, სინამდვილეში, სწორედ მაშინ აირია საგულდაგულოდ. აღმოჩნდა, რომ „ალიანსის“ თანათავმჯდომარეები – დავით გამყრელიძე და დავით უსუფაშვილი – სულაც არ აპირებენ, პრაიმერიში შეჰყვნენ ირაკლი ალასანიას. მათ გამოაცხადეს, რომ ვერ ექნებათ საერთო მიზნები იმ ჯგუფთან, რომელიც თავის თანამოაზრედ ზურაბ ნოღაიდელს აცხადებს. გაჩნდა ახალი პოლიტიკური ფორმულა: „ყველა, მინუს ერთი“ – რომელიც „მინუს ერთში“ სწორედ ზურაბ ნოღაიდელს გულისხმობს.

შემდეგი ნაბიჯი პრაიმერისტებმა გადადგეს: მათ ასევე მტკიცედ თქვეს, რომ ნოღაიდელს არ შეელევიან.

ირაკლი ალასანია სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა: იმისათვის, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი ჰყავდეს და ეს კანდიდატი თავად იყოს, მან უნდა დაარწმუნოს საკუთარი გუნდის ლიდერები, რომ თვალი დახუჭონ ნოღაიდელის ფაქტორზე; ან უნდა დაარწმუნოს პრაიმერისტები, რომ უარი თქვან ნოღაიდელზე. დღეს ერთიც და მეორეც არარეალურია.

სამაგიეროდ, საკმაოდ რეალურად გამოიყურება მოვლენების შემდეგნაირი გაგრძელება: ირაკლი ალასანია რჩება „ალიანსის“ კანდიდატად; პრაიმერისტებს უერთდება ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც იგებს წინასწარ არჩევნებს; 2010 წლის 30 მაისს კი, მთავარ ბრძოლაში, ერთმანეთს ეჯახება არასაპარლამენტო ოპოზიციის ორი რეიტინგული ლიდერი: ირაკლი ალასანია და ლევან გაჩეჩილაძე. არჩევნებს იგებს გიგი უგულავა.

მაგრამ თუ ეს ორი ფიგურა – ალასანია და გაჩეჩილაძე – ერთმანეთთან ახლავე მოილაპარაკებს, მათ შეუძლიათ, მოგებისთვის შეთანხმებულად იბრძოლონ და, გამარჯვების შემთხვევაში, მერის და საკრებულოს თავმჯდომარის პოსტები გაინაწილონ. მით უმეტეს, რომ სოზარ სუბარი ყველა ეტაპზე მზად იყო, ერთობის ფასად, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი სხვისთვის დაეთმო.

მაგრამ ირაკლი ალასანია და ლევან გაჩეჩილაძე ასე ადვილად ვეღარ მოილაპარაკებენ, რადგან მათ პოლიტიკურ თანამოაზრეებს სერიოზული პრეტენზიები აქვთ ერთმანეთთან: ალასანიას გვერდით მდგომებს კატეგორიულად არ უნდათ ნოღაიდელი; ლევან გაჩეჩილაძის გვერდით მდგომებს კი კატეგორიულად უნდათ ნოღაიდელი.

თუ ყველა თავის აზრზე დარჩება, პირველი გუნდი ისევ თავისკენ მიიზიდავს ალასანიას, მეორე გუნდი კი გამოკვეთს საკუთარ ლიდერს – გაჩეჩილაძეს; და ეს ორი ადამიანი, ისევ და ისევ 30 მაისს, არჩევნებზე დაუპირისპირდება ერთმანეთს.

პირადად ჩემთვის გასაგებია, რომ ალასანიას გაჩეჩილაძესთან დაპირისპირება კი არა, თანამშრომლობა სურს და სჭირდება. ამიტომაც გამოაცხადა საზოგადოებასთან შეხვედრისას, რომ არჩევნების მოსაგებად ერთი კანდიდატია საჭირო. მაგრამ, დღევანდელ ვითარებაში, ამ გეგმის განსახორციელებლად ალასანიას, არც მეტი – არც ნაკლები, „ალიანსის“ მიტოვება მოუწევს.

უფრო ზუსტად, ირაკლი ალასანიას ახლა ორი არჩევანი აქვს: ან იგი „ალიანსში“ რჩება და, გიგი უგულავას გარდა, ლევან გაჩეჩილაძესთან დასაპირისპირებლადაც ემზადება; ან ერთ გუნდს კრავს ლევან გაჩეჩილაძესთან და, ამის საფასურად, „ალიანსს“ ტოვებს.

როგორ აპირებს ამ დილემის გადაწყვეტას ირაკლი ალასანია, გუშინდელი ბუნდოვანი განმარტებებით არ გარკვეულა, მაგრამ, წესით, რამდენიმე დღეში უნდა გაირკვეს. თუმცა კი, ნებისმიერი გადაწყვეტილება მასაც დააზარალებს და საზოგადოების პროტესტულ ნაწილსაც.

აი, ასეთი შედეგები მოაქვს „ედინაია როსიასთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც, დომინოს პრინციპით, უშუალოდ ებმის ალასანიას დილემას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG