Accessibility links

logo-print

ბაღაფში: მეტისმეტად ბევრი ვიომეთ ბოლო წლებში, გვინდა მშვიდად და სტაბილურად ვიცხოვროთ


სერგეი ბაღაფში, დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი

სერგეი ბაღაფში, დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი

რადიო თავისუფლება: რაში სჭირდება აფხაზეთს სამხედრო ბაზა?

ბაღაფში: იმისათვის, რომ აღარ განმეორდეს ის, რაც იყო 92-93 წლებში. სამხედრო ბაზა აფხაზეთში საჭიროა იმისათვის, რისთვისაც ნატოს სჭირდება ბაზა კოსოვოში. აფხაზეთში რუსეთის სულ 1800 სამხედრო იმყოფება, კოსოვოში 7000 კაციანი ნატოს ჯარია- რისთვის? ვინმეს თავდასხმა სურს? თუ რამე ამდაგვარი? რისთვის შედიან ევროპის ქვეყნები ნატოში? რათა იცხოვრონ მშვიდად, უსაფრთხოდ - პირველ რიგში, ალბათ, ამისთვის. ასევე, ჩვენც. მეტისმეტად ბევრი ვიომეთ ბოლო წლებში, გვინდა მშვიდად და სტაბილურად ვიცხოვროთ ჩვენს მეგობრებთან ერთად.

რადიო თავისუფლება: რამდენად მოელის აფხაზეთი იმას, რომ შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს სოჭის ოლიმპიადის უზრუნველყოფაში 2014 წელს?

ბაღაფში: დიდად არ მოველით ამას, ვიცით რა ჩვენი ძალები და შესაძლებლობები. ის, რაც შეგვიძლია, ეს არის ღორღის, შესაბამისად, ქვიშისა და ხრეშის მიწოდება. ახლა დიდი მომარაგება იქნება ობიექტების. ამიტომ შესაძლებელია ზოგიერთი ტვირთი ჩვენს პორტებზე გაატარონ. ექსპორტი სოჭში წავა, იქ ყველაფერი ახლოს მდებარეობს. ისე, რომ რაღაც მძლავრად ვმონაწილეობდეთ ამ პროცესში, ასეთი რამ არ ხდება და ვფიქრობ, არც არის საჭირო.

რადიო თავისუფლება: რამდენად არის აფხაზეთი საერთოდ ეკონომიკურად დამოკიდებული რუსეთზე - დიდი დოტაციებია თუ სხვა სქემა მოქმედებს?

ბაღაფში: არის დახმარება. დოტაცია არ არის. არის რუსეთის დახმარება. რადგან, მეც ამ აზრს ვემხრობი და რუსეთის ხელმძღვანელობაც, რომ პირდაპირი ინვესტიცია, პირდაპირი ფული ყოველთვის რყვნის, ეს ფული რაიმე სერიოზულ პროექტებს უნდა ახლდეს. ომის შემდეგ ყველა რთულ პირობებში ვითარდებოდა. ზოგს ევრობანკი უწევს დახმარებას, რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. ევროპული სტრუქტურები იცით, რომ არავითარ დახმარებას არ გვიწევენ. გვეხმარება რუსეთი. ეს დახმარება ისე არა, რომ ავიღეთ და გადავყლაპეთ, არამედ მიმართულია წარმოებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ. ასეთი დახმარება არის.

რადიო თავისუფლება: დაახლოებით ბიუჯეტის რა პროცენტი შეიძლება დაასახელოთ?

ბაღაფში: რუსული ინვესტიციების? დაახლოებით 30 %.

კითხვა: საქართველოს გეგმისა და ჟენევის მოლაპარაკებების მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ? და უბრალო შეკითხვა კიდევ: ხედავს თუ არა საკუთარ თავს აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში?

რადიო თავისუფლება: იმას, რაც ჟენევაში მიმდინარეობს, მშვიდად ვუყურებ. მშვენივრად მესმის, რომ რეალურად რაიმეს გადაწყვეტა იქ შეუძლებელია საქართველოს პოზიციის გამო. რაც შეეხება მეორე შეკითხვას, შორეულ პერსპექტივაში თუ ახლო პერსპექტივაში, ეს გამორიცხული საკითხია ერთხელ და სამუდამოდ. ამის უკან დაბრუნება არასდროს არ მოხდება.

რადიო თავისუფლება: მაშინ გვითხარით, რუსეთთან მეზობლობა როგორი შეიძლება იყოს. შესაძლებელია იყოს სამოკავშირეო სახელმწიფოს ვარიანტი, როგორც რუსეთ- ბელორუსიას შორის, თუ განიხილავთ რაღაც ფორმით მაინც რუსეთის შემადგენლობაში შესვლას?

ბაღაფში: არა. ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ. ჩვენ ამაზე არ წავალთ. მაგრამ სამოკავშირეო სახელმწიფოში ან საბაჟო გაერთიანებაში შესვლის შესახებ... ჩვენ ყველა ამ ვარიანტს განვიხილავთ.

რადიო თავისუფლება: ანუ შეიძლება მოხდეს, რომ თქვენ შეუერთდეთ რუსეთ- ბელორუსიის სამოკავშირეო სახელმწიფოს?

ბაღაფში: დიახ, დიახ.

რადიო თავისუფლება: ევროპელები,სხვადასხვა ორგანიზაციები აფხაზეთის ხელისუფლებასთან სხვა საკითხებს შორის დევნილთა საკითხსაც აყენებენ და ეს არ არის პოლიტიკური, უფრო მეტად ჰუმანიტარული საკითხია. როგორი დამოკიდებულება გაქვთ ამასთან და როგორ ფიქრობთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ.?

ბაღაფში: აფხაზეთმა - ალბათ, როგორც სხვა არც ერთმა ქვეყანამ, სადაც ასეთი კონფლიქტი იყო - თავის ტერიტორიაზე დაახლოებით 55 - 60 000 დევნილი დააბრუნა. ევროპელების ინფორმაციისთვის: კოსოვოში სულ 5 000 სერბი დაბრუნდა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩვენ დიდი სამსახური გავწიეთ. რაც შეეხება დანარჩენებს, ეს შეუძლებელია, რადგან დღეს აფხაზეთში დაბრუნება დევნილების - მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც ომობდნენ, მათი შვილები ომობდნენ - ეს კიდევ ერთი ომია, კიდევ ერთი კონფლიქტი.

მე სხვა აზრი მაქვს. ევროპელებმა, არაევროპელებმა და ჩვენ ყველამ უნდა ერთი რამ გავაკეთოთ: არ უნდა დაიხარჯოს ფული სააკაშვილის იარაღით დახმარებაში. ამ ფულის კონცენტრირება უნდა მოხდეს ერთ კარგ ფონდში და დახმარება გაეწიოს იმ ადამიანებს, იმ დევნილებს, - იმიტომ რომ ისინი უბედურები არიან, - ადაპტაცია განიცადონ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ გარემოში. და ეს იქნება სწორი.
XS
SM
MD
LG