Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიცვლება თუ არა სიების მონიტორინგის ვადები


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა აღნიშნულ საკითხზე უკვე იმსჯელა, ინიციატივა მომავალ კვირაში პარლამენტის ბიუროზე გავა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევენებისათვის სიების ოპტიმიზაციის პროცესის თანმდევი სირთულეებიდან გამომდინარე, შეიძლება წინასწარ ითქვას, რომ საქართველოს პარლამენტი მომავალ კვირაში წინააღმდეგობას არ გაუწევს ”ქართული დასის” სურვილსა და მოთხოვნას, გახანგრძლივდეს სიების მონიტორინგისათვის გამოყოფილი ვადა.

”ჩვენი ინიციატივა არის, რომ 15 მარტიდან 15 აპრილამდე გაიზარდოს. ჩვენ ეს ინიციატივა ჯერ ცესკოზე დავაყენეთ, შემდეგ იურიდიულ კომიტეტზე და ჩვენი კოლეგები ამას იზიარებენ. როგორც ჩანს, უმრავლესობაც ამას დაეთანხმება. არის ცესკოსა და უმრავლესობის მოსაზრება, რომ მოდი, მარტის ბოლომდე გავზარდოთ. ვნახოთ. მე ვფიქრობ, რომ რაღაც რაციონალურ, ოპტიმალურ ვადაზე შეთანხმებას მოვახერხებთ”, - ამბობს ”ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია.

მის ინიციატივაზე კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან ჯერ მხოლოდ იწყება, თუმცა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაკეთდა ერთი შენიშვნაც: იმისათვის, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ სრულყოფილად განახორციელოს სიების მონიტორინგი, ვადის გადაწევაზე მსჯელობა, სავარაუდოდ, პლენარულ სხდომაზეც გაგრძელდება, ოღონდ ერთი დათქმით: ვადის შეცვლამ არჩევნების თარიღზე არ უნდა იმოქმედოს. შენიშვნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს პავლე კუბლაშვილს ეკუთვნის:

”არჩევნების თარიღი უკვე საბოლოოდ განსაზღვრულია და არჩევნების თარიღის შეცვლა არ უნდა გამოიწვიოს არანაირმა სხვა პროცესმა. ეს ცვლილება უკვე კონსტიტუციითაა დადგენილი, რომ არჩევნები უნდა გაიმართოს არაუგვიანეს 1 ივნისისა. საარჩევნო კოდექსში ახლა ჩვენ ვაზუსტებთ კონკრეტულ ციფრს და საარჩევნო კოდექსში კონკრეტულად, პირდაპირ იქნება ჩაწერილი, რომ არჩევნები ტარდება 30 მაისს.”



2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის საარჩევნო სიების გადამოწმების პროცედურა ოფიციალურად 5 თებერვალს დაიწყო. ამომრჩეველთა სიების ფორმირებისა და მონიტორინგის პროცესში ჩართულ 12 სუბიექტს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 100 000 ლარის ფარგლებში სამუშაოების დასრულება 15 მარტამდე უნდა უზრუნველეყო. ვადის შეცვლაზე შეთანხმების შემთხვევაში, ცვლილება, შესაბამისად, უნდა აისახოს კანონმდებლობაშიც, რომელმაც სიების მონიტორინგის ვადები განსაზღვრა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიების მონიტორინგის ვადის გახანგრძლივებას მხარს ქრისტიან-დემოკრატებიც დაუჭერენ. ლევან ვეფხვაძის განმარტებით, განსაკუთრებით რთულია რეგიონალური, კერძოდ, სოფლების სიების სრულფასოვნად გადამოწმება:

” ცესკომ წინა თავმჯდომარის დროს მოგვცა პირობა, რომ სიებს ჩვენ გადმოგვცემდა უბნების მიხედვით და არა ისე, როგორც ახლა გადმოგვცეს. ახლა გადმოცემულია ალფავიტი ოლქის მიხედვით. წარმოიდგინეთ ოლქი, სადაც 70 000 ამომრჩეველია და, შესაბამისად, ცესკოსაც სჭირდება დრო და მერე ჩვენც გვჭირდება დრო, რომ უბნების მიხედვით გადავამოწმოთ ეს სია.”

პარტიებისთვის საარჩევნო სიების უბნების საზღვრების გარეშე გადაცემის მიზეზად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საკანონმდებლო რეგულაციას ასახელებენ. კომისიის სპიკერის ჯული გიორგაძის განმარტებით, უბნები არჩევნების გამოცხადებამდე არ იქმნება, ანუ ამ ეტაპზე უბანი და, შესაბამისად, საუბნო სიები არ არსებობს. შეკითხვაზე კი, თანახმაა თუ არა ცენტრალური საარჩევნო კომისია სიების მონიტორინგის ვადები გადაიხედოს და, გადახედვის შემთხვევაში, შეეშლება თუ არა მას ხელი სხვა გეგმიური ღონისძიებების განხორციელებაში, ჯული გიორგაძემ გვიპასუხა:

” ყველაზე მაქსიმუმი, რაც შეიძლება გადაიწიოს, იქნება 2 კვირა. თუ ორი კვირით გადაიწევა ვადები, ამ შემთხვევაში ცესკო მოასწრებს ყველაფერს, როგორც დაგეგმილი იყო. 2 კვირაზე მეტით თუ გადაიწევა, ამ შემთხვევაში შეიქმნება უკვე პატარა ადმინისტრაციული პრობლემებიც, იმიტომ რომ პირველი მაისისათვის შემდეგ სიას ვიღებთ და ამის ფორმირებაზეც გარკვეული დრო დაგვჭირდება. შემდეგი განახლება წამოვა სამოქალაქო რეესტრიდან.”
XS
SM
MD
LG