Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმიდან დაბრუნებული ჟურნალისტი ამბობს, რომ ოკუპირებულ ქალაქში არაფერი შეცვლილა


ენგურის ხიდი, აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი
ენგურის ხიდი, აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი
ზუგდიდელმა ჟურნალისტმა, რომელმაც ანონიმურობა აფხაზი მეგობრების უსაფრთხოების მოტივით არჩია, სოხუმში გასული ერთი წლის განმავლობაში ჩასვლა უკვე ორჯერ შეძლო და ამბობს, რომ ოკუპირებულ ქალაქში არაფერი შეცვლილა. ”გალიდან აჩიგვარამდე, შეიძლება ითქვას, ქალაქი მკვდარია. დამწვარი სახლები, გაფუჭებული გზატკეცილი. ხოლო, როცა სოხუმში შევედი, ის ადგილები, რომლებიც ქვემეხებსა და ბომბებს გადაურჩა, რაც მე მახსოვს 17 წლის წინ, დღესაც იგივე მდგომარეობაა. სოხუმში, სადაც მთავრობის სახლი იყო, ტერიტორია შემოკავებულია და მას ისტორიის მოედანს უწოდებენ. ამით ისინი, როგორც აფხაზებმა მითხრეს, იხსენებენ შეიარაღებულ კონფლიქტს ქართველებთან”, ამბობს ჟურნალისტი.

ჟურნალისტმა სოხუმში ყოფნისას, როგორც თავად ამბობს, ბევრი აფხაზი და შერეული ოჯახების წევრები გაიცნო. შესაბამისად, თქვა მან, კითხვები რომელთაც მე ვსვამდი, იყო ქართველებისა და აფხაზების ამჟამინდელ ურთიერთობებზე. რას ფიქრობენ ისინი რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარების შემდეგ. ”ზოგიერთების განწყობა ასეთია - როგორც იქნა გვაღიარეს, და ფიქრობენ, რომ კიდევ მრავალი ქვეყანა აღიარებს აფხაზეთს. მაგრამ იმასაც ამბობენ და აქვთ შიში, რომ ამას საქართველო არ დათმობს და არ იქნება მსოფლიო აღიარება. არიან ისეთები, რომლებიც ამბობენ, რომ აფხაზეთის აღიარება რუსეთმა თავის სასიკეთოდ გააკეთა და არა აფხაზების”, ჰყვება ჟურნალისტი.

ანონიმი ჟურნალისტი ასევე ამბობს, რომ სოხუმელების კარგი განწყობა ქართველების მიმართ 2008 წლის აგვისტოს ომმა და ქართულმა მედიამ შეცვალა. ”აფხაზებმა მითხრეს, აგვისტოს ომმა ისევ დაგვაბრუნა 17 წლის წინანდელ ტკივილთანო. არადა, შერეული ოჯახის წევრებს გვქონდა კონტაქტები აღდგენილი და ურთიერთობასაც ვახერხებდითო. ახლა ეს ყველაფერი თითქმის გაწყვეტილიაო, მეუბნებიან აფხაზები. ისიც მითხრეს, სიტუაცია, როგორიც ახლა არის, ამას ქართული მედია აკეთებსო, რადგან ჩვენ არ გვაქვს ისეთი განწყობა, როგორსაც ქართული მედია თავის საზოგადოებას გადასცემსო”, დასძინა ზუგდიდელმა ჟურნალისტმა.

სოხუმში მყოფ ჟურნალისტს კითხვებს აფხაზი მოქალაქეებიც უსვამდნენ. საუბარში გაირკვა, რომ აფხაზი ახალგაზრდების უმეტესობას დანარჩენ საქართველოში ჩამოსვლა და ქართველ თანატოლებთან ურთიერთობის დამყარება სურს.”აფხაზმა ახალგაზრდებმა მკითხეს, ჩვენ რომ საქართველოში ჩავიდეთ, აგრესია და დევნა ხომ არ იქნებაო. მე ვუთხარი, რომ ასეთი რამ მათზე არ განხორციელდება, რადგან ეს ქვეყანა, როგორც ჩვენი, ისე მათია. მათ აშკარად უნდათ ქართველ ხალხთან სიახლოვე”, გვიყვება იგი.

როგორც ჟურნალისტი ამბობს, მისი დაკვირვებით, სოხუმში მცხოვრები აფხაზებისა და შერეული ოჯახების წევრთა 60%-ს, ქართველებთან ურთიერთობის განახლება და მეგობრობა სურს, რადგან აფხაზები ფიქრობენ, რომ რუსეთმა, რომელმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, შესაძლოა აფხაზ ერს გადაგვარების საფრთხე შეუქმნას.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG