Accessibility links

logo-print
სამთავრობო მანიპულაციის შედეგად ზედმეტად პოლიტიზებული საინფორმაციო გამოშვებები - ეს იმ კრიტიკის მთავარი აქცენტია, რომელზეც ”ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა” ქართულ მედიაზე, უფრო კონკრეტულად კი ტელესივრცეში განხორციელებული ზეწოლის შესახებ ანგარიშში მიუთითა. მართალია, ანგარიში გასული წლის მოვლენებს ეხება, მაგრამ იქ მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა წინა წლებში ქართულ მედიასივრცეში განვითარებულ მოვლენებსაც.

მართალია, საქართველოში 2009 წელს საკუთარი შეხედულებების გამო არც ერთი ჟურნალისტი არ მოუკლავთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ არ ირღვევა ჟურნალისტთა უფლებები და ისინი თავიანთ ქმედებებში სრულიად თავისუფალნი არიან, - ასე იწყება ანგარიში საქართველოს შესახებ, რომელიც შემდეგი ფრაზით გრძელდება: ”საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, სიამაყით აღნიშნა, რომ ქართული მედია პლურალიზმით გამოირჩევა და რომ იქ 27 სატელევიზიო არხი მოქმედებს, თუმცა იმის თქმა კი დაავიწყდა, რომ ტელევიზიების დიდ ნაწილს დაფარვის საკმაოდ მცირე არეალი აქვს და საინფორმაციო გამოშვებების დიდი ნაწილი ხელისუფლების წარმომადგენლების კონტროლის ქვეშ ექცევა”. ანგარიშის ავტორებს მაგალითად მოჰყავთ საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანიები „რუსთავი 2“ და „იმედი“ და მათ მიერ გადაცემული ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ იმ კუთხით, რა კუთხითაც ეს ხელისუფლებას სურს.

რა დოზით ხორციელდება კონტროლი ქართულ მედიაზე ხელისუფლების მხრიდან, რამდენად თავისუფალნი არიან ჟურნალისტები საკუთარ არჩევანში, დგას თუ არა საფრთხის წინაშე ინფორმაციის ობიექტურობა, ამ საკითხებზე სასაუბროდ რადიო თავისუფლება გაზეთ „რეზონანსის“ მთავარ რედაქტორს ლაშა ტუღუშს დაუკავშირდა: “საკმაოდ ბევრია პრობლემა მედიაში, განსაკუთრებით ელექტრონულ მედიაში, რადგან დისკუსიები ნაკლებია. გარდა ამისა, საინფორმაციო გამოშვებები ძირითადად ორიენტირებულნი არიან იქითკენ, რომ გააშუქონ ხელისუფლებისათვის პოზიტიური ინფორმაცია. არ არსებობს ბალანსი. აშკარად იგრძნობა ხელისუფლების ხელი, როდესაც საინფორმაციო სიუჟეტები კეთდება. ”

ის ასევე დიდ პრობლემად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მნიშვნელოვანი ტელეკომპანიების მფლობელები საზოგადოებისათვის X პიროვნებებად რჩებიან და გაურკვეველია, თუ ვისგან და საიდან იმართება ესა თუ ის ტელეკომპანია. მისივე თქმით, საქართველოში არ არის დაცული არც პირადად ჟურნალისტების და არც მედიასაშუალებების ხელშეუხებლობა.

მედიასივრცეში ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს ”დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძეც. ის აცხადებს, რომ რეალურად სიტუაცია იმაზე გაცილებით მძიმეა, ვიდრე ის აღნიშნულ ანგარიშშია ასახული: ”ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ის, რა გადის სად, არამედ როგორ გადის. ფაქტობრივად, არც ერთი პოლიტიკური თოქ-შოუ

არ არსებობს. ჩვენმა ხელისუფლებამ, რომელმაც არაჩვეულებრივად იცის ჟურნალისტიკა, პიარი, ისინი პოლიტიკურ თოქ-შოუებს ეძახიან ისეთ გადაცემებს, სადაც ორი ოპოზიციონერი ეკამათება ერთმანეთს. ხელისუფლება მთლიანად აკონტროლებს ვინ, როდის, რამდენი ხნით და ვის შემდეგ უნდა გამოჩნდეს ეკრანზე.”

საპირისპირო მოსაზრება აქვს ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი გადაცემის ”დიალოგი დავით პაიჭაძესთან” ავტორს. გადაცემის წამყვანი დავით პაიჭაძე მიიჩნევს, რომ ის არჩევანში სრულიად თავისუფალია და ხელისუფლების მხრიდან მის გადაცემაში ჩარევა სრულაიდ გამორიცხულია. ამის დასტურად მას ის რესპონდენტები და თემები მოჰყავს, რომლითაც დიალოგს აწყობს: ”უნდა გითხრათ, რომ არაფერსაც არ ვგრძნობ იმ პასუხისმგებლობის გარდა, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს ხალხის წინაშე. არანაირი ზეწოლა, არანაირი კარნახი, არანაირი პოლიტიკური დაკვეთები ჩემს შემთხვევაში არ ხორციელდება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღნიშნული პრობლემა სხვასაც არ აწუხებს.”

დავით პაიჭაძე ამ საკითხზე საუბრისას სხვა გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას და პრობლემას სხვაგვარად ხედავს. მისი თქმით, არცთუ იშვიათად ჟურნალისტები, საკუთარი სიმპათიებიდან გამომდინარე, თავად ბარდებიან ამა თუ იმ პოლიტიკურ ჯგუფს, იქნება ეს ხელისუფლება თუ ოპოზიცია.

ქართული მედიასაშუალებების განვითარების საკითხში განსაკუთრებით ტრაგიკულ ფაქტებს ვერ ხედავს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი. მისი თქმით, არ მოიძებნება დედამიწაზე ქვეყანა, სადაც ჟურნალისტიკა სრულიად არის იმუნიზებული რაიმე პრობლემებისაგან: ”ჟურნალისტიკა - განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური თემები აქტუალურია - იმდენად ახლოს არი სპოლიტიკასთან, რომ პრაქტიკულად პოლიტიკის ნაწილი ხდება. აქედან გამომდინარე, რაღაც პრობლემები შეიძლება წარმოიშვას. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არსებობს ჟურნალისტიკაში გარკვეული პრობლემები. ზოგიერთი საკითხის გამოსწორება აუცილებელია, მაგრამ რაიმე ტრაგიკულს საქართველოში, ჟურნალისტიკის განვითარების თვალსაზრისით, ვერ ვხედავ .”

„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში იმ ტელეკომპანიებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილნი, მუშაობის პროცესში არაერთი ბარიერი ექმნებათ. ამ საკითხზე დავით დარჩიაშვილს ასეთი პასუხი აქვს: ”მათ თუ რაიმე ბარიერები ექმნებათ, ეს არის მათი ფინანსური მდგომარეობა. მათზე განსაკუთრებულ ფინანსურ ზეწოლას არავინ ახორციელებს, მათ არავინ უშლის ლეგალურად თანხების მოძიებას და ბიზნესმენებთან კავშირს.”

თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით გაზეთ ”რეზონანსის” რედაქტორი ლაშა ტუღუში სრულიად საპირისპიროს ამბობს: ”ბიზნესმენები თავს არიდებენ ოპოზიციურად განწყობილი არხებისათვის რეკლამის დაკვეთას.”- ანალოგიურს ამტკიცებს ნინო ბურჯანაძეც.

ტელეკომპანია ”მაესტროს” საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელი თამარ რუხაძე არ უარყოფს, რომ ”მაესტროს” წინააღმდეგ არაერთი ზეწოლის ფაქტი განხორციელდა. ამასთან დაკავშირებით ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ არაერთხელ მიმართა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს. თუმცა ის აქვე აცხადებს, რომ ამ ეტაპისათვის ”მაესტრო” რეორგანიზაციის პროცესშია და, აქედან გამომდინარე, რთულია საუბარი იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში:

რადიო ”თავისუფლება” მედიაზე გახორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს მედიის ხელშემწყობი პროგრამის ხელმძღვანელს ელადა გამრეკლიძეს ესაუბრა. ის არ უარყოფს ქართულ მედიასივრცეში ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფაქტებს, თუმცა ის აქვე კიდევ ერთ ფაქტზეც ამახვილებს ყურადღებას, კონკრეტულად კი 2009 წლის გაზაფხულზე ოპოზიციის წარმომადგენლების აქციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ იმართებოდა: ”ეს იყო იმის მაგალითი, რომ არა მარტო მთავრობა ახდენს ზეწოლას ჟურნალისტებზე, არამედ ოპოზიციაც, რაც ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია.”

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელზეც ”ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ ანგარიშის ავტორები მიუთითებენ: მაშინ, როდესაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიასაშუალება, ტელევიზია, აშკარა ზეწოლას განიცდის ხელისუფლების მხრიდან, ინტერნეტი მოსახლეობის მხოლოს 7 პროცენტისათვის არის ხელმისაწვდომი. ანუ ალბათობა იმისა, რომ საზოგადოებამ ობიექტური ინფორმაცია განსხვავებული საინფორმაციო საშუალებით მიიღოს, საკმაოდ მცირეა.
XS
SM
MD
LG