Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფატიმა მარგიევამ ცხინვალის ციხეში პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა


ფატიმა მარგიევა, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი
ფატიმა მარგიევა, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი
დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგმა ფატიმა მარგიევამ ცხინვალის ციხეში პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა. იგი ადგილობრივმა სამართალდამცავებმა იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით დააკავეს. როგორც ცნობილია, ეს ბრალდება მას დაახლოებით ერთი წლის წინ წაუყენეს და პირობითი სასჯელი მისცეს, გუშინ კი ეს სასჯელი აღმკვეთი ღონისძიებით შეუცვალეს. მარგიევა თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. ციხეში გადაყვანამდე ცოტა ხნით ადრე მან რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ მისი დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა და ცხინვალში ავტორიტარული რეჟიმია დამყარებული.

ფატიმა მარგიევა ადამიანის უფლებადამცველი, გაზეთ „პოზიციის“ რედაქტორი და კოკოითის ოპოზიციონერია. ინტერნეტგამოცემა „ირონთაიმსის“ ცნობით, მარგიევა კოკოითის ხელისუფლებას ომისგან გადარჩენილი ქონების მიტაცებაში, ძარცვასა და ფულადი რესურსების მითვისებაში ღიად ადანაშაულებდა. მან ამავე გამოცემაში არაერთი სტატია გამოაქვეყნა, სადაც წერდა, იმ ფონზე, როცა ადგილობრივი მოსახლეობა სიღატაკეში ცხოვრობს, კოკოითის ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხის ხარჯზე მდიდრდებიანო. ადგილობრივი მედია მარგიევას დაპატიმრების ფაქტს ასაიდუმლოებს, ინფორმაცია მხოლოდ ინტერნეტით ვრცელდება, დე ფაქტო რესპუბლიკის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ნაწილმა მისი დაკავების შესახებ არაფერი იცოდა, ნაწილმა კი საუბარი არ ისურვა. მაგალითად, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლირა ცხოვრებოვამ ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებისგან შეიტყო. მოგვიანებით ცხოვრებოვა თვითონ დაგვიკავშირდა, მარგიევას დაკავების ფაქტი დაადასტურა და აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ციხეში მის მონახულებას აპირებს.

პატარა კომენტარი მხოლოდ ჟურნალისტმა მარია პლიევამ გააკეთა და მარგიევას დაკავების ფაქტს „აღმაშფოთებელი“ უწოდა.

„ირონთაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დე ფაქტო რესპუბლიკის ექსპროკურორმა ახსარ კოჩიევმა აღნიშნა, რომ კოკოითის ხელისუფლება ოპოზიციას ბინძური შეკერილი საქმეებით უსწორდება. მისი აზრით, ახლა ცხინვალში 37 წელი ყვავის - განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები ციხეში ხვდებიან. ცხინვალის ყველა ოჯახში იარაღი ინახება. ახლა კი ცხადია, რომ ხელისუფლების კრიტიკისთვის საქმე უპრობლემოდ შეიკერება, –აცხადებს კოჩიევი.

ზოგიერთი ცხინვალელის აზრით, რომელთა ვინაობასაც გამოცემა არ ასახელებს, საზოგადოების დიდი ნაწილი მარგიევას გულშემატკივრობს , რადგან იგი ყველას სათქმელს ღიად ამბობდა, მაგრამ ახლა მის დასაცავად, დე ფაქტო რესპუბლიკაში გამეფებული ტერორისა და შიშის გამო, ვერავინ ვერაფერს ამბობს.

ცნობილია, რომ ფატიმა მარგიევა გულით ავადმყოფია და ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება. „ირონთაიმსის“ ცნობით, იგი ამჟამად 5 კაციან კამერაში იმყოფება. ფატიმა მარგიევას მიერ გამოქვეყნებულ ბოლო განცხადებაში ნათქვამია: „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეცაა და მათ არ ესმით, რატომ არ აკონტროლებს რუსეთი ფინანსურ ნაკადებს, რომელსაც თავადვე გზავნის; რატომ არავინ ეკითხება ადგილობრივ ხელისუფლებას, სად მიდის ფული. ამჟამინდელი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი უნდა წავიდეს. 8 წლის განმავლობაში მან სამხრეთ ოსეთი საკუთარი ხალხისთვის რეზერვაციად აქცია“– ეს იყო ციტატა ფატიმა მარგიევას ბოლო განცხადებიდან. ოპოზიციის გააქტიურებასთან ერთად ცხინვალში რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო. დაკავებული უფლებადამცველი პროტესტის ნიშნად შიმშილობას აგრძელებს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG