Accessibility links

logo-print

საციგაო სპორტი საქართველოში მე-12 საუკუნეში იღებს სათავეს


საციგაო ტრასის მშენებლობა და ახალგაზრდების აქტიური ჩართვა ამ სპორტში ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ ერთ-ერთ აქტიურ თემად იქცა. ბაკურიანში ამბობენ, რომ ახალგაზრდა სპორტსმენის საბედისწერო შემთხვევამ მოზარდ თაობაში არაერთგვაროვანი განწყობა გამოიწვია:

,,ნოდარი კი დაიღუპა, მაგრამ უნდა გაგრძელდეს ეს სპორტი აუცილებლად. მე პირადად გავაგრძელებ, იმის სახელის გამოც უნდა იყოს ეს სპორტი.. ვაჟკაცური სპორტია და მომწონს.”

,,მომწონს ეს სპორტი და ძალიან ვგულშემატკივრობდი ამ სპორტს. სამწუხაროდ, ნოდარი დაიღუპა და მე აღარ ვაპირებ ამ სპორტის გაგრძელებას, თორემ საერთოდ გეგმაში მქონდა ამ სპორტის გაგრძელება.”

ახალგაზრდა სპორტსმენის მამა ამბობს, რომ ბაკურიანში საციგაო სპორტი უნდა განვითარდეს, რადგან იგი მისი შვილის სახელს უკავშირდება. დავით ქუმარიტაშვილი წინააღმდეგია ამ სპორტის დახურვის:

,,უნდა გავაგრძელოთ საციგაო სპორტი, მე ამას ვიტყვი. შეგვპირდნენ, ნოდარის სახელობის ტრასა უნდა აშენდესო და ვნახოთ. Bბევრი მსურველი გამოჩნდება. რას იზამ, ნოდარის გამო ამ სპორტს არავინ დახურავს და მე მოხარული ვარ, თუ საციგაო სპორტს განვაგრძობთ მთელი ბაკურიანი.”

ქუმარიტაშვილების ოჯახს 21 წლის სპორტსმენის გარდაცვალება მორაგბეებმაც მიუსამძიმრეს. ლევან შარვაშიძე ამბობს, რომ ნებისმიერი სახის სპორტი თავისთავად საფრთხის შემცველია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში საციგაომ ან ნებისმიერმა სპორტმა არსებობა შეწყვიტოს:

,,ტრაგედია მოხდა და ყველასათვის საწყენია, მაგრამ სპორტი უნდა განვითარდეს იმისთვის, რომ ახალგაზრდები უნდა დაკავდნენ, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრებით. საქართველოში ეს განვითარებული სპორტი არ არის, მაგრამ თუ განვითარდება და ყურადღება მიექცევა, კარგი იქნება.”

საქართველოს პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, რომელიც ბაკურიანში საციგაო ტრასის აღდგენას და ამ სპორტის პოპულარიზაციას შეეხება, მოციგავეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. მოციგავე ლევან გურეშიძე ამბობს, რომ სახელმწიფოს დახმარების შემთხვევაში იგი მზად არის მეგობრის სახელის უკვდავსაყოფად გააგრძელოს ასპარეზობა.

,,პირადად მე რაც შემეხება, საქართველოს მთავრობა თუ მომცემს ნორმალური ვარჯიშის საშუალებას და იმ ყველაფერს, რაც ამ სპორტის განვითარებისთვის არის საჭირო, ყველაფერს ვეცდები, რომ ეს სპორტი გავაგრძელო და მის სადიდებლად ვიბრძოლო. ერთია, რომ ბაკურიანში მოციგავეები ოდითგანვე იყვნენ ძალიან ძლიერები სხვა სახეობებთან შედარებით. ყოველთვის ასე იყო და, ალბათ, ასე იქნება.”

საქართველოში საციგაო სპორტმა არსებობა 1991 წელს შეწყვიტა. ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ფელიქს ქუმარიტაშვილი ამბობს, რომ ამ პერიოდისათვის საქართველოს, ნოდარის ჩათვლით, 4 პერსპექტიული სპორტსმენი ჰყავდა. Aამ სპორტის ტრადიციები კი სათავეს ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში იღებს:

,,ქართველი ხალხი ოდითგანვე ნაჯახით თლიდა ციგას და მე მაქვს უტყუარი ისტორიული საბუთები, რომ მე-12–მე-13 საუკენეებში საქართველოში – სამცხე-ჯავახეთში, აჭარის მთებში, ხევსურეთში - იმართებოდა შეჯიბრებები ციგაობაში. Gგამომდინარე აქედან, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც საციგაო სპორტი დაიწყო მსოფლიოში, იმიტომ რომ მე-12–მე-13 საუკუნეებში დღევანდელ საციგაო სპორტის წამყვან ქვეყნებში, როგორიც არის გერმანია, ავსტრია და იტალია, შეჯიბრებებს მათი წინაპრები ციგაობაში არ მართავდნენ, ჩვენი წინაპრები კი ამას მართავდნენ.”

ფელიქს ქუმარიტაშვილი ამბობს, რომ ეს სპორტი ძალიან ძვირად ღირებულია. ერთი სპორტსმენის აღსაჭურვად 5 ათასი ევროა საჭირო.
XS
SM
MD
LG