Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაკურიანში მიწას მიაბარეს ნოდარ ქუმარიტაშვილი


შაბათს, ბაკურიანის მაცხოვრის შობის სახელობის მშენებარე ეკლესიის ეზოში მიწას მიაბარეს ტრაგიკულად დაღუპული მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის ნეშტი. ბორჯომისა და ბაკურიანის მთავარეპისკოპოსმა სერაფიმემ განაცხადა, რომ თავდაპირველად ოჯახს სურდა ნოდარი წინაპრების გვერდით დაეკრძალათ. მოგვიანებით, მათ მიიღეს სასულიერო პირთა წინადადება, გარდაცვლილი სპორტსმენი ეკლესიის ეზოში დაეკრძალათ.

ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახში სამძიმარის გამოსაცხადებლად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ
ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მეუღლემ სანდრა რულოვსმა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა. საქართველოს მთავრობის წევრები ბაკურიანში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმით ჩავიდნენ. დილიდან ბაკურიანში, ნოდარ ქუმარიტაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩავიდნენ მისასამძიმრებლად.

ნოდარ ქუმარიტაშვილი კანადიდან გერმანიის გავლით საქართველოში 17 თებერვალს ჩამოასვენეს. აეროპორტში ოლიმპიელის ცხედარს ქუმარიტაშვილის ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ. კანადიდან ნოდარ ქუმარიტაშვილის ცხედარს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე გია ნაცვლიშვილი, ქუმარიტაშვილის მწვრთნელი და ბიძა ფელიქს ქუმარიტაშვილი და მეგობარი, მოციგავე ლევან გურეშიძე ჩამოყვნენ.

ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ქუჩა ბაკურიანში
ბაკურიანის საკრებულოს გადაწყვეტილებით, იმ ქუჩას, სადაც ქართველი ოლიმპიელი ცხოვრობდა, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელი მიენიჭა.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილმა 12 თებერვალს უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 144 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეასკდა. ამის შედეგად იგი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით არსებულ ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. 21 წლის ქართველი სპორტსმენი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. კანადაში ქუმარიტაშვილის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიების შედეგებს მარტის ბოლოსთვის ელიან.
XS
SM
MD
LG