Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგედიის კვირა


ეს კვირა თბილისში რამდენიმე საერთაშორისო ვიზიტით და შიდაპოლიტიკური დაპირისპირებით აღინიშნა. ამ კვირის ბოლოს მშობლიურ დაბა ბაკურიანში დაკრძალეს ვანკუვერში ტრაგიკულად დაღუპული სპორტსმენი ნოდარ ქუმარიტაშვილი. ამავე კვირაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, ქვრივმა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ თავისი შვილის, ცოტნე გამსახურდიას, სასამართლო პროცესის დაწყებამდე ერთი დღით ადრე მეუღლის საფლავიდან ამოთხრა და მისი კოლხურ კოშკში გადასვენება სცადა. თბილისს, ეუთოს თავმჯდომარის რანგში, ყაზახეთის დელეგაცია სტუმრობდა.

მსოფლიოს სპორტული მედიის ყურადღება გასულ კვირას საქართველოსაკენ, კერძოდ კი, დაბა ბაკურიანისკენ იყო მომართული. 13 თებერვალს, კანადის ქალაქ ვანკუვერში ზამთრის ოლიმპიადის საზეიმო გახსნამდე ერთი დღით ადრე, ვარჯიშის დროს ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილი მშობლიურ ბაკურიანში დაკრძალეს. ის თბილისში 17 თებერვალს ჩამოასვენეს. ნოდარ ქუმარიტაშვილის მამა, დავით ქუმარიტაშვილი, შვილის დაღუპვის მიზეზებზე რადიო თავისუფლებასაც ესაუბრა:

”ეშინოდა მაგ მოსახვევის. ადრეც ნასრიალები იყო მაგ მოსახვევზე. მამა, ყველაზე ძალიან მაგ ვირაჟის მეშინიაო, და მანდ დაიღუპა. არასწორად იყო აშენებული და 150 კმ/სთ სიჩქარით შევარდა და არ შეიძლებოდა. კისერი მოსწყვიტა, ეტყობა. მე მაგ სპორტში დავბერდი და ვიცი, რაც მოხდა. ჯერ რომ, 150... არ არის დაშვებული მაგ სისწრაფით სიარული მაგ სპორტში. ხე არ უნდა ყოფილიყო, სპეციალური დამცავი ,,სეტკები” ან ბალიშები უნდა იყოს. მანდ დაიმტვრნენ უძლიერესი სპორტსმენები. გერმანიამ უარი თქვა მანდ გამოსვლაზე - მიხვდნენ, რომ არასწორად იყო გაკეთებული ეგ ტრასა.”

დაღუპული სპორტსმენის ოჯახის წევრები დ ახლობლები ობიექტური გამოძიების ჩატარებას და სპორტსმენის დაღუპვის რეალური მიზეზების დადგენას მოითხოვენ.

ამ კვირაში დაიწყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილის, ცოტნე გამსახურდიას, საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში. თავად ცოტნე გამსახურდია, რომელიც გასული წლის ოქტომბრიდან შიმშილობს, სასამართლოში არ მიუყვანიათ. ამ ამბავს წინა დღეს მისი დედის, მანანა არჩვაძის, მოულოდნელი გადაწყვეტილება უძღოდა წინ: არჩვაძის მომხრეებმა პროტესტის ნიშნად მთაწმინდის პანთეონში საქართველოს პირველი პრეზიდენტის საფლავის ამოთხრა დაიწყეს. ეკლესიისა და სამართალდამცავების ჩარევის გამო, საფლავის გათხრა მან ვერ შეძლო, თუმცა განაცხადა:

”ბრალეული პრეზიდენტი აქ ბრძანდება და ბრალეული შვილი, იგივე მუხლით ზუსტად, ჯაშუშობის მუხლით, სამშობლოში ხელისუფლების დამხობის მუხლით. ხვალ არის მისი სასამართლო და ამას ზვიად გამსახურდია ამ მიწაზე უნდა შეესწროს. მე არ შემიძლია ეს ავიტანო.”

შეგახსენებთ: ცოტნე გამსახურდია გასული წლის ოქტომბერში მეზობლის, დავით ბაჯელიძის, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრისთვის დააკავეს. ის, ამავე დროს, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმინობაშიცაა ეჭვმიტანილი. პოლიტიკური პარტიების ერთი ნაწილი მას პოლიტპატიმრად მიიჩნევს. სოლიდარობა ცოტნე გამსახურდიას ამ კვირაში კონსერვატორების მიერ ორგანიზებულ აქციაზეც გამოუცხადეს, რომელიც სწორედ პოლიტპატიმრების საკითხს მიეძღვნა. გამსახურდიას ადვოკატებმა სასამართლოს ცოტნეს თავდებით გათავისუფლების თხოვნით მიმართეს, მაგრამ ბრალდების მხარე ამის კატეგორიული წინააღმდეგია. სასამართლო კი გრძელდება.

ამ კვირაში გახდა ცნობილი რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ე.წ. ერთიანობის ფორმულაც. ”ალიანსი საქართველოსთვის” წევრი პარტიების - ”ახალი მემარჯვენეებისა” და ”რესპუბლიკელების” - ლიდერებმა 17 თებერვალს დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ერთიანობის მისაღწევი ასეთი ფორმულა შესთავაზეს: „ყველა მინუს ერთი“, ანუ ზურაბ ნოღაიდელი. ასეთია ის ერთადერთი პირობა, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში, ”ალიანსი საქართველოსთვის” სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ერთიან კანდიდატზე შესათანხმებლად მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდება.

ნოღაიდელის პარტიის სახელით კომენტარებს ამ კვირაში პეტრე მამრაძე აკეთებდა.

მოგვიანებით თბილისში მორიგი ვიზიტიდან დაბრუნდა თავად ნოღაიდელი, რომელმაც განაცხადა, რომ პრაიმერის იდეას თავის დროზე მას თავად დავით გამყრელიძე სთავაზობდა და ახლა მისთვის „ახლების“ ლიდერის პოზიცია გაუგებარია. ერთი დღის დაგვიანებით ერთიანობის ფორმულა - „ყველა მინუს ერთი“ - მედიის წინ ირაკლი ალასანიამაც გაიმეორა და აღნიშნა, რომ რადიკალურად განსხვავებული საგარეოპოლიტიკური შეხედულებების მქონე პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობას არ აპირებს. ამ კვირაშივე ითქვა, რომ ირაკლი ალასანია და სოზარ სუბარი მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე „ალიანსის“ კანდიდატებად რჩებიან.

გასული კვირა ერთი მნიშვნელოვანი ვიზიტითაც აღინიშნა. თბილისს, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის რანგში, ყაზახეთის დელეგაცია ეწვია. თბილისში მყოფმა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კანატ საუდაბაიევმა საქართველო-ყაზახეთის მეგობრულ ურთიერთობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ყაზახეთი პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას:

”ყაზახეთმა თავიდანვე განაცხადა თავისი პოზიციის შესახებ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ეს არის ის მუდმივი საყრდენი, რომელზეც ჩვენ ვდგავართ და ყოველთვის ვიდგებით. და ეს პოზიცია გამორიცხავს ჩვენი თანამშრომლობის რაიმე სახის შესაძლებლობებს ამ ობიექტებთან.”

ყაზახეთის თავმჯდომარეობა ფიქრობს, რომ ეუთოს დაბრუნება საქართველოში აუცილებელია, მაგრამ მთავარი კითხვაა: რა გზით? რადიო თავისუფლებასთან საუბარში ეუთოს თავმჯდომარის საგანგებო წარმომადგენელი ბოლატ ნურგალიევი გარკვეულ მინიშნებებს აკეთებს:

„ეს შეიძლება იყოს რაღაც რეგულარული ვიზიტების მსგავსი, რასაც განახორციელებენ ეუთოს ვენაში მოქმედი ცენტრის - კონფლიქტების აღკვეთის ცენტრის - თანამშრომლები. აქ იგულისხმება ჩასვლა, მაგალითად, თბილისში, ზუგდიდში, სოხუმში, ბათუმში, ცხინვალში და ნებისმიერ სხვა ადგილში. ეს იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ იმ შეთანხმებების შესრულება და იმ პროექტების განხორციელება,რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ. ”

კვირის დასაწყისში თბილისში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დანიის სამეფოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციაც ჩამოვიდა, რომელთანაც შეხვედრები საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმაც გამართეს. 15 თებერვლის შეხვედრის მთავარი თემა რუსეთის მიერ ევროსაბჭოს რეზოლუციებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა იყო. დანიის დელეგაციას ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად პარტიის ”ჩვენ თვითონ” თავმჯდომარე პაატა დავითაიაც შეხვდა:

”ვთხოვეთ დანიის მხარეს დაგვიჭიროს მხარი, რათა დავიწყოთ მსჯელობა მექანიზმის შემუშავებაზე რეზოლუციების შესრულებასთან დაკავშირებით, რადგანაც ცალსახად ჩანს, რომ რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს... ”

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის კიდევ ერთმა წევრმა კი, გიორგი თარგამაძემ, აღნიშნა, რომ დიდ გამოხმაურებასა და მყისიერ შედეგს არ ელის, თუმცა ზეწოლას რუსეთზე ეფექტი მაინც ექნება.

აღნიშვნის ღირსია 17 თებერვალს მოსკოვში რუსეთის ფედერაციასა და თვითაღიარებულ აფხაზეთს შორის გაფორმებული სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების ფაქტიც, რაც სამხედრო ბაზის ამოქმედებასაც გულისხმობს. ხელშეკრულებას მოსკოვში ხელი მოაწერეს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა და თვითგამოცხადებული აფხაზეთის თავდაცვის მინისტრმა მერაბ ქიშმარიამ. შეთანხმება დაიდო 49 წლით.ამ ფაქტს გამოხმაურება მოჰყვა ნატოშიც,რომელიც გმობს და უკანონოდ მიიჩნევს აღნიშნულ ხელშეკრულებას, თუმცა, როგორც, მაგალითად, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი აღნიშნავს, ალიანსს ამ ეტაპზე, განცხადებების გარდა, მეტის არაფრის გაკეთება შეუძლია:

”დასავლეთს რუსეთი სჭირდება როგორც ენერგორესურსების მიმწოდებელი და არ უღირს საქართველოს პრობლემა აქციოს თავის ნომერ პირველ პრობლემად.” ამ კონტექსტში უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ახსენებს ”წაყრუების პოლიტიკასაც”, რომელსაც ნატოს წევრი სახელმწიფოები რუსეთთან კავშირში მიმართავენ ხოლმე. ”ნატოს წევრ სახელმწიფოებს თავიანთი სახელმწიფოებრივი ინტერესები არ აძლევს უფლებას, გადადგან უფრო აქტიური ნაბიჯი, როგორსაც, მაგალითად, ჩვენ ვინატრებდით”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი სესიაშვილმა.

აფხაზეთში შექმნილ ვითარებას უკავშირდება 18 თებერვალს გაზეთ ”კომერსანტში” გამოქვეყნებული სტატია, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრის კრისტინა ოზგანის განცხადებით, უახლოეს თვეებში უძრავი ქონების შესახებ კანონში შევა ცვლილება, რომლის თანახმადაც, რუსეთის მოქალაქეებს შეეძლებათ აფხაზეთში ქონების შეძენა, ყიდვა იმავე პირობებით, რომლითაც აქამდე მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეები სარგებლობდნენ. დღემდე აფხაზეთში უძრავი ქონების ყიდვის მოსურნე რუსებს მხოლოდ ადგილობრივ აფხაზებზე ქონების გადაფორმების გზით შეეძლოთ მიწის ან სახლის ყიდვა. თბილისში ეს განცხადება ლტოლვილთა მინისტრის მიერ ჰაერის ყიდვა-გაყიდვის მცდელობად შეფასდა.

კვირის დასაწყისში ცხინვალში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვი. იგი შეხვდა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, პარლამენტის დეპუტატებს და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს.

კოსაჩოვის თქმით, რუსეთის სათათბირო ფედერაციის ბიუჯეტს იღებს, ამ ბიუჯეტიდან კი ფული სამხრეთ ოსეთის რეაბილიტაციისთვისაც არის გამოყოფილი. ამიტომ, მისი აზრით, აუცილებელია იმის შესწავლა, თუ რა სახით მიდის ეს თანხა სამხრეთ ოსეთში და რამდენად ეფექტურად იხარჯება იგი.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG