Accessibility links

რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი ნატოში დმიტრი როგოზინი, საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტისთან” გაკეთებულ კომენტარში მიხეილ სააკაშვილს ფრანგულ ვერტმფრენმზიდ სამხედრო გემზე უფრო დიდ საფრთხედ მოიხსენიებს. მოსკოვი ელჩის პირით ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის მცდელობას, მიუთითოს ნატოს წევრ სახელმწიფოებს იმ რეალურ საფრთხეებზე, რაც რუსეთ-საფრანგეთის სამხედრო გარიგებას შეიძლება მოჰყვეს. რამდენად იზიარებს ნატო საქართველოსა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის შეშფოთებას რუსეთისა და ალიანსის წევრი ქვეყნის სამხედრო ვაჭრობასთან დაკავშირებით?

დმიტრი როგოზინი, რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი ნატოში
”შავი ზღვის აუზში რეალური საფრთხე შეიძლება იყოს და უკვე არის კიდეც არა ყბადაღებული „მისტრალი“, რომელიც შესაძლოა რუსეთმა იყიდოს, არამედ თავად სააკაშვილი”, - ამ სიტყვებით რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი ნატოში დმიტრი როგოზინი 19 თებერვალს ბრიუსელიდან გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს ლონდონში გაკეთებულ განცხადებებს.

19 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოდიოდა საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტში და სწორედ იქ თქვა, რომ ”სამხედრო გემის რუსეთისთვის შესაძლო მიყიდვა მოულოდნელი და ძალიან სარისკოა.” ითქვა ისიც, რომ თავისი ქმედებით პარიზი საფრთხეს უქმნის სტაბილურობას კავკასიის მთელ რეგიონში და რომ ფრანგული ტექნიკის დახმარებით რუსეთს შესაძლებლობა ექნება, რამდენიმე საათში დაიპყროს აღმოსავლეთ ევროპის ნებისმიერი ქვეყანა. საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა საფრანგეთის პრეზიდენტს, არ მიჰყიდოს სახიფათო საბრძოლო ტექნიკა რუსეთს, თუმცა ძნელი სათქმელია, რამდენად გაითვალისწინებს სააკაშვილის მოწოდებას სარკოზი, რომელმაც თებერვლის დასაწყისში აბსოლუტურად გარკვევით თქვა: ”არ შეიძლება მოველოდეთ, რომ რუსეთი იმოქმედებს როგორც პარტნიორი, თუკი ჩვენ თავად არ მოვექცევით მას პარტნიორივითო.”

ამ პარტნიორობის მიმართ გარკვეული შეკითხვები ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის ჯერჯერობით მხოლოდ ესტონეთს, ლიტვასა და შეერთებულ შტატებს გაუჩნდათ, თუმცა არც მათი შეფასებები იყო გამოკვეთილად მწვავე.

მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ლონდონში, ჩეთამ ჰაუზში
საქართველოს პრეზიდენტმა 19 თებერვალს ლონდონში გამოსვლისას თქვა, რომ დიდია იმის საფრთხე, რომ შავ ზღვაში ერთმანეთს პირდაპირ დაუპირისპირდნენ ”მისტრალი” და ნატოს ძირითადი ძალები.

რამდენად განიხილავენ ბრიუსელში საფრანგეთის ქმედებას ალიანსის ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად და რამდენად იზიარებს ახალი რისკების არსებობას ნატო, რომელიც კრემლმა მიმდინარე თვეში გამოქვეყნებულ ახალ სამხედრო დოქტრინაში უმთავრეს საფრთხედ მოიხსენია? - ამ შეკითხვებთან მიმართებით ალიანსის წარმომადგენლებთან არაერთხელ გაუმართავს საუბარი საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს ნატოში გრიგოლ მგალობლიშვილს:

”პოზიცია იყო შემდეგი, რომ ნებისმიერი ხელშეკრულება უნდა ექცეოდეს სამართლებრივ ფარგლებში. მინიშნება კეთდებოდა პოლიტიკური ვალდებულებების შემცველ შეთანხმებებზე - ვთქვათ, როგორიც არის ევროკავშირის ქცევის კოდექსი სამხედრო შეიარაღებით ვაჭრობასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, იყო ღია მინიშნება, რომ თუ ქმედებები ექცევა ამ შეთანხმებების ფარგლებში, მაშინ ვერავის ექნება პრეტენზია. მაგრამ აქ პრობლემა ის არის, რომ ეს კონკრეტული ქმედებები არღვევს არსებულ შეთანხმებებს და არსებულ ნორმებს. ”

გრიგოლ მგალობლიშვილი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატოში
იმ ფაქტზე, რომ საფრანგეთისა და რუსეთის სამხედრო გარიგება საერთაშორისო შეთანხმებებს არღვევს, ნატოს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. ალიანსის გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ საფრანგეთ-რუსეთის გარიგება საერთაშორისო კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში წარიმართება. ანდერს ფოგ რასმუსენი თვლის, რომ ”ნატოელ მოკავშირეებს უნდა ჰქონდეთ ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების შესაძლებლობა რუსეთთან.” ”თუკი ჩვენ ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას შევძლებდით, სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება ასეთი სადავო აღარ იქნებოდა,” - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა რამდენიმე დღის წინ „ნიუსვიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. პარალელურად, სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ნატოს გენერალური მდივნისთვის გასაგებია „მისტრალთან“ დაკავშირებით იმ მოკავშირეებისგან გამოხატული წუხილი, რომლებსაც ამის ”ისტორიული და გეოგრაფიული მიზეზები” აქვთ.

ანდერს ფოგ რასმუსენი, ნატოს გენერალური მდივანი
უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ „მისტრალთან“ დაკავშირებით ნატო თავშეკავებულ პოზიციაზე არსებითად იმიტომ დგას, რომ ვერტმფრენმზიდის ტექნიკურ პარამეტრებს თავისთვის სახიფათოდ არ განიხილავს და, დათბობის პოლიტიკის გამო, რუსეთთან ზედმეტ კონფრონტაციას ერიდება. სამაგიეროდ, სესიაშვილი ლაპარაკობს ნატოს წინაშე მდგარ საფრთხეზე, რაც შეიძლება ალიანსის მთლიანობის ნგრევით დასრულდეს. ”საფრანგეთ-რუსეთის სამხედრო ბიზნეს-გარიგებამ შეიძლება ტენდენციური ხასიათი მიიღოს და, მაგალითად, გერმანიამ ან სხვა რომელიმე ქვეყანამ თქვას, რატომ უნდა დავკარგო მე მილიონობით და მილიარდობით ევრო, როცა თურმე შეიძლება რუსეთთან სამხედრო გარიგებები დავდო... ”

დაბოლოს, მოკლედ ვთქვათ თვით „მისტრალის“ შესახებ. ამ კლასის ხომალდს, სხვადასხვა წყაროს ცნობით, შეუძლია გადაიყვანოს 900-მდე ჯარისკაცი, ზიდოს 4 სადესანტო ნავი, 35 ვერტმფრენი და 70 სახმელეთო მანქანა, მათ შორის, 13 ტანკი. საფრანგეთი ამჟამად „მისტრალის“ კლასის ორ ხომალდს ფლობს, მაშინ როცა რუსეთი თავისი საბრძოლო აღჭურვილობის შევსებას დაახლოებით 4 ასეთი ხომალდით გეგმავს. ამ ეტაპზე საფრანგეთსა და რუსეთს შორის შეთანხმება მიღწეულია „მისტრალის“ კლასის მხოლოდ ერთ სამხედრო ხომალდთან დაკავშირებით. თუმცა პარიზს მოსკოვის საბოლოო თანხმობა ჯერ არ მიუღია. მისი აქტიური ლოდინისა და მოსკოვის ფეხის ათრევის ფონზე თითქოს ისეთი შთაბეჭდილებაც კი იქმნება, რომ ამ გარიგებით პარიზი უფროა დაინტერესებული.
XS
SM
MD
LG