Accessibility links

logo-print
ინტერნეტ პორტალ ლიბ.გესა და როკ-კლუბის ერთობლივი იდეა არტსაღამოების მოწყობას გულისხმობს. ლიტერატურისა და მუსიკის სინთეზი ამ საღამოების მთავარი დამახასიათებელი ნიშანია. ყოველ ხუთშაბათ საღამოს როკის და პოეზიის მოყვარულები რუსთაველის # 28-ში იკრიბებიან.

როკ-კლუბი რუსთაველზე

მუსიკის ხმა რუსთაველის #28-დან მოდის. ახლა ჩავალთ მიწაში, ანუ ”ანდერ გრაუნდ” - სწორედ აქაა როკ-კლუბი, თავისი ახალი სიცოცხლით. ყოველ ხუთშაბათ საღამოს, რვა საათზე, ეს პატარა სივრცე მუსიკისა და პოეზიის მოყვარული ადამიანებით ივსება. კლუბში სიგარეტის კვამლი დგას, მუსიკა ცოცხალია, განათება - ფერადი. და ცოტა ხნით თავს მიწისქვეშეთს ვაფარებთ. ზემოთ ადამიანები დადიან, სხვა ადამიანები.

პოეტი პაატა შამუგია

დღეს ერთი ასეთი ხუთშაბათია: ”ანტიტყაოსნის” ავტორი, პოეტი პაატა შამუგია, კითხულობს, მისი მეგობარი ერეკლე დეისაძე, იგივე ეკო, უკრავს და ”იავნანას” საკუთარ ვარიანტს გვთავაზობს, ტექსტში - მეგობარი პოეტის პოემიდან ნაწყვეტებით: ”მოისმენთ ევრაზიურ-ქრისტიანულ ფოლკლორს. არ ვიცი ასეთი სტილი თუ არსებობს, მაგრამ მე მინდოდა ეგრე დამერქმია ჩემი შემოქმედებისთვის, რადგან ტექსტში არის რელიგიური თემა, ქართული ფოლკის ელემენტები და თანამედროვე ფოლკის ელემენტებიც.”

ხუთშაბათობები ინტერნეტ პორტალ ლიბ.გესა და როკ-კლუბის ერთობლივი იდეაა. ლიბ.გეს სახელით გიორგი კეკელიძე და როკ- კლუბის მხრიდან ეკა ლემონჯავა ფიქრობენ, რომ ამ პროექტმა გაამართლა. არტსაღამოებს აქ თავისი სპეციფიკა გამოარჩევს: ”ლიტერატურას აქ დაედება ფასი.. და ავტორს კი ექნება ჰონორარული ანაზღაურება და ეს პროცესებს უფრო წაახალისებს. თან ამ როკ-კლუბში ბევრი ხალხი არ არის, მოდის მხოლოდ დაინტერესებული მსმენელი.”

შემოსული თანხიდან 70 % ავტორის ჰონორარს შეადგენს. ბილეთი 5 ლარი ღირს. ეკა ლემოჯავა ამბობს, რომ მოსაწვევ პირთა სია საკმაოდ გრძელია, დაინტერესება - განსაკუთრებით ალტერნატიული ხელოვნების მოყვარულთათვის - დიდი.

პაატა შამუგიას პოემა ”ანტიტყაოსანს” არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ის ან ძალიან მოსწონდათ, ან უმოწყალოდ ლანძღავდნენ. მცირე ტაიმ-აუტის შემდეგ შამუგია როკ-კლუბში კითხულობს, ასეთი დევიზით: ”მეტი ტექსტი - ნაკლები იდეალები.. ეს ”ანტიტყაოსნის” დევიზიც შეიძლებოდა ყოფილიყო..”ამბობს, რომ ამ ბოლო დროს პუბლიცისტურ ლექსებს წერს. ასეთი ლექსები აქ, მიწისქვეშ, ძალიან პოპულარულია. მოსწონთ თვითირონია.

პოეტი და მულტიმედია არტისტი დათო ჩიხლაძე
არტსაღამოების ციკლი როკ-კლუბში დავით ჩიხლაძის პერფორმანსით გაიხსნა. 90-იანი წლების პოეტი და მულტიმედია არტისტი ამერიკიდან საქართველოში სამი წლის წინ დაბრუნდა. იხსენებს, რომ მას შემდეგ, რაც მსგავსი ტიპის კლუბებში ირაკლი ჩარკვიანი, ლადო ბურდული, ნიკო ცეცხლაძე და სხვები დადიოდნენ, ანდერგრაუნდმა საქართველოში რაღაც პერიოდი თითქოს მნიშვნელობა დაკარგა. მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი იყო: ”განწყობა აღარ არის ისეთი თავჩაღუნული, როგორც რამდენიმე წლის წინ იყო, როცა მქონდა შეგრძნება, რომ ანდერგრაუნდი გახდა არასაჭირო რაღაც, სისუსტის გამომხატველი თუ ზედმეტი სეგმენტი წარმატების ეპოქაში, როცა ბიზნესმენი უნდა იყოს ყველა. ამ ტალღამ თითქოს გადაიარა და ხალხი მიხვდა, რომ ანდერგრაუნდი ერთ-ერთი მაღაზიაა ბურჟუაზიულ სამყაროში, სადაც შეხვალ და რაღაცას იყიდი. ქალაქის ერთ-ერთი კოლორიტია და არა ის, რომ რაღაცას ებრძვის. ეს არის ადგილი მათთვის, ვისაც სურს არაფორმალურ კულტურასთან მიახლოება ან შექმნა, ანუ რაღაც ისეთის, რაც დადგენილი წესებით არ არის განსაზღვრული და ბუნებრიობიდან მომდინარეობს.. ანუ რაც პროცესზეა მიმართული და არა პროდუქციის შექმნაზე.”

არტსაღამო ლიტერატურისა და მუსიკის სინთეზით
"ორიენტირი აქ სხვაა, - ამბობს დათო ჩიხლაძე - ეს ყველაფერი ორიენტირებულია ახალგაზრდული ენერგიის, სიყვარულის გამოვლინებაზე - თუნდაც ბებრული ენერგიის, არა აქვს მნიშვნელობა. ვიღაცას შესაძლოა არ მოეწონოს ასეთი აუდიტორია და უფრო მნიშვნელოვანი იყოს დიპლომების გამცემი აუდიტორია, აი, ერთი გაღიმებით ან მზერით რომ დიპლომს გასცემ, რომ შენ მიღებული ხარ როგორც აკადემიური პოეტი - თუ ასეთი რამ საერთოდ არსებობს. და ვიღაცას კი სჭირდება ზუსტად ასეთი აუდიტორია, როგორიც აქ, ამ როკ-კლუბშია.”

და ვიღაცას კი სჭირდება ისეთი „იავნანა“, როგორიც ერთ-ერთ არტსაღამოზე ერეკლე დეისაძემ იმღერა.
XS
SM
MD
LG