Accessibility links

logo-print

კოკოითი მოსახლეობას უკანონო იარაღის დარეგისტრირებას სთხოვს


ცხინვალში ცნობილი უფლებადამცველის ფატიმა მარგიევას დაკავების გამო უკმაყოფილება იზრდება. არასამთავრობო ორგანიზაციები მის გათავისუფლებას მოითხოვენ. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მარგიევამ ორდღიანი მშრალი შიმშილობის შემდეგ ექიმის რჩევით წყალი მიიღო, თუმცა ცხინვალის ციხეში აქციის შეწყვეტას არ აპირებს.

ფატიმა მარგიევა იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით არის დაკავებული. თავად მარგოევა თავს მიიჩნევს პოლიტიკურ პატიმრად - კოკოითის ხელისუფლების ღია კრიტიკისა და განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების გამო. ცხინვალის ადგილობრივი ტელევიზია მარგიევას დაპატიმრების შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ავრცელებს.

ყოველდღიურად, ცხინვალის ადგილობრივი ტელევიზიის ეთერით, სამართალდამცავები გამოდიან და პირველ მარტამდე მოსახლეობას უკანონო იარაღის დარეგისტრირებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის სამართლის დევნის დაწყების თაობაზე აფრთხილებენ.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობით რეგისტრირებული იარაღის შენახვა დაშვებულია, მაგრამ აგვისტოს ომის დროს, როცა კოკოითიმ საკუთარ მთავრობასთან ერთად ცხინვალი დატოვა და ვლადიკავკაზში გადავიდა, ადგილობრივმა მოსახლეობამ იარაღის საწყობები გატეხა. შედეგად, დიდძალი იარაღი რიგითი მოქალაქეების ხელში აღმოჩნდა. ცნობილია, რომ ომის დამთავრების შემდეგ უკანონო იარაღით დატვირთული, ცხინვალიდან ჩრდილო კავკასიისკენ მიმავალი ერთი სატვირთო მანქანა რუსმა მესაზღვრეებმა როკის გვირაბთან დააკავეს.

კოკოითის ხელისუფლება მეორე წელია ხალხში გაბნეული იარაღის ამოღებას ვერ ახერხებს. იარაღის საბოლოო რეგისტრაციამდე ერთი კვირა რჩება. დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ვალერი ვალიევი კი ყველა იმ კორპუსისთვის ალყის შემორტყმით და სპეცოპერაციის ჩატარებით იმუქრება, საიდანაც ყოველ ღამით სროლის ხმა ისმის.

ცხინვალში იარაღის ამოღება-რეგისტრაცია ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის გაუგებარია ფატიმა მარგიევას დაკავების მიზეზი, რომელსაც სახლში მეუღლის ავტომატი და ტყვიები უნახეს. მარგიევას განმარტებით, ეს იარაღი მათ ოჯახში 90-იანი წლების კონფლიქტის დროიდან იყო შემორჩენილი.

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენელი ვლადიმერ სანაკოევი მიიჩნევს, რომ კოკოითი ოპოზიციის გაძლიერებასთან ერთად აგონიაში ვარდება. სანაკოევის აზრით, კოკოითიმ იცის, რომ ცხინვალში უკმაყოფილოთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება და მას აჯანყების შიში აქვს. რეპრესიების დაწყებაც ამის დასტურია.

მოსკოვში კოკოითის მთავარი ოპონენტის ალბერტ ჯუსოევის გარშემო დე ფაქტო ხელისუფლების საქმიანობით უკმაყოფილოები ერთიანდებიან. ოპოზიცია არც ფინანსური რესურსების ნაკლებობას უჩივის. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩავარდნის გამო უკმაყოფილოთა რიცხვი ცხინვალშიც იზრდება, მათ ხელში კი იარაღის არცთუ მცირე რაოდენობაა თავმოყრილი, ამიტომ კოკოითი ამ იარაღის ამოღებას ჩქარობს. 1 მარტამდე მცირე დრო რჩება, მოსახლეობა კი იარაღის დარეგისტრირებას ან ჩაბარებას არ ჩქარობს.
XS
SM
MD
LG