Accessibility links

logo-print
ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამეგრელოს შორის ადმინისტრაციულ საზღვარზე აფხაზი მესაზღვრეები განთავსდნენ - იტყობინება აფხაზეთის დევნილი მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობა. ამ უწყების ხელმძღვანელმა თორნიკე კილანავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რუსი მესაზღვრეების აფხაზებით ჩანაცვლება დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის, ინაუგურაციის შემდეგ დაიწყო. ”რუსებმა აფხაზები ცხრა თვის წინ ჩაანაცვლეს და ამ პროცესს ერთ-ერთი ადგილობრივიც შეეწირა. მაშინ თაგილონელი მამაკაცი დაიღუპა. ახლა კი, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ადმინისტრაციულ საზღვარზე მხოლოდ აფხაზები განთავსდნენ და ისინი აკონტროლებენ მიმოსვლას”, - გვითხრა კილანავამ.

რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში განსხვავებულ ვითარებას აღწერს ოტობაიელი ქალბატონი. მისი თქმით, აფხაზი მესაზღვრეები, რომლებიც სოფელში არიან განლაგებულნი, ე.წ. საზღვართან იმ დროს მიდიან, როდესაც რუსი სამხედროები სოფელში არ იმყოფებიან. ”ფაქტია, რომ აფხაზებს რუსების ერიდებათ. როდესაც ე.წ. საზღვართან მივლენ, თუ რუსები გამოჩნდებიან, ეგრევე ტოვებენ იქაურობას და სოფლიდან გადიან. აფხაზებიც და რუსებიც მხოლოდ ფულის საშოვნელად დადიან. სხვა მხრივაც დაძაბული სიტუაციაა სოფელში, თუმცა ისინი მოსახლეობასთან კავშირს ერიდებიან”, - ამბობს ოტობაიელი ქალბატონი.

ოკუპირებული საბერიოდან რადიო თავისუფლებას შეატყობინეს, რომ სოფელში რუსმა სამხედროებმა დიდი რაოდენობით ხის კოტეჯები ჩაიტანეს და სოფლის ცენტრში ამონტაჟებენ. ”ჩვენთვის უცნობია რისთვის სჭირდებათ კოტეჯები - ამას ჩვენ ვინ გვეტყვის. ყველგან დგამენ, სადაც თავისუფალი ადგილია”, - გვიხსნის საბერიოს მკვიდრი.

ოკუპირებული რეგიონიდან მიღებული კიდევ ერთი ინფორმაციით, უკვე მესამე დღეა სოფელ ლეკუხონაში აფეთქებების ხმა ისმის. ადგილობრივების განმარტებით, იქ ფე-ეს-ბე-ს ჯარისკაცები სამხედრო ბანაკის ასაშენებლად გამოყოფილ მიწის ნაკვეთებს აფეთქებენ. როგორც რუსებმა სოფლის მცხოვრებლებს განუმარტეს, აფეთქებები კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებენ. ხოლო სამხედრო ბაზის მშენებლობა, მათივე თქმით, გაზაფხულისთვის უნდა დასრულდეს.
XS
SM
MD
LG