Accessibility links

logo-print
რიჩარდ ჰოლბრუკის ვიზიტს დღევანდელი პრესა მწირად ეხმაურება. ”24 საათი” და ”მთელი კვირა” წერენ, რომ ვიზიტისას განხილვის მთავარი საკითხი ავღანეთის ოპერაციისთვის საჭირო ტვირთების ტრანსპორტირება იქნება. ”მთელი კვირა”, რუსულ სააგენტოზე დაყრდნობით, წერს, რომ ”ჰოლბრუკი საქართველო-რუსეთის ურთიერთობების განხილვას არ აპირებს”. რაც შეეხება ავღანეთისთვის საჭირო ტვირთების ტრანსპორტირების საკითხს, ავტორი, ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის მოსაზრებაზე დაყრდნობით, წერს, რომ საქართველოს გავლით გადასაზიდი ტვირთების მოცულობის გაზრდა რუსეთის მხრიდან საფრთხის ზრდას არ გამორიცხავს.

”მთელი კვირა” აქვეყნებს ლევან ალექსიძის ღია წერილს, რომელიც ასე იწყება: ”ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსანს, ამჟამად ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიის ერთ-ერთ ლიდერს და პარტია ”ედინაია როსიას” მოკავშირეს, ბ-ნ პეტრე მამრაძეს”. შემდეგ წაიკითხავთ: ”პირველ რიგში, მაკვირვებს თქვენი ”ლოგიკა”: მტერთან, რომელმაც ჩაიდინა აგრესია, მოახდინა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, ოფიციალურად ცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და აქცია ეს ტერიტორიები თავის შეიარაღებული ძალების ბაზებად, საქართველომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკება სუფთა ფურცლიდან, თითქოს არაფერი მომხდარა და რუსეთის ჯარები არ დგანან თბილისიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით. ეს არის კოლაბორაციონიზმის ყველაზე უკიდურესი ფორმა, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს მთელ ქართულ საზოგადოებას, ოპოზიციის უმრავლესობის ლიდერთა ჩათვლით”, - წერს ლევან ალექსიძე.

”კვირის პალიტრაში” ქვეყნდება ექსკლუზიური ინტერვიუ ირაკლი ოქრუაშვილთან: ”ვიდრე ჩვენ არ გაგვიჯდება გონებაში, რომ ახალი პროტესტი საჭიროა სააკაშვილის მოსაშორებლად, ამისთვის ვიბრძვით ყველა მეთოდით და ხალხს შუა გზაზე არ მივატოვებთ, მანამდე არაფერი გამოვა”, - ამბობს ოქრუაშვილი და განაგრძობს: ”მე ტალღის აგორებაზე არ ვმუშაობ. რაც ტალღის აგორებას ავტომატურად იწვევს და მიზნის მისაღწევად ეფექტური გზაა, იმაზე ვმუშაობ და საამისოდ თანამოაზრეებს ვეძებ”, - წაიკითხავთ ინტერვიუში ირაკლი ოქრუაშვილთან, რომლის თქმითაც, ”დღეს უკვე ის ეტაპია, როდესაც ამ რეჟიმის მოშორება ყველა მეთოდითაა შესაძლებელი.”

”ახალი თაობის” ავტორი წერს: ”ადგილობრივ არჩევნებში გარდაუვალი დამარცხების შემდეგ ოპოზიციის ნაწილი შეეცდება კვლავ ააგოროს საპროტესტო ტალღა, თუმცა, დღევანდელი განწყობებიდან გამომდინარე, საეჭვოა, რომ საზოგადოებამ აიტაცოს მომიტინგე ოპოზიციონერთა მოწოდებები, რც, შესაბამისად, გამოიწვევს ბევრი ოპოზიციური პარტიის სრულ მარგინალიზებას. ამ ფონზე საზოგადოებაში გაიზრდება მოთხოვნილება ახალი პოლიტიკური ძალების მიმართ.”

”ვერსია” აქვეყნებს ინტერვიუს ნესტან კირთაძესთან. ის ამბობს: ”ნურასოდეს ნურავინ იფიქრებს, რომ ლეიბორისტული პარტია როდისმე რომელიმე პარტიის დეკორაციის ან ფასადის ფუქნციას შეასრულებს. ჩვენ, უბრალოდ, მზად ვართ კოლეგა-ოპოზიციონერებთან მთავარ სახელმწიფოებრივ საკითხებზე კოორდინაციის რეჟიმში ვიმუშაოთ.”

”ასავალ-დასავლის” კორესპონდენტი ირაკლი ალასანიას ესაუბრა: ”ჩვენ მოვლენათა განვითარების ყველა სცენარისთვის მზად ვართ! მეტიც: შევინარჩუნებთ საზოგადოების სიმშვიდეს და არჩევნებით შევცვლით ამ ხელისუფლებას, რომელიც 7 ნოემბრის გამეორებას ვეღარ გაბედავს, თუკი საზოგადოების ერთსულოვნებას დაინახავს. დამერწმუნეთ - სააკაშვილის და მერაბიშვილის ხელისუფლება აქციების დარბევას ვეღარ გაბედავს, რადგან ეს საბოლოოდ დაასამარებს მათ!”

”კვირის ქრონიკა”, რამაზ კლიმიაშვილი: ”ვინც ადგილობრივ არჩევნებზე წავა, იმას პოლიტიკური მომავალი აღარ ექნება. როცა სააკაშვილს გავაგდებთ პანღურებით, ეგენიც მიჰყვებიან თან.”

”კვირის ქრონიკის” დღევანდელ ნომერში საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილის მოსაზრებას გაეცნობით ლევან რამიშვილის კონსტიტუციის პროექტზე. დემეტრაშვილი ინტერვიუში ხაზგასმით ამბობს, რომ პირად პოზიციას გამოხატავს და არა კომისიისას: ”დღეს საქართველო არ უნდა იყოს ფედერაციული სახელმწიფო. მარტო ამ ეტაპზე კი არა, საერთოდაც უნდა ვიფიქროთ, მიზანშეწონილია თუ არა ფედერალური მოწყობა იმ მოდელით, რომელიც აქვს წარმოდგენილი ლევან რამიშვილს.”
XS
SM
MD
LG