Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ძალების შეცდომას ავღანეთში კვლავ მოჰყვა მსხვერპლი


ნატოს ძალების სარდლობამ ღრმა მწუხარება გამოთქვა კვირას, შეცდომით განხორციელებული საავიაციო იერიშის შედეგად, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ათობით მშვიდობიანი ავღანელის დაღუპვის გამო. ავღანეთის მთავრობამ, რომელმაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლს გაუმართლებელი უწოდა, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კოალიციის მსგავსი შეცდომები დიდ საფრთხეს უქმნის ახალი ანტიტერორისტული სტრატეგიის განხორციელებას.

ავღანეთის მთავრობის განცხადებით, 27 სამოქალაქო პირი დაიღუპა დაი კუნდის პროვინციაში მას შემდეგ, რაც ნატოს სამხედრო თვითმფრინავმა შეცდომით მიიტანა იერიში ავტომანქანების კოლონაზე. ავღანეთის მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზმარაი ბაშარიმ განაცხადა, რომ მინი ავტობუსები, რომლებშიც სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ, ავღანეთისა და ნატოს ძალების ერთობლივი საბრძოლო ოპერაციის ზონის სიახლოვეს მოძრაობდნენ:

„ინფორმაციაში, რომელიც ჩვენ აისაფ-ისგან - უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალებისაგან - მივიღეთ, გამოთქმულია ვარაუდი, რომ საერთაშორისო ძალების სამხედრო ოპერაცია იმ ადგილის შორიახლოს წარმოებდა, სადაც საავიაციო იერიში განხორციელდა. მათ ეგონათ, რომ მანქანების ესკორტს გეზი ჰქონდა აღებული ოპერაციის ზონისკენ, რის გამოც კოლონას ცეცხლი გაუხსნეს. თუმცა ჯერჯერობით კვლავ ნაადრევია ამ ინციდენტის დეტალებზე საუბარი.“

აღნიშნული ტრაგიკული ინციდენტი კვირას ურუზგანის პროვინციის სიახლოვეს, დაი კუნდის სამხრეთით მდებარე გუჯრანის დასახლებაში მოხდა. ნატოსა და ავღანეთის არმიის წარმომადგენლებმა, რომლებმაც შემთხვევის ადგილი მოინახულეს, დაჭრილებს შორის ქალები და ბავშვებიც აღმოაჩინეს. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სპეციალური საგამოძებო ჯგუფი დაადგენს, თუ რა მოხდა სინამდვილეში.

„გუშინ - მას შემდეგ, რაც ამ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მივიღეთ - შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური დელეგაცია შექმნა, რომელიც ჩავა რეგიონში და ინციდენტის გამოძიებას ჩაატარებს.“

კვირას მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა ავღანეთში მოქმედი კოალიციური ძალების მეთაურმა გენერალმა სტენლი მაკკრისტალმა, რომელმაც განაცხადა, რომ ნატომ ყველაფერი უნდა იღონოს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ასაცილებლად. 20 თებერვალს ავღანეთის პრეზიდენტმა უსაყვედურა ნატოს ხელმძღვანელობას არასაკმარისი სიფრთხილის გამო ჰილმენდის პროვინციაში ჩარჩენილი მოსახლეობის მიმართ. კარზაიმ, კერძოდ, გაიხსენა 12 სამოქალაქო პირის დაღუპვა თებერვლის დასაწყისში, როდესაც ნატოს ავიაციამ სარაკეტო იერიში განახორციელა შენობაზე ქალაქ მარჯაში, სადაც თალიბი სნაიპერი სწორედ დაღუპულთა საცხოვრებელი სახლიდან ისროდა:

„თალიბანის მოძრაობამ, ჰეზბე ისლამმა და სხვა ჯგუფებმა, რომლებიც ავღანეთში იბრძვიან, უნდა იცოდნენ, რომ მათ დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამაზე. მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს ერი გაანადგურებს მათ სამხედრო ძალას.“

ავღანეთის მთავრობა აცხადებს, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი, რაც ნატოს ძალების მიერ შეცდომით განხორციელებულ საავიაციო შეტევებს მოჰყვება, ყველაზე უფრო უშლის ხელს ავღანეთის ანტიტერორისტული სტრატეგიის წარმატებით განხოციელებას.
ნატოს ძალების მიერ შეცდომით განხორციელებული საავიაციო იერიში დაემთხვა ვითარებას, როდესაც ავღანეთის სამხრეთში, ჰიმლენდის პროვინციაში, მნიშვნელოვანი ბრძოლები მიმდინარეობს თალიბანის რაზმების წინააღმდეგ.

ავღანეთისა და ნატოს ძალებმა ისე უნდა შეასრულონ დასახული ამოცანა, რომ ამას არ მოჰყვებოდეს სამოქალაქო პირების მსხვერპლი, - განაცხადა ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ და დასძინა, ეს წესი დაცული უნდა იქნეს მაშინაც, როდესაც ბრძოლის შუაგულში მყოფ მეამბოხეებს სამოქალაქო პირები მძევლებად ჰყავთ აყვანილიო.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG