Accessibility links

logo-print

ალიანსის ორი გზა თბილისის მერის არჩევნებზე


ლევან გაჩეჩილაძე (მარცხნივ) და ირაკლი ალასანია (მარჯვნივ)

ლევან გაჩეჩილაძე (მარცხნივ) და ირაკლი ალასანია (მარჯვნივ)

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის ოპოზიციურ კანდიდატთა რიცხვი კვლავ 6-ია. მოლოდინის მიუხედავად, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ, 22 თებერვალს პერსონალური განაცხადი თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ არ გააკეთა. უახლოეს დღეებში - სავარაუდოდ კი, 23 თებერვლიდან - ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გამოვლენის კამპანია პარტიათშორისი კონსულტაციების ფორმით დაიწყება. ამ კამპანიის მთავარი ინიციატორია ”ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია, რომელმაც ერთიანობის დემონსტრირების სასარგებლოდ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა.

ნაბიჯი, რომელიც ირაკლი ალასანიამ თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევნებში ერთიანი ოპოზიციური კანდიდატურის გამოვლენის მიმართულებით გადადგა, ”ალიანსი საქართველოსთვის” დასუსტების ტოლფასი გახდა. ყოველ შემთხვევაში, გაცხადდა, რომ ალიანსის პოლიტიკურ ძალებს შორის უთანხმოება მინიმუმ ერთ საკითხზე მაინც არსებობს და ეს საკითხი მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციური ერთობის მიღწევის გზები და საშუალებებია. ”მე ჩემი ნაბიჯით ალიანსის წევრებს ვაძლევ შესაძლებლობას, თავისუფლად მიიღონ გადაწყვეტილება”, - განუცხადა ირაკლი ალასანიამ მედიასაშუალებებს:

” ალიანსში მე მყავს პარტნიორები, მეგობრები, რომლებთანაც ერთი წლის განმავლობაში ვთანხმდებოდით ქვეყნის განვითარების ძირითად პრიორიტეტებზე და ჩვენს მონაწილეობაზე პოლიტიკურ პროცესებში. დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც მათ გავაცანი, მდგომარეობს იმაში, რომ თუკი ჩვენ გვაქვს შეუთანხმებლობა ერთიანი კანდიდატის გამოკვეთაზე ალიანსში, მაშინ ჩვენ ერთმანეთს უნდა მივცეთ თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობა.”

თავისუფალი მოქმედება ”ალიანსი საქართველოს” სუბიექტების მიერ გასულ კვირაშივე გამოვლინდა. პირველად მაშინ, როდესაც ირაკლი ალასანია ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად მარჯანიშვილის თეატრში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გამოვლენის სათავეში აღმოჩნდა, მეორედ კი მაშინ, როდესაც მემარჯვენეებმა და რესპუბლიკელებმა საზოგადოებას შესთავაზეს ოპოზიციის ერთიანობის ფორმულა - ”ყველა მინუს ერთი”. „მინუს ერთში“ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პრორუსული ზურაბ ნოღაიდელის, პარტია იგულისხმებოდა. მოგვიანებით ეს ფორმულა საჯაროდ ირაკლი ალასანიამაც გაიზიარა, თუმცა რამდენიმე დღეში კვლავ ღია კარის პრინციპზე ალაპარაკდა და პრაიმერის გუნდის პარტიების მოწონებაც დაიმსახურა. როგორც მოსალოდნელი იყო, მის განცხადებას გამოეხმაურნენ რესპუბლიკელები და ახალი მემარჯვენეები. „ალიანსი“ ერთიანია ფართო ოპოზიციური ერთობის ჩამოყალიბების საქმეში, თუმცა ვერ თანხმდება პრაიმერის საკითხში, ამბობს რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილი:

”ალასანიამ თქვა, რომ ერთიან კანდიდატზე შეთანხმება შესაძლებელია ბევრი ფორმით, მათ შორის, პრაიმერითაც. ჩვენი პოზიცია ალასანიამ იცის: „ალიანსი საქართველოსთვის“ - ეს ერთობა - პრაიმერში მონაწილეობას არ მიიღებს, იმიტომ რომ ეს არის სახელისუფლებო ხაფანგი.”

”ალიანსმა საქართველოსთვის” საერთო გადაწყვეტილება პრაიმერში მონაწილეობის საწინააღმდეგოდ 2009 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში - კერძოდ, თბილისის მერის არჩევნებში - საერთო კანდიდატურის გამოვლენის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებით ირაკლი ალასანია ყველაზე ახლოს სწორედ პრაიმერის ჯგუფის პარტიებთან აღმოჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, კანდიდატის გამოვლენის ფორმები, პრაიმერის გარდა, შეიძლება იყოს ასევე პოლიტიკური შეთანხმება ან სოციოლოგიური გამოკითხვა. რაც შეეხება უშუალოდ პრაიმერს, ირაკლი ალასანია ემხრობა მოდელს, რომლის მიხედვითაც პრაიმერი იგივეა, რაც ერთიანი კანდიდატის გამოვლენის კომისია, რომელშიც მხოლოდ საზოგადოების წევრები შევლენ. როგორც ჩანს, კონსულტაციების შედეგად, პრაიმერის მოდელი შეიძლება მართლაც დაექვემდებაროს გადახედვას. კონსერვატორთა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა, მაგალითად, განაცხადა, რომ პრაიმერი ოპოზიციური ერთობის ფორმულაა და თუ სხვა რამ ფორმულაც არსებობს, სიამოვნებით განიხილავენ მასაც:

” მთავარი ტაქტიკური ამოცანა, ოპოზიციის წინაშე რომელიც დგას, გახლავთ, რომ ყველა საარჩევნო ოლქში ხელისუფლების ერთ კანდიდატს დაუპირისპირდეს ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ ერთი კანდიდატი. ამ ნაბიჯის გადადგმას ვფიქრობ, რომ მოჰყვება ლოგიკურად შემდეგი ნაბიჯები ოპოზიციური პარტიებისა და ოპოზიციური პერსონების და აუცილებლად ჩვენ ამ ჩვენს ტაქტიკურ ამოცანას შევასრულებთ.”

ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის გამოსავლენად პარტიებს შორის კონსულტაციები, სავარაუდოდ, 23 თებერვლიდან დაიწყება. კონსულტაციებში ჩართვის სურვილს ამ ეტაპზე, ირაკლი ალასანიასა და პრაიმერის ჯგუფის პოლიტიკური სუბიექტების გარდა, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძეც, გამოხატავს:

”ვუერთდები ირაკლი ალასანიას ინიციატივას ერთი კანდიდატის გამოვლენის საქმეში. ყველა ოპოზიციური პარტიისთვის მოლაპარაკებების და შეხვედრის კარი არის ღია.“
XS
SM
MD
LG