Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძლიერმა ქარმა ორი ადამიანი იმსხვერპლა


თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ქარიშხალმა მოთხარა ხეები
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ქარიშხალმა მოთხარა ხეები
ქარისგან მოგლეჯილმა ხეებმა თბილისში გუშინ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რამდენიმე კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. საავადმყოფოში მოთავსებულთა მკურნალობის ხარჯებს თბილისის მერია დაფარავს. ძლიერმა ქარმა თბილისში ასზე მეტ სახლს გადახადა სახურავი, რამდენიმე ათეული სახლის კედლები კი გაბზარა. ყველაზე მეტად გლდანი-ნაძალადევისა და ვაკე-საბურთალოს რაიონები დაზარალდა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ გუშინდელი სტიქიის შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციას სახელმწიფო დააფინანსებს.

სტიქიის შედეგად საკმაოდ დიდი პრობლემები შეიქმნა, როგორც თბილისში, ისე - რეგიონებში. სახურავის გარეშე დარჩა 150-მდე სახლი. პრობლემები შეიქმნა ელექტროენერგიით მომრაგების მხრივაც. გილაურის განცხადებით, პიკის დროს თბილისში გათიშული იყო 50 000-მდე აბონენტი. ამჟამად თბილისში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად არის აღდგენილი. რაც შეეხება რეგიონებს, გილაურის ინფორმაციით, გათიშული იყო 130 000-მდე აბონენტი, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოში. ხოლო ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშე რჩება 80 000-მდე აბონენტი. სავარაუდოდ, მათ ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგებათ.

რაც შეეხება ზარალის ზუსტ ოდენობას, ზარალი ჯერ დათვლილი არ არის.
XS
SM
MD
LG