Accessibility links

logo-print

გორში პრაიმერის ჩასატარებლად ემზადებიან


გორის ცენტრალური მოედანი

გორის ცენტრალური მოედანი

გორში სამი პოლიტიკური პარტია - „ხალხის პარტია“, კონსერვატორები და „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ - პრაიმერის ჩასატარებლად ემზადება. პარტიების წარმომადგენლები კონსულტაციებს ყოველდღიურად მართავენ. პრაიმერის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება ზურაბ ნოღაიდელის თანაგუნდელებს აქვთ ნაკისრები. ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერის მამუკა კობერიძის განცხადებით, პრაიმერის ჩატარება შეიძლება ყველა საარჩევნო უბანზე საჭირო არ გახდეს, რადგან პარტნიორ ორგანიზაციებთან ჯერ შეთანხმების პროცესში არიან.

ზურაბ ნოღაიდელის თანაგუნდელები ვარაუდობენ, რომ პრაიმერს წინასწარ დაქირავებულ სახლებში ჩაატარებენ, რათა მაქსიმალურად თავიდან აიცილონ მათ არჩევნებზე სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლების მოხვედრა, თუმცა ასეთ შესაძლებლობასაც არ გამორიცხავენ. თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შერჩევა პარტიებში ახლა მიმდინარეობს. როგორც „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ნიკო ნარიკაშვილი ამბობს, პარტიის აქტივისტები, პრაიმერის საორგანიზაციო სამუშაოების გარდა, ამომრჩეველთა სიების გადამოწმებითაც არიან დაკავებულნი.

გორში საკუთარი მაჟორიტარი კანდიდატი ნოღაიდელის პარტიის წარმომადგენლებმა უკვე გამოკვეთეს. ტარიელ ლალიაშვილი წლების წინ ქალაქის გამგებლის მოადგილე იყო. მისი თქმით, თუ კონსერვატორები და „ხალხის პარტიის“ წარმომადგენლები გორის მაჟორიტარულ ოლქში საკუთარ კანდიდატებს წარადგენენ, მზადაა მათთან ერთად პრაიმერში გავიდეს. ლალიაშვილმა საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. ამომრჩევლებთან შეხვედრისას იგი ამბობს, რომ საქართველოს გადარჩენის გზა რუსეთზე გადის.

შეთანხმების მიხედვით, პრაიმერი გორში 21 მარტს უნდა ჩატარდეს, თუმცა მისი გამართვა, შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე საარჩევნო უბანში გახდეს საჭირო, რადგან მხარეები ერთიანი კანდიდატების შესახებ ჯერჯერობით უპრობლემოდ თანხმდებიან.
XS
SM
MD
LG