Accessibility links

logo-print
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტი, რომელიც სამართლიან არჩევნებსა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან (ISFED) ერთად ხორციელდება, ახალ ფაზაში შედის. 15 თვიანი პროექტი 2009 წლის 1 ოქტომბრიდან ხორციელდება და 2010 წლის ბოლოს სრულდება. 960 000 ევროს ღირებულების პროექტის მიზანი საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და სანდო არჩევნების ჩატარებაა.

გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში საარჩევნო პროცესების დემოკრატიულად წარმართვას 2003 წლიდან უწყობს ხელს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივები ოთხ საკვანძო მიმართულებას მოიცავს. ესენია კვალიფიციური საარჩევნო ადმინისტრაცია, კარგად ინფორმირებული ამომრჩეველი, სტაბილური საარჩევნო კანონმდებლობა და სამოქალაქო მონაწილეობა.

”UNDP საქართველოში საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად ჩატარებაზე 2003 წლიდან ზრუნავს, ამჯერად კი რამდენიმე ძირითად კომპონენტზე ვამახვილებთ ყურადღებას: დაიხვეწოს საარჩევნო კოდექსი, ინფორმირებულნი იყვნენ საარჩევნო სუბიექტები და ამომრჩევლები, შეიქმნას სათანადო კანონმდებლობა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და მის ჩართვას საარჩევნო პროცესებში”, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ჯეიმ მაკგოლდრიკმა.მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ამომრჩევლის განათლების, ინფორმირების კამპანია, რამაც, წესით, ხელი უნდა შეუწყოს იმას, რომ მან შეძლოს გონივრული, ინფონმაციაზე დაყრდნობილი, გადაწყვეტილების მიღება.

პერ ეკლუნდი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და ჯეიმ მაკგოლდრიკი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პერ ეკლუნდის აზრით კი, ადგილობრივი არჩევნები ძალიან კარგი საზომი იქნება იმისა, თუ რა დოზით იზიარებს საქართველო საყოველთაო დემოკრატიულ ღირებულებებს და, რაც მთავარია, რამდენად ახორციელებს მას:

”როგორც იცით, ახლოვდება მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და პოლიტიკური ტემპერატურაც იზრდება, თუმცა ჩვენი პროექტი ამ არჩევნების დასრულების შემდეგაც გაგრძელდება, რადგან ეს უფრო ხანგრძლივი დახმარების პროგრამის შემადგენელი ნაწილია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი ხოცრიელდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად, თუმცა ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პროექტის განხორციელების დროს ჩვენ სხვა დაინტერესებულ მხარეებთანაც გვექნება მჭიდრო კონსულტაციები.”

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი ნინო გოგუაძეც ფიქრობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში დიდია საარჩევნო სისტემაში წინსვლის მოლოდინი.

სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი ეკა სირაძე-დელონე კი აცხადებს, რომ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებით დაინტერესებული უნდა იყოს, პირველ რიგში, გადაწყვეტილებების მიმღები მხარე, ანუ პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები.
XS
SM
MD
LG