Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაინახთა ტრაგედია ქართულად


ჩეჩენთა და ინგუშთა დეპორტაციის 66-ე წლისთავი 23 თებერვალს საქართველოში კავკასიის ფონდის ორგანიზებით აღინიშნა
ჩეჩენთა და ინგუშთა დეპორტაციის 66-ე წლისთავი 23 თებერვალს საქართველოში კავკასიის ფონდის ორგანიზებით აღინიშნა
ზუსტად 66 წლის წინ, 1944 წლის 23 თებერვალს, საბჭოთა ხელისუფლების განკარგულებით, 400 ათასამდე ჩეჩენი და ინგუში, გერმანელ ნაცისტებთან თანამშრომლობის ბრალდებით, საკუთარი მიწა-წყლიდან ერთ დღე-ღამეში აყარეს, წინასწარ გამზადებულ სარკინიგზო ეშელონებში მოათავსეს და ყაზახეთისა და ყირგიზეთის უკაცრიელი სტეპების გზას გაუყენეს. გადასახლებულთა 40 პროცენტმა შუა აზიამდე ვერ ჩააღწია, ისინი გზაშივე დაიხოცნენ. 2004 წელს ევროპის პარლამენტმა ამ ფაქტს გენოციდის შეფასება მისცა. ჩეჩენთა და ინგუშთა დეპორტაციის 66-ე წლისთავი 23 თებერვალს საქართველოში კავკასიის ფონდის ორგანიზებით აღინიშნა და ამ ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, სახელწოდებით ”კავკასიის ხალხთა მასობრივი გასახლებები XIX-XX საუკუნეებში”.

სრულიად საიდუმლო

ამხანაგ სტალინს

დ ე პ ე შ ა

23 თებერვალს, გამთენიისას, ჩეჩნებისა და ინგუშების გადასახლების ოპერაცია დაიწყო. პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. საყურადღებო ინციდენტები არ დაფიქსირებულა. ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევის 6 შემთხვევას, რომელიც დაპატიმრებითა და იარაღის გამოუყენებლად აღმოიფხვრა. ამ ეტაპზე დაპატიმრებულია 842 ადამიანი.

ბერია

66 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1944 წლის 23 თებერვალს, საბჭოთა ხელისუფლების განკარგულებით, სრულიად უდანაშაულო 400 ათასამდე ჩეჩენი და ინგუში, გერმანელ ნაცისტებთან თანამშრომლობის ბრალდებით, საკუთარი მიწა-წყლიდან ერთ დღე-ღამეში აყარეს, საკვებისა და სასმელის გარეშე წინასწარ გამზადებულ სარკინიგზო ეშელონებში მოათავსეს და ყაზახეთისა და ყირგიზეთის უკაცრიელი სტეპების გზას გაუყენეს. გადასახლებულთა 40 პროცენტმა შუა აზიამდე ვერ ჩააღწია, ისინი გზაშივე დაიხოცნენ. საბჭოთა ხელისუფლებამ მხოლოდ გადასახლება არ იკმარა, ხაიბახის მაღალმთიან აულში 700-ზე მეტი ჩრდილოკავკასიელი საჯინიბოში გამოამწყვდია და ცოცხლად დაწვა, მათ შორის - იმ დღეს დაბადებული ტყუპები, ჰასანი და ჰუსეინი. ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი ტრაგედიის დეტალებზე საუბრობს:

მექა ხანგოშვილი
”ქალებიც და კაცებიც, დიდებიც და პატარებიც - ყველანი საერთო ვაგონებში შეყარეს. მათი დიდი ნაწილი გზაშივე დაიღუპა. დედები მკვდარ შვილებს ძუძუს აწოვებდნენ, მაგრამ როგორც კი რუსები ამჩნევდნენ, რომ მათი შვილები მკვდრები იყვნენ, ხელიდან გლეჯდნენ და ფანჯრიდან ყრიდნენ.”

გზა, რომელიც ჩეჩნებმა და ინგუშებმა გაიარეს, გვამებით იყო მოფენილი. მათი დასაფლავება სიცივისა და ყინვის გამო შეუძლებელი იყო. მადინას ბებია 3 წლის იყო, მშობლებთან ერთად შუა აზიის გზას რომ გაუყენეს. ბუნდოვნად ახსოვს ბებიასგან მოყოლილი ამბები:

”მან გადასახლებაში 12 წელზე მეტი გაატარა. როგორც ის მიყვებოდა, გადასახლებაში საშინელი წლები გადაიტანეს - შიმშილობა, ავადმყოფობა, სიკვდილი...ნაგავსაყრელზე დადიოდნენ, რომ კარტოფილის ნაფცქვენები შეეგროვებინათ და ეჭამათ. თურმე მშობლები შიმშილობდნენ, რომ შვილებისათვის ლუკმა არ წაერთმიათ.”

რეპრესიების შედეგად, რომელსაც 2004 წელს ევროპის პარლამენტმა გენოციდის შეფასება მისცა, გაუქმდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, ხოლო მის ნაცვლად შეიქმნა გროზნოს ოლქი, ახალი საზღვრებით, დარჩენილი ტერიტორიების ნაწილი კი სტავროპოლის მხარეს, დაღესტანსა და ჩრდილოეთ ოსეთს შეუერთდა. კიდევ ერთი ტერიტორია კი, ასასა და თარგიმის ქვაბული, საქართველოს შეუერთდა და მას ახალხევის რაიონი ეწოდა. ეთნოლოგი ნათია ჯალაბაძე იქ ჩასახლებული ქართველი მთიელების ამბავს ჰყვება:

”უმეტესწილად, ხევსურები დაასახლეს ამ ტერიტორიებზე, თუმცა მათ ხელუხლებლად დატოვეს ნაკვეთები და ის ტერიტორიები, სადაც მანამდე ჩეჩნები და ინგუშები ცხოვრობდნენ.”

როდესაც 1957 წელს ნიკიტა ხრუშჩოვმა - საბჭოთა კავშირის მაშინდელმა ლიდერმა - ჩეჩნებსა და ინგუშებს სამშობლოს მოღალატეების იარლიყი ჩამოაშორა, აღდგა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური ოლქი და დეპორტირებულ მოსახლეობას სამშობლოში დაბრუნების უფლება მიეცა, ქართველმა მთიელებმა მოვლილი კარ-მიდამო დაახვედრეს გადასახლებულებს:

”სუფრა გაუშალეს ჩამოსულეს, დოლ-გარმონით შეხვდნენ. შემდეგ გაუყვეს მთელი ქონება, სახლ-კარიც დაუთმეს და საქართველოში დაბრუნდნენ. ცნობილია, რომ ჩეჩენი და ინგუში ქალები არ ტირიან, მაგრამ თვითმხილველები ჰყვებოდნენ, როგორ ტიროდნენ ვაინახები, როდესაც ქართველები მათ სოფელს ტოვებდნენ”, - ამბობს ეთნოლოგი ნათია ჯალაბაძე.

ეს იყო იმ ცარისტული გეგმების სისრულეში მოყვანა, რომელიც ვერ განახორციელა რუსეთის ვერც ერთმა ხელისუფალმა და მხოლოდ საბჭოთა რუსეთმა მოახერხა ეს, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში კავკასიოლოგი მერაბ ჩუხუა:

”მათ 120 ათასი ჯარისკაცი გამოიწვიეს ჩრდილოეთის ფრონტებიდან, რათა ჩეჩნებისა და ინგუშების გადასახლება მათი დახმარებით მოეხერხებინათ.“

ალა დუდაევა, ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის ქვრივი
საკუთარ მიწა-წყალს დაბრუნებულმა ჩეჩნებმა და ინგუშებმა თან ჩამოიტანეს იმ გარდაცვლილთა საფლავის ქვები, რომლებიც გადასახლებისას დაიღუპნენ და გროზნოს ცენტრში სწორედ ამ ქვებზე აღმართეს ზეცისკენ აწვდილი ხელი - სიმბოლო იმისა, რომ ისინი მკვდრებიც კი არ დათმობდნენ თავისუფლებას. მემორიალი 1993 წლის 23 თებერვალს გაიხსნა. როგორც ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის ქვრივი ალა დუდაევა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, სწორედ ამ დღეს განაცხადა ჯოხარ დუდაევმა, 23 თებერვალი არა გლოვისა და ტრაგედიის, არამედ ჩეჩენი ხალხის ახლად დაბადების დღედ უნდა იქცესო:

”როდესაც გადასახლებულთა პატივსაცემად მემორიალი აღიმართა, ჯოხარ დუდაევმა ჩეჩენ ხალხს მიმართა, რომ შეწყვეტილიყო გლოვა და ტირილი დაღუპულთა გამო. ის ამბობდა, 23 თებერვალი ჩეჩენი ერის აღორძინების დღედ უნდა იქცესო. მე იმედი მაქვს, რომ ეს დღე მართლაც გადაიქცევა ჩვენი ხალხის ახლად დაბადების დღედ და არა მარტო ჩეჩნების, არამედ მთლიანად კავკასიელი ხალხების აღორძინების დღედ.”
XS
SM
MD
LG