Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ფორმით შეარჩევს ოპოზიცია დედაქალაქის მერობის ერთიან კანდიდატს


ლევან გაჩეჩილაძე
ლევან გაჩეჩილაძე
23 თებერვალს ირაკლი ალასანიას პარტიის ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” ოფისში პირველი კონსულტაცია გამართეს ოპოზიციური სპექტრის ერთი ნაწილის წარმომადგენლებმა - ლევან გაჩეჩილაძემ, კახა კუკავამ, კოკა გუნცაძემ და გოგა ხაინდრავამ. შეხვედრაში არ მონაწილეობდა თავად ირაკლი ალასანია, რომლის ინიციატივითაც დაიწყო თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის გამოვლენასთან დაკავშირებული კონსულტაციების ახალი ტალღა. გაერთიანებაში ”ალიანსი საქართველოსთვის” შემავალი კიდევ ორი პოლიტიკური ძალა - ახალი მემარჯვენეები და რესპუბლიკელები კონსულტაციების პროცესში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუკი დღის წესრიგიდან იქნება ამოღებული პრაიმერის ჩატარების გეგმა. აპირებენ თუ არა პრაიმერის ორგანიზატორი პარტიები პოზიციის დათმობას და რას აპირებს თავად ირაკლი ალასანია, რომელმაც უნდა გააკეთოს არჩევანი პრაიმერის იდეასა და ალიანსში დარჩენას შორის?

პრინციპული ზღვარი პრაიმერის იდეაზე გადის. თუკი ირაკლი ალასანია დედაქალაქის მერის პოსტზე ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერის იდეას დაუჭერს მხარს, მას ალიანსის დატოვება მოუწევს, - ასეთია იმ განცხადებების ძირითადი შინაარსი, რომლებსაც ამ ეტაპზე აკეთებენ ალასანიას ალიანსელი მოკავშირეები. ერთიანი კანდიდატის შერჩევის აუცილებლობას რესპუბლიკელები და ახალი მემარჯვენეებიც ხედავენ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - პრაიმერის გზით, რომელსაც ისინი ”ხელისუფლების ხაფანგად” აღიქვამენ. პროცესში ეს პოლიტიკური ძალები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუკი მათ მიერ ჯერ ისევ ლიდერად წოდებული ირაკლი ალასანია ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესში მერობის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერის იდეის ჩანაცვლებას შეძლებს.

ალტერნატიულ გზებად ახალი მემარჯვენე მამუკა კაციტაძე პოლიტიკურ მოლაპარაკებებს ან სოციოლოგიურ გამოკითხვებს ასახელებს. მისი თქმით, ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის სოციოლოგიური კვლევის გზით შერჩევა მოხსნიდა იმ ფორმულასთან შეუთავსებლობის საკითხსაც, რომელიც ყველასთვის ზურაბ ნოღაიდელის გამოკლებას გულისხმობს. ამასთან, კაციტაძე გამორიცხულად მიიჩნევს სოციოლოგიური კვლევის დაფინანსებაში ნოღაიდელის თუნდაც ერთი თეთრის გამოყენებას და ამბობს, რომ ”ნოღაიდელს სოციოლოგიური კვლევების პროცესში მხოლოდ იმის შანსი შეიძლება მიეცეს, რომ რაღაც ჩამონათვალში დაფიქსირდეს მისი სახელი და გვარი.”

”ჩვენ როცა ვატარებთ სოციოლოგიურ კვლევებს, სიაში ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეგვყავს, რომ გავზომოთ მათი რეიტინგი. ეს არის სურათის დახატვის მომენტი. მაგრამ ნოღაიდელთან ერთად აბსოლუტურად არანაირ პოლიტიკურ პროცესში, რაიმე პროექტში ან ასე შემდეგ, თანამონაწილეობას არ მივიღებთ”, - უთხრა რადიო თავისუფლებას მამუკა კაციტაძემ.

საერთო ლიდერის სოციოლოგიური კვლევის გზით გამოვლენა იდეალური გამოსავალი იქნებოდა ალიანსის მთლიანობის შესანარჩუნებლად და ეს 23 თებერვალს გაერთიანების ”ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარემ სოზარ სუბარმაც აღნიშნა ჟენევიდან გაკეთებულ კომენტარში. ”თუკი ირაკლი ალასანია უარს იტყვის თავის მიერვე გამოცხადებულ პრინციპებზე, ანუ მიდის პრაიმერში და თანამშრომლობს ზურაბ ნოღაიდელის პარტიასთან, მაშინ, ცხადია, რომ ჩვენი გზები იყოფა”, - ამბობს სოზარ სუბარი სატელეფონო საუბრის ტელეეთერით გასულ ჩანაწერში.

ზურაბ ნოღაიდელის პარტიას ამ ეტაპზე ალასანია არა თანამშრომლობას, არამედ მოლაპარაკებების პროცესში ჩართვას სთავაზობს იმ პრინციპის მიხედვით, რომელიც ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა 22 თებერვალს გაახმიანა. ირაკლი ალასანიამ თქვა, რომ თბილისის მერის პოსტზე ერთიანი კანდიდატის შერჩევის პროცესში ჩართვის საშუალება უკლებლივ ყველა პოლიტიკურ ძალას უნდა მიეცეს და სწორედ ერთიანი ძალისხმევით უნდა შეთანხმდეს საერთო კანდიდატის გამოვლენის მექანიზმიც. ალასანია არ გამორიცხავს, რომ ეს, შესაძლოა, პრაიმერიც იყოს, თუმცა ასეთ შემთხვევაში ის მიემხრობა სახეშეცვლილ მოდელს, რომლის მიხედვითაც პრაიმერი იგივეა, რაც ერთიანი კანდიდატის გამოვლენის კომისია, რომელშიც მხოლოდ საზოგადოების წარმომადგენლები შევლენ.

როგორც 23 თებერვლის შეხვედრიდან გამოსულმა კონსერვატორმა კახა კუკავამ უთხრა რადიო თავისუფლებას, კონსულტაციების მთავარ თემას სწორედ პრაიმერის გარშემო შეთანხმება წარმოადგენდა. კუკავა ამბობს, რომ შეხვედრაზე ის ულტიმატუმით არ მისულა და რომ პრაიმერის მოდელი შეიძლება მართლაც დაექვემდებაროს გადახედვას.

სამშაბათის შეხვედრაზე მართლაც რომ იყო საუბარი პრაიმერზე, ამას ალასანიას პარტიის, ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების”, გენერალური მდივანი ზურაბ აბაშიძეც ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ იქვე სხვა მიდგომებიც განიხილებოდა და რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული:

”ჩვენ გვინდა, პირველ რიგში, საზოგადოების აზრი მოვისმინოთ - რა უფრო მნიშვნელოვანი და რა უფრო ეფექტური გზა იქნება ერთიანი კანდიდატის გამოკვეთისთვის - ეს იქნება პოლიტიკური შეთანხმება, ეს იქნება პრაიმერი თუ ეს იქნება ფართო სოციოლოგია ...”

საზოგადოების აზრის მოსმენის შესაძლებლობად ზურაბ აბაშიძე განიხილავს იმ ტიპის შეხვედრებს, რომლის მსგავსიც 24 თებერვალს უნდა შედგეს. ოთხშაბათს ჭადრაკის სასახლეში საზოგადოების გარკვეული ნაწილი “საზოგადოებრივი დარბაზის” ინიციატივით შეიკრიბება. მანამდე, 15 თებერვალს, ირაკლი ალასანიამ მონაწილეობა მიიღო ასევე საზოგადოების გარკვეულ ნაწილთან შეხვედრაში, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში შედგა. ამ შეხვედრაში ლევან გაჩეჩილაძეც მონაწილეობდა და სწორედ ამ დღის შემდეგ დაიწყო აქტიური მსჯელობა იმის გამოსაცნობად, თუ რა აკავშირებთ ალასანიას და გაჩეჩილაძეს.

საჯარო განცხადებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ალასანიას და გაჩეჩილაძეს, ისევე როგორც სხვა არაერთ ოპოზიციონერს, ამ ეტაპზე მხოლოდ კონსულტაციების პროცესი აკავშირებთ იმ მექანიზმზე შესათანხმებლად, რომელმაც მერობის ერთიანი კანდიდატი უნდა გამოავლინოს.

დავუბრუნდეთ პრაიმერის თემას, რომლის უარყოფის გამოც ალასანიას მიერ გამოცხადებული საყოველთაო ოპოზიციური მოლაპარაკებების პროცესს ამ ეტაპზე ეთიშებიან რესპუბლიკელები და ახალი მემარჯვენეები. რამდენად მოხერხდება მათი ჩართვა პროცესში? ლოგიკის მიხედვით, ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად ჯერ პასუხი უნდა გაეცეს მინიმუმ 2 შეკითხვას: რამდენად მოხერხდება ირაკლი ალასანიას თაოსნობით ყველა ოპოზიციურ ძალასთან წამოწყებული კონსულტაციების ფარგლებში პრაიმერის იდეის დათმობა? და დაუშვებენ თუ არა ამის ალბათობას პრაიმერის ინიციატორი ძალები?
თუკი ნოღაიდელის პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, პეტრე მამრაძეს, მოვუსმენთ, მათი პოლიტიკური ძალა მზად არის განიხილოს ყველა პერსპექტიული ალტერნატივა, თუმცა ამ ალტერნატივის გარშემო ჯერ თავად პრაიმერის ინიციატორები უნდა შეთანხმდნენ. გარკვეულ დათმობებს არც კონსერვატორების ლიდერი და მერობის ერთ-ერთი კანდიდატი, ზვიად ძიძიგური, გამორიცხავს. აი, რას ამბობს ის კონსულტაციების წინა დღეს რადიო თავისუფლებასთან გაკეთებულ კომენტარში:

”პრაიმერი ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს როგორც ოპოზიციის ერთობის ერთ-ერთი ფორმულა. თუკი რაიმე სხვა ფორმულა იქნება ოპოზიციური ერთობისა, ჩვენ სიამოვნებით განვიხილავთ...”

ოპოზიციური სპექტრის კონსულტაციები გრძელდება. „ალიანსი საქართველოსთვის“ იმედოვნებს, რომ მერის პოსტზე ირაკლი ალასანიას კანდიდატურის წარდგენის შანსს შეინარჩუნებს, თუმცა ამისთვის ალასანიამ, როგორც ვთქვით, პრაიმერის იდეის განეიტრალება უნდა მოახერხოს და პროცესი პოლიტიკური მოლაპარაკებების ან სოციოლოგიური კვლევის კალაპოტში მოაქციოს. ჯერჯერობით უცნობია, რა გზას აირჩევს ალასანია, თუმცა, თუკი ის პრაიმერის იდეაზე დათანხმდება, მაინც მიუღწევლად დარჩება მის მიერ დასახული ერთიანი კანდიდატის გამოვლენის მიზანი, რადგანაც „ალიანსი საქართველოსთვის“,ასეთ შემთხვევაში, არჩევნებზე ალასანიას ნაცვლად სხვა კანდიდატს დაასახელებს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG