Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ან პრაიმერი, ან შეთანხმება


რუსთავი
რუსთავი
ქვემო ქართლში პრაიმერში მონაწილეობის სურვილი ექვსმა პარტიამ გამოთქვა. ესენია ზურაბ ნოღაიდელის „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“, კონსერვატიული პარტია, კობა დავითაშვილის „ხალხის პარტია“, გია მაისაშვილის „მომავლის პარტია“, ბევრისთვის უცნობი „“მამულიშვილი“ და „ქრისტიანული საქართველო“.

პარტიებმა საოლქო კომისიაც დაამტკიცეს და თავმჯდომარედ „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ რუსთაველი ლიდერი და ყოფილი პარლამენტარი ივანე შათირიშვილი აირჩიეს. საოლქო კომისია მთელი ქვემო ქართლის მასშტაბით იმუშავებს.

როგორც ივანე შათირიშვილი განმარტავს, პრაიმერის მიზანი იმ კანდიდატების გამოვლენა იქნება, ვინც მაისში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. საუბარია საკრებულოებში ასარჩევ კანდიდატებზე.

ცნობისთვის: რუსთავის საკრებულოს შემადგენლობა წლევანდელი არჩევნების შემდეგ 15-დან 25 წევრამდე გაიზრდება. 10 ადგილს მაჟორიტარი დეპუტატები გაინაწილებენ, დანარჩენ 15-ს - პროპორციული სისტემით არჩეულები. შესაბამისად, ქალაქი 10 მაჟორიტარულ ოლქად დაიყო. პრაიმერით, პირველ ყოვლისა, მაჟორიტარ კანდიდატებს გამოავლენენ.

თუმცა, შათირიშვილის აღიარებით, პრაიმერის რუსთავში ჩატარება , შესაძლებელია, აღარ გახდეს საჭირო, ან ჩატარდეს ნაწილობრივ. საქმე ისაა, რომ ზურაბ ნოღაიდელის პარტია და პარტნიორი ორგანიზაციები კანდიდატებთან დაკავშირებით პრაიმერის გარეშე შეთანხმებას ცდილობენ.

„მე, მაგალითად, მე-19 მიკრორაიონში მინდა კენჭი ვიყარო, აქ მე ოპოზიციიდან კონკურენტი არ მყავს. ასე რომ, ზოგ ოლქში კანდიდატი შეიძლება პრაიმერის გარეშეც დავასახელოთ, ზოგან კი პრაიმერი გახდეს საჭირო“, ამბობს ნოღაიდელის პარტიის წარმომადგენელი.

შათირიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატების წინასწარ არჩევა მაინც გახდა საჭირო, რუსთავში ორი საარჩევნო უბანი გაიხსნება: ერთი - რუსთავის ძველ ნაწილში, მეორე კი - ახალში.

რაც შეეხება სხვა პარტიების პრაიმერში მონაწილეობის შესაძლებლობას რუსთავში, ამის სურვილი არც ერთ ცნობილ პარტიას არ აღმოაჩნდა, მათ შორის, არც ეროვნულ დემოკრატებს და ნინო ბურჯანაძის პარტიას „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“.

„ახლა პრაიმერისთვის ნამდვილად არ გვცალია, თუნდაც იმ მიზეზით, რომ რუსთავში ოფისიც კი არა გვაქვს“, ამბობს სავლე მოთიაშვილი, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ადგილობრივი ხელმძღვანელი.
  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG