Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიჩარდ ჰოლბრუკის ვიზიტი საქართველოში


მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი და რიჩარდ ჰოლბრუკი, ავღანეთსა და პაკისტანში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი
მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი და რიჩარდ ჰოლბრუკი, ავღანეთსა და პაკისტანში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი
რიჩარდ ჰოლბრუკი საქართველოში პრეზიდენტის პირადი მოწვევით ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც დასავლურ ტელეარხზე ოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს მზაობის შესახებ, ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფ ნატოს ჯარებს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი შესთავაზოს. ნატოს სამშვიდობო მისია ავღანეთში 2001 წლიდან, 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, დაფუძნდა და უკვე მეცხრე წელია მიმდინარეობს. ოპერაციაში საქართველოს დღემდე ას სამოცდაათამდე სამხედრო ჰყავს გაგზავნილი. ამ ჯერზე ავღანეთში წასასვლელად გამზადებული დასავლური სტანდარტებით მომზადებული 700-მდე სამხედრო რიჩარდ ჰოლბრუკს კრწანისის სამხედრო ბაზაზე შეახვედრეს. წვრთნების პროცესს მედია არ დასწრებია. ტელევიზიებს მასალა პრეზიდენტის პირადმა ოპერატორებმა მიაწოდეს. ზოგადად, პრესა ჰოლბრუკთან შეზღუდული რაოდენობით შევიდა. შეხვედრა მედიასთან სამხედრო ყაზარმის სასადილოში შედგა, სადაც პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი და თავად ელჩი ჰოლბრუკი იმყოფებოდნენ, სულ - 12 ადამიანი. პრესა რამდენიმე წუთით მას შემდეგ შეუშვეს, რაც დელეგაცია სადილს მორჩა. სიტყვა პრეზიდენტმა დაიწყო და ჯერ იმ ჯარისკაცებს შეეხო, რომლებიც ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობენ.

„ჩვენი ჯარისკაცები იქ, უბრალოდ, რაღაც ზოგად მისიას კი არ ასრულებენ, ისინი იქ ასრულებენ ქართულ პატრიოტულ საქმეს. ჩვენ მათი დიდი იმედი გვაქვს. მე ვიცი, რომ მათი ოჯახები და ჩვენ ყველანი ვნერვიულობთ მათ კეთილდღეობაზე, მათ უსაფრთხოებაზე, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვართ ამ ბრძოლაში ჩაბმული.“

ჯარისკაცთა სასადილო ყაზარმაში მაგიდის გარშემო მედიისთვის პრეზიდენტმა და რიჩარ ჰოლბრუკმა დაახლოებით 5 წუთი ისაუბრეს. საუბარი, ძირითადად, საქართველო-ამერიკის მეგობრულ ურთიერთობებსა და ტერორიზმთან ბრძოლის აუცილებლობას შეეხო, ასევე ბევრჯერ გაესვა ხაზი იმ პირად დამოკიდებულებას, რომელიც ჰოლბრუკს საქართველოსთან აქვს. ჰოლბრუკი ერთ-ერთი პირველი ამერიკელი იყო, ვინც აგვისტოს ომის დროს საქართველოს სტუმრობდა.

„რიჩარდი არის საქართველოს ძველი მეგობარი და რადგანაც ის არის ამ მისიის სათავეში, ჩვენ საქართველოში თავს ვგრძნობთ გაცილებით მშვიდად და გაცილებით თავდაჯერებულად მომავალთან დაკავშირებით. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მოტივაცია, გარდა სხვა დიდი მოტივაციებისა, თუ რატომ ვართ ასეთი თავდაჯერებულები სამხედრო ძალების მიწოდებაში. როგორც მოგეხსენებათ, ერთ სულზე გაანგარიშებით, საქართველოს ავღანეთში ყველაზე დიდი მისია ჰყავს.“

ერთი, რაც ცალსახად გამოიკვეთა საუბრებიდან, იყო საქართველოს პრეზიდენტის პირადი ინიციატივა საქართველოს ავღანეთის ოპერაციაში უფრო ფართო მონაწილეობისა და ასევე, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ტერიტორიის, შეთავაზებისა ოპერაციაში მონაწილე ნატოს ჯარების სამხედრო ტვირთით მომარაგების მიზნით:

„რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილი ტვირთისა უკვე გადის საქართველოზე. სხვა ქვეყნებიც არიან ამ პროცესში ჩართული. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთადერთი გზა ან მთავარი გზა, თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი გზა, რომ ეს ოპერაცია იყოს მეტად პროგნოზირებადი და წარმატებული. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რისი გაკეთებაც შეგვიძლია.“

საქართველოს გარდა, სამხედრო ტვირთისთვის ალტერნატიული ტრანზიტის გზად სხვა ქვეყნებიც განიხილება. ამ საკითხს უფრო ვრცლად რიჩარდ ჰოლბრუკი შეეხო:

„ამ ჩემს მარშრუტზე, რომელსაც დღეს ვასრულებ, მე უკვე ვიყავი ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ყაზახეთში,ყირგიზეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთში და როცა ჩვენ ამ მარშრუტზე ვსაუბრობთ, თითოეულ ქვეყანას აქვს რაღაცა, რისი შეთავაზებაც შეუძლია. ამიტომ გადაწყვეტილების მიღებას ამ საკითხზე დავუტოვებ პროფესიონალებს.“

თუმცა ჰოლბრუკმა გამოხატა თავისი აღფრთოვანება იმ შვიდასკაციანი ბატალიონით, რომელიც ავღანეთში წასასვლელად ემზადება და რომლის საჩვენებელი წვრთნები მან სადილამდე რამდენიმე წუთით ადრე იხილა.:

„მე გადავცემ პრეზიდენტს, თავდაცვის ხელმძღვანელობას, რომ ამ ტრენინგებზე შესანიშნავი საქმე გაკეთდა. მე ვიცი, რომ გენერლებს მაღალი აზრი აქვთ წვრთნების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ. ქართველებს, სავარაუდოდ, აქვთ მიმზიდველობა ამ სიტუაციებში. ავღანეთი, ისევე როგორც საქართველო, მთაგორიანი ქვეყანაა და ქართველი მეომრები მზად არიან საბრძოლველად. და ისევე როგორც ამერიკული და ბრიტანული ჯარები, ქართველები მიდიან იქ ნატოს ეგიდით, ყველანაირი განსხვავების გარეშე, როგორც თანამებრძოლნი.“

ყაზარმაში სასადილო მაგიდის წინ საუბარს ჟურნალისტების შეკითხვები მოჰყვა. დასავლური პრესის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა იკითხა, თუ რა გავლენას იქონიებდა საქართველოს გაზრდილი მონაწილეობა ავღანეთის ოპერაციაში ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესზე. შეკითხვაზე პასუხი ჰოლბრუკმა გასცა:

„განხილვებზე, რომლებიც ერთი წლის წინ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დაიწყო, როცა მე და სააკაშვილი ერთმანეთს არაფორმალურად შევხვდით, სააკაშვილმა ახსენა შესაძლებლობა და მე სასწრაფოდ ოთახიდან გამოვვარდი და გენერალი პორტრეასი მოვიწვიე იმ განხილვებში და ყველა იმ საუბარში, რომელიც ამ განხილვას ახლდა. საკითხი, რომელიც თქვენ დასვით, არასდროს გაჟღერებულა. ეს კეთდება იმიტომ, რომ საფრთხე ავღანეთში, როგორც პრეზიდენტმა თქვა, საერთო საფრთხეა ამერიკისა და საქართველოსათვის.“

მედიასთან შეხვედრა დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა, რის შემდეგაც ჟურნალისტებმა ტერიტორია სპეციალურად გამოყოფილი მანქანებით დატოვეს. დღესვე დასრულდა ელჩ ჰოლბრუკის ვიზიტი საქართველოში. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, როდის იქნება ამერიკული მხარის პასუხი საქართველოს შეთავაზებაზე, გამოიყენონ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი.
XS
SM
MD
LG