Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოზე გამავალი მცირე ავღანური ტვირთების ფინანსური და პოლიტიკური სარგებელი


აშშ-ის სამხადრო სატვირთო თვითმფრინავები. ყაზახეთში, მანასის ბაზა
აშშ-ის სამხადრო სატვირთო თვითმფრინავები. ყაზახეთში, მანასის ბაზა
ამერიკელ დიპლომატ რიჩარდ ჰოლბრუკთან შეხვედრის დროს საქართველოს ხელისუფლებამ სტუმარს შესთავაზა, შეერთებულმა შტატებმა და ალიანსმა უფრო ფართოდ გამოიყენონ საქართველოს სატრანსპორტო შესაძლებლობა, როგორც კოალიციური ძალების მომარაგების ალტერნატიული გზა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა დავით სიხარულიძემ რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისიც კი თქვა, რომ საქართველოს გავლით ავღანეთში უკვე იგზავნება ნატოს ძალებისათვის განკუთვნილი არასაბრძოლო დანიშნულების ტვირთების 70 პროცენტი.

საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქ ფოთში არსებული საკონტეინერო-ლოგისტიკური ტერმინალი „ჯორჯიან ტრანს-ექსპედიცია“ ზღვით შემოსული ტვირთების მიღებას, დაცლას და ვაგონებზე მათ დატვირთვას ახორციელებს. კომპანია, რომელიც ჰოლდინგ „ისთ-გეითს ჯგუფში“ შემავალი სუბიექტია, ავღანეთში მყოფი ნატოს ჯარებისათვის განკუთვნილი არასაბრძოლო ტვირთების მომსახურებას აწარმოებს. ჰოლდინგის ხელმძღვანელის ირაკლი იაშვილის თქმით, ავღანეთისთვის განკუთვნილი ტვირთების მოძრაობის დინამიკა გასული წლის იანვრიდან გაიზარდა, თუმცა, როგორც იაშვილი ამბობს, საქართველოს გავლით განხორციელებული ტვირთბრუნვა საერთო მოცულობის ძალიან მცირე ნაწილია:

„ტვირთის მოცულობის გაანგარიშება ხდება დაახლოებით ასეთი ფორმულით: ერთი ჯარისკაცი - წელიწადში ერთი კონტეინერი. მთლიანმა მოცულობამ კონტეინერებისა, რომელმაც უნდა გაიაროს ეს მარშრუტები რუსეთისა და საქართველოს გავლით, ერთად უნდა შეადგინოს 90-100 ათასი. აქედან გამომდინარე, რაოდენობა დიდია, მიმზიდველია, პოტენციალი არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით დინამიკა ამ ტვირთების მოცულობისა, საქართველოს გავლით, არის უმნიშვნელო იმასთან შედარებით, რაც მოძრაობს რუსეთის გავლით. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ დაახლოებით ერთ-ორ პროცენტს ვემსახურებით.“

საქართველოს ფირმები ნატოსათვის განკუთვნილი არასაბრძოლო ტვირთების მიღებისა და ტრანსპორტირების ტენდერში უკვე მესამე წელიწადია რაც მონაწილეობენ. ეს ბიზნესი სრულიად ლეგალურია. როგორც საქართველოს საგანგებო წარმომადგენელმა ნატოში გრიგოლ მგალობლიშვილმა გვითხრა, ამ საქმიანობას საქართველოში სპეციალური კანონიც კი არეგულირებს:

„საქართველოს ზოგადად სატრანზიტო შეთანხმებაც კი აქვს ალიანსთან გაფორმებული 2005 წელს, „ჰოსტ ნეიშენ საპორტ“, ანუ მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესახებ შეთანხმება არის გაფორმებული ალიანსთან. ანუ ეს არ არის თანამშრომლობა, რომელიც დღეს დაიწყო.“

როგორც ჰოლდინგ „ისთ-გეითს ჯგუფის“ პრეზიდენტი ირაკლი იაშვილი ამბობს, მან და მისმა პარტნიორებმა ავღანეთისათვის განკუთვნილი ტვირთების მისაღებად მზადება სამი-ოთხი წლის წინ დაიწყეს. თუმცა ტერმინალური კომპანიის გარდა, ტვირთების გადაზიდვაში მონაწილეობენ სხვა ფირმებიც და, მათ შორის, საქართველოს რკინიგზა, რომელიც ტვირთების გადაზიდვას სხვა პარტნიორი ფირმების საშუალებით ახორციელებს აზერბაიჯანში, საიდანაც ტვირთების მოძრაობა უკვე კასპიის ზღვის გავლით ხორციელდება. თითოეული კონტეინერის გადაზიდვას კი საქართველოს ტერიტორიის გავლით ქართული ფირმებისა და, შესაბამისად, ქვეყნის ბიუჯეტისთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მოგება ახლავსო, უთხრა ჰოლდინგ „ისთ-გეითს ჯგუფის“ პრეზიდენტმა ირაკლი იაშვილმა რადიო თავისუფლებას:

„თითო ერთეულზე, ერთ კონტეინერზე, რაც საქართველოს შემოსავალი იქნება კონსოლიდირებულად, ანუ ჯამურად (ნავსადგური, ჩვენ, რკინიგზა და იქ სხვადასხვა ოპერაციები ტარდება), დაახლოებით თითო ერთეულზე უნდა იყოს 600-700 დოლარი. ან ცოტა უფრო მეტი - დაახლოებით 800 დოლარი. გამოიამგარიშეთ ეს წლიურად და საკმაოდ დიდ ციფრს მიიღებთ.“

თუმცა დათვლა არც ისეთი იოლია. უფრო ზუსტად, ბიზნესმენების ხელთ არსებული მონაცემები განსხვავდება ოფიციალურისაგან. როგორც ზემოთ ითქვა, დღესდღეობით ავღანეთში, საქართველოს გავლით, იმ არასაბრძოლო, ანუ პირველადი მოხმარების ტვირთების საკმაოდ მცირე რაიოდენობა - დაახლოებით 1 -2 პროცენტი - გადაიზიდება. თუმცა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხში დავით სიხარულიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, საქართველოს გავლით არასაბრძოლო დანიშნულების ტვირთების 70 პროცენტი გადისო.

დავით სიხარულიძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხში
„პაკისტანის მიმართულებას თუ არ ჩავთვლით, ყველა ამ ტვირთების - მართალია, არასაბრძოლო დანიშნულების ტვირთების - 70 %-ზე მეტი უკვე გადის საქართველოს გავლით და ეს გზა მუშაობს, უკვე არსებობს ეს გზა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა გზები არ მუშაობს ავღანეთის მიმართულებით. მაგრამ ეს [საქართველოს მარშრუტი] არის ერთ-ერთი გზა, რითაც ტვირთები მიეწოდება ავღანეთში.“

ეს ციფრები მოულოდნელი აღმოჩნდა ექსპერტებისთვისაც. ირაკლი მჭედლიშვილი თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს წევრია და რეგულარული შეხვედრები აქვს როგორც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან, ასევე ნატოს დიპლომატებთან. სამხედრო ექსპერტი, თავის მხრივ, სხვა გათვლას გვთავაზობს:

„ეს არის არაპაკისტანიდან ავღანეთში შემავალი ტვირთების, დაახლოებით, 70- % - ისიც არასაბრძოლო დანიშნულების. ჩემი აზრით, თუ ეს ასეა, ეს არის ტვირთების დაახლოებით 8 %.“

ნატოში საქართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი გრიგოლ მგალობლიშვილი ამბობს, საქართველოს გავლით გადაზიდული ტვირთების კონკრეტული რაოდენობის დადგენა ძალიან ჭირს, რადგან დინამიკა ყოველწლიურად იცვლებაო. თუმცა კოალიციისათვის განკუთვნილი ტვირთების ის რაოდენობა, რაც საქართველოზე გავლით მოძრაობს ავღანეთში, ქართველი დიპლომატის თქმით, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ნატოსათვის საქართველოს სატრანსპორტო მიმზიდველობა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ არათუ შემცირდა, არამედ კიდევ უფრო გაიზარდა:

„მე ვამბობ, რომ, დღევანდელი მონაცემებით, ეს არის დაახლოებით 800 კონტეინერი არალეტალური, პირველადი მოხმარების ტვირთებისა, რომელიც საქართველოს მეშვეობით გადის. და კიდევ საწვავი, რომელიც დაახლოებით 25-40 ათას ტონას შორის მერყეობს ყოველთვიურად. ეს არის ტვირთების ის რაოდენობა, რაც დღესდღეობით საქართველოს გავლით, ყოველთვიურად მიდის ავღანეთისაკენ. რა თქმა უნდა, ამას აქვს ეკონომიკური და ფინანსური ფაქტორი. თუმცა მე ფინანსურ ფაქტორზე უფრი მაღლა პოლიტიკურ ფაქტორს დავაყენებდი.“

თუ პაკისტანის გავლით არსებულ მარშრუტს არ მივიღებთ მხედველობაში, ავღანეთში განლაგებულ ნატოს ჯარებს არასამხედრო ტვირთები, ძირითადად, ორი გზით მიეწოდებათ. სპეციალურად დაფრახტული გემებით შავი ზღვით ფოთის პორტამდე, შემდეგ - საქართველოს გავლით, რკინიგზით აზერბაიჯანამდე, კასპიის ზღვით -ყაზახეთამდე და იქიდან, ისევ რკინიგზით, უზბეკეთამდე და, სულ ბოლოს - ავღანეთში.

არსებობს ალტერნატიული სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც რუსეთზე გადის და, შესაბამისად, ამდენ დატვირთვა-გადმოტვირთავს არ საჭიროებს. გრიგოლ მგალობლიშვილი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატოში, დარწმუნებულია, რომ საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას შეუძლია გაცილებით დიდი რაოდენობის ტვირთებს მოემსახუროს და ამ მხრივ რეალური კონკურენცია გაუწიოს ალტერნატიულ რუსეთ-ცენტრალური აზიის მარშრუტს, რომლის გავლითაც, როგორც ქართველი გადამზიდავებიც ცხადყოფენ, ალიანსის სამხედრო ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფისათვის გაცილებით დიდი რაოდენობის ტვირთები გადაადგილდება.

მაგრამ რა მოსაზრებებს ეყრდნობა ქართველი დიპლომატის ასეთი ოპტიმიზმი?

„დღესდღეობით [ნატოსა და რუსეთს შორის] შეთანხმებული რეისების საკმაოდ დიდ რაოდენობა არ არის განხორციელებული. ანუ თუ ჩვენ შევხედავთ, რა რაოდენობის რეისები განხორციელდა ამ მიმართულებით, ციფრი საკმაოდ დაბალია იმასთან შედარებით, რაც იყო თავდაპირველად შეთანხმებული. ისევ ვიმეორებ, ჩემი ინფორმაციით, თორემ ეს ალიანსის გადასაწყვეტია, თუ რამდენად არის მათთვის რუსეთი სათანადო მარშრუტი.“

საქართველოს სატრანსპორტო შესაძლებლობების უფრო ფართოდ გამოყენება 22 თებერვალს კიდევ ერთხელ შესთავაზა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეერთებული შტატების საგანგებო წარმომადგენელს ავღანეთსა და პაკისტანში რიჩარდ ჰოლბრუკს. მანამდე, იანვრის ბოლოს, ეს შეთავაზება ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმაც მიიღო. ალიანსის ხელმძღვანელობა ჯერჯერობით მხოლოდ მადლიერებით იღებს საქართველოს წინადადებას და არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას. შესაბამისად, ავღანეთისაკენ მიმავალი ტვირთების რაოდენობა იგივეა, რაც ადრე იყო - საშუალოდ, 200 თუ 700 კონტეინერი თვეში. თუმცა ქართულ კომპანია „ისთ-გეითს ჯგუფში“ შემავალი საკონტეინერო-ლოგისტიკური ტერმინალი და ქართველი გადამზიდავები სრულ მზადყოფნაში არიან იმისათვის, რომ მეტი კონტეინერი გაუშვან ავღანეთისაკენ და მეტი ფული შეიტანონ სახელმწიფოს ბიუჯეტში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG