Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონი ნატოსა და რუსეთს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მოწოდებით გამოდის


ჰილარი კლინტონი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
ჰილარი კლინტონი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ რუსეთმა და ნატომ უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ ბირთვული იარაღის გავრცელებასთან,ტერორიზმსა და მეკობრეობასთან ბრძოლაში,ისევე როგორც ინტერნეტუსაფრთხოების დაცვის საქმეში. ამასთან, ორშაბათს ვაშინგტონში, ტრანსატლანტიკური ალიანსის მომავლის შესახებ სიტყვით გამოსვლისას, კლინტონმა უარყო მოსკოვის ინიციატივა ევროპის უსაფრთხოების ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ რუსეთმა და ნატომ უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ მზარდ გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლის საქმეში - იქნება ეს ბირთვული იარაღის გავრცელება, ტერორიზმი, მეკობრეობა თუ ინტერნეტუსაფრთხოების სფერო.

ორშაბათს, ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას, კლინტონმა უარყო მოსკოვის ინიციატივა ევროპის უსაფრთხოების ახალი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, რომელსაც ვაშინგტონი ნატოს გლობალური გავლენის შემცირებისთვის გამიზნულად აღიქვამს, და განაცხადა, რომ, ამის ნაცვლად, რუსეთი ნატოს უფრო მეტად უნდა დაუახლოვდეს:
„რუსეთის უსაფრთხოება მართლაც დგას გარკვეული გამოწვევების წინაშე, მაგრამ ნატო ამ გამოწვევებში არ ფიგურირებს. ჩვენი სურვილია ნატოსა და რუსეთის თანამშრომლობამ კონკრეტული ნაყოფი გამოიღოს და ალიანსი და რუსეთი ერთმანეთთან უფრო დააახლოოს.“

ნატოსა და რუსეთს შორის უთანხმოების გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ნატოს გაფართოებაა აღმოსავლეთის მიმართულებით. რუსეთი დაეჭვებით და უკმაყოფილებით შეხვდა ალიანსში ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ბალკანეთის რამდენიმე სახელმწიფოს გაწევრიანებას. დღესდღეობით კი, მოგეხსენებათ, რუსეთი ძლიერ ეწინააღმდეგება ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივას.
ამავე დროს, რუსეთი გაბრაზებით შეხვდა შეერთებული შტატების გეგმას რუმინეთში ანტისარაკეტო სისტემის განთავსების შესახებ. უწინდელ გეგმაზე,რომელიც ამგვარი სისტემის პოლონეთსა და ჩეხეთში განთავსებას ითვალისწინებდა, ვაშინგტონმა უარი თქვა.

ორშაბათს კლინტონმა აღიარა, რომ რუმინეთთან დაკავშირებული პერსპექტივა რუსეთის სიბრაზეს იწვევს, თუმცა იქვე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ანტისარაკეტო სისტემა მოსკოვის წინააღმდეგ მიმართული არ იქნება:
„რუსეთი ჩვენი პარტნიორი უნდა იყოს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის სფეროში, ისევე როგორც ანტისარაკეტო თავდაცვის საქმეში. ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ ნატოსთან ითანამშრომლოს ისეთ ანტისარაკეტო სისტემასთან დაკავშირებით, რომელიც როგორც ევროპის, ისე რუსეთის ყველა მოქალაქეს დაიცავს“, - განაცხადა კლინტონმა.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პრეზიდენტი ბარაკ ობამა ცდილობს რუსეთთან შეერთებული შტატების ურთიერთობის „გადატვირთვის“ პოლიტიკა გაატაროს. ეს ურთიერთობა მნიშვნელოვნად დაიძაბა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ.

რამდენიმე თვის წინ კლინტონის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა საჭიროდ ჩათვალა ევროპელი ჟურნალისტებისთვის განემარტა, რომ შეერთებული შტატები „ევროპაში თავის მეგობრებს კვლავაც მხარში უდგას, მაშინ როცა ჩვენ რუსეთთან ნდობით უფრო მეტად გამორჩეული და უფრო საჭირო ურთიერთობის დამყარების იმედი გვაქვსო.“

ამ განცხადებას კლინტონიც გამოეხმაურა და თქვა, რომ ნატოსა და რუსეთის ერთმანეთთან დაახლოება ევროპაზე დადებითად აისახება. ამასთან, რუსეთის საყურადღებოდ გაკეთებულ განცხადებაში კლინტონმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები კვლავაც დაინტერესებულია ევროპის უსაფრთხოების საკითხებით, იმისდა მიუხედავად, რომ ალიანსის ყურადღება ირანში, ავღანეთში, ერაყსა და ჩინეთში მიმდინარე პროცესებზეა გადატანილი.

ჰილარი კლინტონმა ნატოს მოუწოდა გადასინჯოს თავისი მთავარი დოქტრინა - „სტრატეგიული კონცეფცია“, რათა მან ზუსტად ასახოს ალიანსის 28 წევრის წინაშე მდგარი ახალი საფრთხეები.

ნატოს მისიის მთავარი პრინციპები კვლავაც აქტუალურია, მაგრამ ალიანსის მეთოდები უნდა შეიცვალოსო, თქვა მან. „წარმატება გრძელვადიანი ბრძოლაა და მხოლოდ მეტი სამხედროს ყოლას ან უკეთესი შეიარაღების ქონას არ ნიშნავს. ისიც მნიშვნელოვანია, თუ რამდენად ეფექტიანად ვახდენთ ადაპტაციას ახალ ვითარებასთანო“, - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.

ნატოს სტრატეგიულ კონცეფციაზე, რომელიც უკანასკნელად 1999 წელს შეიცვალა, ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს, ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის ხელმძღვანელობით.

ახალი ვერსია ნოემბერში ლისაბონში უნდა დაამტკიცონ.
XS
SM
MD
LG