Accessibility links

ანდრეი სახაროვის სიტყვებმა დიდი და პატარა იმპერიების შესახებ თავის დროზე ლამის მთელი საქართველო გააერთიანა: ლიბერალები, ნაციონალისტები, კომუნისტები - ყველა აღაშფოთა!

მეტიც, სახაროვის ნათქვამმა პარადოქსულად გააერთიანა რუსული და ქართული საზოგადოებები; სახაროვს უსტვენდნენ რუსეთში და ემუქრებოდნენ საქართველოში. ჩვენში ერთი-ორი კაცი კი გამოჩნდა, ვინც აკადემიკოს სახაროვის დაცვა სცადა, მაგრამ ვაი ამ დაცვას! სახაროვის პოზიცია მათ ცოლის, ელენა ბონერის, გავლენით ახსნეს, ელენა ბონერის ეროვნებით. აქაოდა, სომეხია და ქართველებს ვერ იტანსო...

კლასიკაა, რა! კლასიკური პარანოია, რომელსაც ყოფილი საბჭოელები, სხვებზე მეტად კი, ჩემი დაკვირვებით, რუსები და ქართველები, ერთნაირად ავლენენ ხოლმე. უბრალოდ, ერთნი უფრო მასშტაბურად, მეორენი - მოკრძალებულად, ამიტომ შედარებით უმტკივნეულოდ. თანაც, მცირე განსხვავებით: რუსული პარანოია მტრის ხატს, როგორც წესი, ებრაელისგან ქმნის, საქართველოში კი „სომხური ლობის“ მზაკვრულ გეგმებზე უყვართ საუბარი.

მოკლედ, პარანოიასაც აქვს ნიუანსები და უხეშ, სწორხაზოვან პარალელებს არ ცნობს. თუმცა, არსებობს პარანოიის ერთ-ერთი გამოვლინება - ჰომოფობია, რომელიც აბსოლუტურად ერთნაირად ვლონდება რუსეთშიც და საქართველოშიც.

დიდი ხნის წინ, პარიზში გამართულ ქართული ფილმების ფესტივალზე, ერთმა ქართველმა რეჟისორმა, დაინახა რა, როგორი, მართლაც გრანდიოზული შეხვედრა მოუწყვეს ფრანგებმა სერგო ფარაჯანოვს (ეს იყო მაესტროს ერთ-ერთი პირველი გამგზავრება დასავლეთში), დელეგაციის დანარჩენ წევრებს გვითხრა, ახლა ვხვდები, რომ არსებობს პედერასტთა მაფია, რომელიც ყველანაირად ქაჩავს თავისიანებსო (მგონი „სომხური ლობის“ ამბავიც გაიხსენა). მოგვიანებით, როცა ბერლინის კინოფესტივალზე „ოქროს დათვით“ აღნიშნეს ანგ ლის ფილმი „საქორწილო ბანკეტი“, ზუსტად იმასვე, ისეთივე ინტონაციით, პლასტიკით, თავდაჯერებულობით მიმტკიცებდა რუსი ჟურნალისტი, რომელმაც დაიფიცა კიდეც, არასდროს ჩამოვალ ბერლინის ფესტივალზე, რადგან მას „ცისფრები“ მართავენო.

არ ვიცი. შეიძლება სადღაც, საფრანგეთში, ან, თუნდაც, პაკისტანში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ასეთივე გაცხარებით მსჯელობენ „პედერასტთა მაფიაზე“. მაგრამ არა მგონია, ჰომოფობებს მსოფლიოს რომელიმე კუთხეში იმოდენა ასპარეზი დაუთმონ, რამოდენასაც რუსეთსა და საქართველოში უთმობენ. სადღაც ეს თემა ნაკლებად აინტერესებთ... ან, უბრალოდ, ეუხერხულებათ ამაზე მსჯელობა. სადღაც ასეთი განცხადებები „კლინიკურ შემთხვევად“ აღიქმება. სადღაც კი, უბრალოდ, კრიმინალია - კანონით აკრძალული.

საქართველოსა და რუსეთში - არა. „პედერასტების თემა“ კვლავაც ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი და სკანდალურია.

აი, მაგალითად, რუსეთის ერთ-ერთმა მთავარმა ტელეარხმა, ენტევემ, რომელიც თავისი შესაძლებლობებით მნიშვნელოვნად სჭარბობს ჩვენს „რეალტივისა“ და „მაესტროს“, 20 თებერვალს დიდი გადაცემა დაუთმო ევგენი პლუშჩენკოს მარცხს ვანკუვერში. „გაზპრომის“ არხმა, ფაქტობრივად, დაუკონკრეტა ტელემაყურებელს, თუ რას გულისხმობდა პუტინი, როცა ევგენი პლუშჩენკოს „ვაჟკაცურ სტილზე“ გაამახვილა ყურადღება; ენტევეს მიმომხილველთა მტკიცებით, ლისაჩეკი ოლიმპიურ ჩემპიონად აქცია „ცისფერმა მაფიამ“... იმან, ვისაც მოსწონს „თეძოების თამაში“ ყინულზე (არადა, პლუშჩენკო თეძოებსაც უფრო ენერგიულად ათამაშებს და პუბლიკასაც... როგორ ვთქვა... ცოტა არ იყოს, „არაკაცურად“ ეკეკლუცება). ცოტა ხანში ენტევეს „ბანი მისცეს“ რუსულ ინტერნეტფორუმებზე - აი, რაში ყოფილა საქმე! აი, თურმე რატომ დაიჩაგრა ნამდვილი ჰეტეროსექსუალი, უფრო მეტიც: „ორნაცოლარი“ ჟენია პლუშჩენკო! აი, როგორ გაერთიანებულან პედერასტები ყველა ქვეყნისა პლუშჩენკოს წინააღმდეგ - იმ პლუშჩენკოსი, რომელიც ყინულზე გასვლამდე მთელი არსებით ლოცულობს და კამერების თვალწინ ეამბორება ჯვარს, მისი თაყვანისმცემლების თქმით, ოთხი წლის წინ, ტურინში, ოლიმპიური ჩემპიონი რომ გახადა.

ჯვარმა ამჯერად არ უშველა. „პედერასტების მაფია“ უფრო ძლიერი გამოდგა!

ჰოდა, რისი თქმა მინდა, იცით? პლუშჩენკო რომ ქართველი ყოფილიყო და ლისაჩეკს გაემარჯვა, განა ზუსტად იმასვე არ იტყოდნენ საქართველოში? ექსპერტებს ხომ დაუთმობდნენ ეკრანს ჩვენი ტელეარხები? ლისაჩეკის „სექსუალურ გემოვნებას“ ხომ აუცილებლად განიხილავდნენ! უფრო მეტიც, შეიძლება ამერიკული ფიგურისტის წარმომავლობითაც დაინტერესებულიყვნენ და ოლიმპიურ ჩემპიონის გენებში „რაღაც სომხური“ აღმოეჩინათ.

ეს საოცარი მოვლენა, ჯერაც ნაკლებად შესწავლილი „რუსულ-ქართული ერთობა“ ცხოვრების ლამის ყველა სფეროში ვლინდება. საოცარი ისაა, რომ ამ ერთობას, ამ რაღაც ირაციონალურ, სექსუალურ ვნებას, ვერაფერი მოუხერხა ვერც საქართველოს სწრაფვამ ნატოსკენ (ნეტა, რამდენად გულწრფელი იყო ეს სწრაფვა?) და ვერც 2008 წლის აგვისტომ. და ვერც მოუხერხებს, სანამ ქართული საზოგადოება ყოველგვარი აგრესიის, ეჭვიანობის და სტერეოტიპული ქალთმოძულეობის გარეშე („ცოლია დამნაშავე!“) არ დაფიქრდება თუნდაც იმაზე, საიდან მოუვიდა თავში სახაროვს რუსეთისა და საქართველოს „გაერთიანება“, რას გულისხმობდა ზუსტად „დიდსა და მცირე იმპერიებში“? იქნებ, სწორედაც რომ ამ პარანოიულ ნარცისიზმს გულისხმობდა? იმას, რაც აკავშირებს პატარა საქართველოს თავის „ერთმორწმუნე მტერთან“?

აგერ, ბატონო, უკანასკნელი ინფორმაცია:

რუსეთის საპატრიარქოს მოთხოვნით და პრეზიდენტ მედვედევის თანხმობით, დუმა აპირებს განიხილოს კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რელიგიური შინაარსის სამუზეუმო ქონება რელიგიურ ორგანიზაციებს გადაეცემა. ანუ, ყოფილი ტაძრების, აგრეთვე, მუზეუმების ფონდებში დაცული ხატების მესაკუთრე საპატრიარქო გახდება.

რას გიგრძნობთ გული? როდის შემოვა განსახილველად ასეთი კანონპროექტი ჩვენს პარლამენტში? ადგილობრივ არჩევნებამდე? თუ რამდენიმე წლის შემდეგ?

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG