Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 23 თებერვალი 2010


საქართველო დაგვშორდაო, - წერს „კომერსანტი“ 22 თებერვლის ნომერში და, აი, რას გულისხმობს გაზეთი: „მას შემდეგ, რაც საქართველო დსთ-დან გამოვიდა, 2010 წლის დასაწყისში, რუსეთის სტატისტიკის დეპარტამენტმა იგი ახლო საზღვარგარეთის ქვეყნების სიიდან შორეული უცხოეთის კატეგორიაში გადაიყვანაო“, - წერს „კომერსანტი“.

პუბლიკაციის მიხედვით, ”როსსტატს”, უბრალოდ, არჩევანი არ ჰქონდა. სტატისტიკური დაკვირვების დოკუმენტებში იშვიათად ჩნდება ჯერ კიდევ რუსეთის ”გოსკომსტატის” დროინდელი ტერმინი ”დსთ-სა და ბალტიის ქვეყნები” , რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს აღნიშნავდა.

ამავე დროს, სტატისტიკური აღრიცხვის მონაცემებში ბალტიისპირეთის ქვეყნები 90-იანი წლების შუა რიცხვებიდან შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებს მიეკუთვნებიან ან გამოყოფილი არიან ცალკე ჯგუფად, რომელშიც ის ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები შედიან, რომლებიც დსთ-ში არ არიან გაერთიანებულნი.

იმ ამბის შეტყობამ, რომ საქართველო, სომხეთისა და აზერბაიჯანისაგან განსხვავებით, ახლა რუსეთისათვის შორეული უცხოეთის ქვეყნად ითვლება, საქართველოს მთავრობაში მსუბუქი გაოცება გამოიწვიაო, - წერს გაზეთი. შემდეგ კი მოჰყავს ეკონომიკის ექსპერტის გია ხუხაშვილის კომენტარი: ” მოსკოვი ამით ისევ იმას მიგვანიშნებს, რომ საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობები იგება როგორც ურთიერთობა რაღაც უცხოსთან, მტრულთან”, - უთხრა გია ხუხაშვილმა გაზეთს. მისი აზრით, ამას შეიძლება მოჰყვეს პოლიტიკის გამკაცრება არა მხოლოდ ქართული პროდუქციის იმპორტის თვალსაზრისით, არამედ ენერგომატარებლების ექსპორტის თვალსაზრისით საქართველოში. და ექსპერტის კიდევ ერთი ციტატა : „რუსეთს რომ შეეძლოს საქართველო მიაკუთვნოს არა მხოლოდ შორეულ უცხოეთს, არამედ ყველაზე, ყველაზე შორეულს, მაშინ ჩვენი ქვეყანა სწორედ ასეთ კატეგორიაში აღმოჩნდებოდა. ”როსსტატი”, უბრალოდ, ასახავს ამ რეალობას.”

„იზვესტია“ კი გასული კვირის მთავარ მოვლენებს გამოყოფს. პირველი უკრაინის თემა იყო. ტიმოშენკომ დანაპირები შეასრულა და არჩევნების შედეგები გაასაჩივრაო, - წერს „იზვესტია“. მეორე მთავარი ამბავი კი, გაზეთის მიხედვით, ამგვარია: „რუსეთ- აფხაზურმა შეთანხმებამ დასავლეთი გააბრაზა”.

პუბლიკაციაში საუბარია სერგეი ბაღაფშის მოსკოვში ვიზიტზე. მისი და რუსეთის პრეზიდენტის მოლაპარაკებების მთავარი შედეგი აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის თაობაზე შეთანხმება იყოო, - აღნიშნავს გაზეთი და დასძენს, რომ დასავლეთის რეაქციამაც არ დააყოვნა. საუბარია ნატოსა და ევროკავშირის შეფასებებზე.

ამასთანავე, „იზვესტია“ წერს, რომ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია 2017 წლიდან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გადაყვანაზე ყირიმიდან აფხაზეთში მას შემდეგ, რაც უკრაინასთან არსებულ შესაბამის შეთანხმებებს ვადა გაუვა. თუმცა, როგორც აფხაზეთის პრეზიდენტმა განაცხადაო, - წერს „იზვესტია“, - აფხაზეთში ისედაც საკმარისად არის რუსეთის ძალები საქართველოს საფრთხესთან გასამკლავებლადო.

„კომერსანტმა“ ერთ პუბლიკაციაში სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო დოქტრინები გამოაქვეყნა. ამ ქვეყანათა რიცხვში შევიდა საქართველოც.

ჟურნალი „ვლასტი“ კი იმავე დღეს იმით დაინტერესდა, თუ რისგან უნდა დაიცვას თავი რუსეთმა. ”ვინ ემუქრება რუსეთს?” - ასეთი იყო „ვლასტის“ შეკითხვა, რომელზეც პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები უპასუხებდნენ. პასუხები სხვადასხვაგვარი იყო: ” სისუსტე და თავში დაურწმუნებლობა - კორუფცია“, ”ყველაფერი რუსეთსა და მის პოლიტიკაზეა დამოკიდებული”, ”ჩვენ არ გვყავს მტრები, გვყავს მეტოქეები”, ”რუსეთი ჩინოვნიკებისგან უნდა დავიცვათ ”, ”ქვეყნებს შორის ასეთი არ არის”, ”ტერორიზმი”, ”ჩვენი მტერია კორუფცია და სუსტი არმია”, ”მაშინებს ჩინეთი” ,”საფრთხე მოდიოდა და მოდის დასავლეთისა და ნატოსგან” და ასე შემდეგ...

”ახლა ნაკლებად, მაგრამ მომავალში გამოჩნდებიან თავდასხმის მსურველები” - უპასუხა „ვლასტის“ გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის პრეზიდენტმა ლეონიდ ივაშოვმა. თუ ქვეყანა ძლიერი იქნება, მასთან ომის სურვილი ცოტას ექნება, მაგრამ თუ იგი განაგრძობს დეგრადირებას, მასზე თავდასხმას ეცდებიან არამხოლოდ ისეთი ქვეყნები, როგორიც არის საქართველო და ესტონეთი. ახალი სამხედრო დოქტრინა - ეს არის ნაბიჯი უკან. პირველად რუსეთის ისტორიაში, მასში გაქრა სიტყვები: ”საიერიშო ოპერაცია”, „კონტრდარტყმა”, ”მოწინააღმდეგის განადგურება”. თუ თავს დაგვესხმება აგრესორი, მაქსიმუმი, რაც, დოქტრინის მიხედვით, უნდა გავაკეთოთ, ეს სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის იძულებაა“, - განაცხადა ლეონიდ ივაშოვმა.
XS
SM
MD
LG