Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რობერტ გეიტსი: ნატო კრიზისშია და მოდერნიზაციას საჭიროებს


რობერტ გეიტსი, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი
რობერტ გეიტსი, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი
შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა ნატოს ევროპელი წევრები გააფრთხილა, რომ თუკი ისინი თავიანთი ჯარების მოდერნიზაციას არ მიმართავენ და თავდაცვის სფეროს დაფინანსებას არ გაზრდიან, სხვა ქვეყნებმა ნატო, შესაძლოა, დასუსტებულ ალიანსად აღიქვან.

გეიტსი ამ განცხადებით 23 თებერვალს გამოვიდა იმ ექსპერტების წინაშე, რომლებიც ნატოს სტრატეგიული კონცეფციის ახალ ვერსიაზე მუშაობენ. ერთი დღით ადრე კი ნატოს სამომავლო პერსპექტივებს ვაშინგტონში საჯარო გამოსვლა მიუძღვნა ბარაკ ობამას ადმინისტრაციის კიდევ ერთმა გავლენიანმა წარმომადგენელმა - სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თქმით, 61-წლიანმა ალიანსმა წარმატებით შეძლო მეორე მსოფლიო ომისშემდგომ ევროპაში მშვიდობის შენარჩუნება, თუმცა ახლა უკვე დემილიტარიზაციის პროცესი აგრესიის მოგერიების შესაძლებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს:

„ევროპაში, სადაც საზოგადოებისა და პოლიტიკოსების დიდი ნაწილი სამხედრო ძალას და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებს ცუდი თვალით უყურებს, დემილიტარიზაციის პროცესმა მეოცე საუკუნეში დადებითი გარემო შექმნა, მაგრამ ოცდამეერთეში ის უკვე ჭეშმარიტი უსაფრთხოებისა და მდგრადი მშვიდობის მიღწევის შემაფერხებელ ფაქტორად იქცა“, - განაცხადა გეიტსმა.

მისი აზრით, თუკი ნატოს წევრ ქვეყნებს ძლიერი ჯარი არ ეყოლებათ და ჯარის მოდერნიზაციის მიზნით საჭირო თანხები არ იქნება გაღებული, ევროპა, შესაძლოა, საფრთხეების წინაშე აღმოჩნდეს:

„ნამდვილი ან წარმოსახვითი სისუსტე მხოლოდ აგრესიის გამოვლენის ან არასწორი ნაბიჯის გადადგმის ცდუნებას არ აჩენს. კიდევ უფრო ზოგად დონეზე რომ ვისაუბროთ, დაფინანსების და შესაძლებლობების კუთხით ნაკლოვანებები ართულებს საერთო საფრთხეების წინააღმდეგ გაერთიანებული ძალებით ბრძოლას.“

რობერტ გეიტსი უკვე 3 წელიწადზე მეტია, რაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მუშაობს და ნატოს ევროპელ მოკავშირეებს მან წარსულში უკვე რამდენჯერმე მოუწოდა გაეზარდათ თავდაცვის სფეროს ბიუჯეტები.

ამასთან, გეიტსი ხშირად დადებითად აღწერს ევროპელთა წვლილს ავღანეთში და სხვა ადგილებში მიმდინარე ნატოს მისიებში. მან ეს ბოლო გამოსვლაშიც გაიმეორა - თქვა, რომ მოკავშირეები ახლახან „უპრეცედენტოდ მაღალი ხარისხით“ ჩაერთვნენ ავღანეთის კამპანიაში და იქ თავიანთი ჯარის რაოდენობა 30,000-დან 50,000-მდე გაზარდეს. ამასთან, გეიტსის თქმით, ავღანეთში მიმდინარე ოპერაციისთვის ნატოს უკვე დიდი ხანია ესაჭიროება უფრო მეტი სატვირთო თვითმფრინავი და ვერტმფრენი - ისევე როგორც საწვავის დამატებით ჩასხმისთვის საჰაერო ტანკერები თუ სადაზვერვო და სადამკვირვებლო პლატფორმები.

„სამხედრო ალიანსი, რომელიც სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობის ვალდებულებების წინაშე დგას“ -ასე დაახასიათა გეიტსმა ნატო და თქვა, რომ ალიანსის სტრატეგიული კონცეფციის ახალ ვერსიაზე მუშაობა უმნიშვნელოვანეს პერიოდს ემთხვევა:

„დღესდღეობით ალიანსი ძალიან სერიოზული, გრძელვადიანი, სისტემური პრობლემების წინაშე დგას. ნატოში საბიუჯეტო კრიზისი მნიშვნელოვანი ასპექტია - იმ უფრო ღრმა პრობლემების სიმპტომი, რომლებიც უკავშირდება ნატოს მიერ საფრთხეების აღქმას, საჭიროებების განსაზღვრას და რესურსების დახარისხება-განაწილებას“, - თქვა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა.

ნატოს სტრატეგიულ კონცეფციაზე, რომელიც უკანასკნელად 1999 წელს შეიცვალა, ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს, ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის ხელმძღვანელობით.

ახალი ვერსია ნოემბერში ლისაბონში უნდა დაამტკიცონ.
XS
SM
MD
LG