Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს აღარ მიაკუთვნებენ „მასშტაბური კორუფციის ქვეყნებს“


საქართველოს აღარ მიაკუთვნებენ „მასშტაბური კორუფციის ქვეყნების“ რიცხვს - ეს არის მთავარი დასკვნა, რომელიც საქართველოს შესახებ შეიძლება გაკეთდეს ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაციის, „გლობალური პატიოსნების“ მორიგი ანგარიშიდან. ეს ორგანიზაცია, უმეტესწილად, სწორედ კორუფციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს და ამ კვირაში გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიმოხილვასაც შემოგთავაზებთ. საყურადღებოა, რომ საქართველოს შესახებ მაინც მრავალი კრიტიკული შეფასება გამოითქმის.

შეერთებულ შტატებში დაფუძნებული საერთაშორისო ორგანიზაცია სახელწოდებით „გლობალური პატიოსნება“ აგროვებს, აანალიზებს და ავცრელებს აქტუალურ ინფორმაციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მმართველობისა და კორუფციის ტენდენციების შესახებ. ამ ქვეყნებს შორის, 2006 წლიდან მოყოლებული, უკვე მეოთხედ მოხვდა საქართველო და ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ „მასშტაბური კორუფციის ქვეყნების სიიდან“ მისი ამოღება დადებით ფაქტად უნდა მივიჩნიოთ.

და მაინც, რას გულისხმობს ამ სიაში ყოფნა და რატომ, რა ზომების გამო აღარ შედის მასში საქართველო?
„გლობალური პატიოსნების“ აღმასრულებელი დირექტორის, ნათანაელ ჰელერის განმარტებით, საქმე ეხება იმ ქვეყნების სიას, რომლებშიც, ორგანიზაციის შეფასებით, „არსებობს საჯარო რესურსების დიდი ნაწილის მოპარვის განსაკუთრებით დიდი რისკი“. ესენია ქვეყნები, რომლებშიც განიხილავენ სამ კატეგორიას კარგი ადმინისტრირების მაჩვენებელი სულ, დაახლოებით, 25 კატეგორიიდან.

სამი კატეგორია, რომელსაც „გლობალური პატიოსნება“ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ამ სიასთან მიმართებით, არის:

პირველი - პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების დაფინანსება (არის თუ არა უზრუნველყოფილი სათანადო კონტროლი და დაფინანსების გამჭვირვალობა);

მეორე - სახელმწიფო საწარმოების მენეჯმენტი და მათი მართვის გამჭვირვალობა;

მესამე - მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებისთვის ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული წესები.
ნათანაელ ჰელერი

„თუ ეს სამი კატეგორია მოცემულ ქვეყანაში სუსტია, ქვეყანა, სამწუხაროდ, მასშტაბური კორუფციის ქვეყნების სიაში ხვდება. როგორც უკვე ითქვა, 2009 წლის დადებით სიახლედ უნდა მივიჩნიოთ, რომ წელს საქართველოში მუშაობის დასრულების შემდეგ, ქვეყანა, ფაქტობრივად, დაწინაურდა ამ სიიდან ბოლო 12 თვის ზოგი რეფორმის შედეგად“, - ამბობს ჰელერი. მისი ორგანიზაციის, გლობალური პატიოსნების ინდექსით, საქართველოს 73 ქულა აქვს მიკუთვნებული.

ქართველი ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე აღნიშნავს, რომ „საქართველო, რომლის მონაცემებიც არის 73 ქულა 100 შესაძლებლიდან, ამ კუთხით უსწრებს უკრაინას, აზერბაიჯანს, კიდევ რამდენიმე ქვეყანას, რომელიც, შეიძლება ითქვას, დაახლოებით საქართველოს დონეზე არის“.

„ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი“, რომელშიც ზაალ ანჯაფარიძე პროგრამის მენეჯერად მუშაობს, „გლობალური პატიოსნების“ ბოლო ანგარიშშია მოხსენიებული. ეს ფონდი გრანტებსა და ტრენინგებს სთავაზობს არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში, რათა მათ ეფექტიანად შეასრულონ მაკონტროლებლის როლი.
ჩვენს რადიოსთან საუბარში ზაალ ანჯარაფრიძემ ყურადღება გაამახვილა პრობლემებზეც, რომლებსაც საქართველოში ხედავს ორგანიზაცია „გლობალური პატიოსნება“. მის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიღებული ზომები (კორუფციის მხილების ფაქტების მატება, თუ სახალხო დამცველის და კონტროლის პალატის როლის გაძლიერება) საკმარისი არ არის, რომ საქართველოში თვალშისაცემია მიღებული კანონების განხორციელების პრობლემა, ისევე როგორც ძალაუფლების აღმასრულებლ შტოში თავმოყრის პრობლემა.

რაც შეეხება ელიტურ კორუფციას, რის შესახებაც ხშირად არის საუბარი?
ზაალ ანჯაფარიძე

„ელიტური კორუფცია იმიტომ არის ელიტური, რომ უფრო ძნელი არის აღმოსაჩენად, ვიდრე კორუფცია დაბალ დონეზე, რომელსაც ხელისუფლება წარმატებით ებრძვის. მაგრამ ელიტური კორუფცია არის, როგორც წესი, დაფარული და სამოქალაქო ორგანიზაციებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ინფორმაციაზე, რომელმაც შეიძლება ამ ტიპის კორუფციული გარიგებები სააშკარაოზე გაიმტანოს“, - ამბობს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

ჩვენ „გლობალური პატიოსნების“ აღმასრულებელ დირექტორ ნათანაელ ჰელერსაც ვკითხეთ, რა ინფორმაცია აქვს მის ორგანიზაციას ელიტურ კორუფციაზე, რომლის შესახებაც ხშირად ლაპარაკობენ საქართველოში - ოპოზიციონერები, თუ რიგითი მოქალაქეები. „ჩემი აზრით, საქართველოს კონტექსტში მართლაც არსებობს ნიშნები იმისა, რომ ეს პრობლემა სახეზეა“, აღნიშნავს ჰელერი და თავისი აზრის დასაბუთებას იწყებს ერთ-ერთი ნიშნით, რომლის შესახებაც მისი ორგანიზაციისთვის ადგილზე მუშაობის შედეგად არის ცნობილი. ეს ნიშანია „კვლავინდებურად სუსტი მაჩვენებლები, როცა საქმე ეხება მთავრობის ანგარიშვალდებულებას, ინტერესთა კონფლიქტის საკითხის დარეგულირებას (ეს დარეგულირება აუცილებელია, რათა არ იყვნენ მაღალი რანგის ოფიციალური პირები, რომლებიც ბიზნესშიც საქმიანობენ და თან შეხვედრებზე დადიან პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად). საჭიროა მთავრობაში მუშაობის შემდგომი საქმიანობის დარეგულირება, რათა, როცა მინისტრი და, ზოგადად, მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე თანამდებობას დატოვებს, არ წავიდეს ბიზნესში, რომლის შესახებაც მანამდე იღებდა გადაწყვეტილებებს. ამ მხრივ გარკვეულ პრობლემებს, რომლებიც საქართველოში შეკრებილ მონაცემებში გვხვდება, უდავოდ შეუძლიათ, ხელი შეუწყონ „ელიტურ კორუფციას“, რის შესახებაც ბევრი ლაპარაკობს საქართველოში“.

და კიდევ ერთი დიდი პრობლემა, რომელზეც, გარდა იმისა, რომ „გლობალური პატიოსნების“ წლევანდელ ანგარიშშია მოხსენიებული, რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარშიც მიუთითა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათანიელ ჰელერმა: ეს არის საქართველოში ძალაუფლების აღმასრულებელ შტოში თავმოყრის ტენდენცია - შემაშფოთებელი ტენდენცია, დასძენს ჰელერი. თუ საქართველოს სურს, ვარდების რევოლუციის შემდგომი მიღწევების კონსოლიდაცია, ამბობს ის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ პარლამენტსა და სასამართლოებს ჰქონდეთ აღმასრულებელი ხელისუფლების ეფექტიანად გაკონტროლების შესაძლებლობა.
XS
SM
MD
LG