Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოზარ სუბარი: „ეშმაკსაც შევეკვრებით, ოღონდ სააკაშვილი არ იყოს - ჩემთვის მიუღებელია“


სოზარ სუბარი
სოზარ სუბარი
24 თებერვალს ოპოზიციის ნაწილის შეხვედრას ჭადრაკის სასახლეში „ალიანსი საქართველოსათვის“ მხოლოდ ერთი სუბიექტი, ირაკლი ალასანია, ესწრებოდა, რომლის ნაბიჯსაც ყოფილი პარტნიორები სულ უფრო მწვავედ აკრიტიკებენ. მათ შორის არის სოზარ სუბარი, ყოფილი სახალხო დამცველი, რომელსაც „ალიანსი საქართველოსათვის“ წევრები, ალასანიას მერად არჩევის შემთხვევაში, ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტისათვის ამზადებდნენ. თუმცა, როგორც ჟენევაში მყოფმა სოზარ სუბარმა უთხრა რადიო თავისუფლებას, გზა, რომელიც ირაკლი ალასანიამ აირჩია, მისთვის მიუღებელია.

სოზარ სუბარი: „ჩემი და ზოგადად „ალიანსის“ სხვა წევრების პოზიცია არის უცვლელი - ჩვენ მივესალმებით ერთობას და, პირიქით, ყველაფერს ვაკეთებდით ამ ხნის განმავლობაში ერთობისათვის, ოღონდ ეს ვერ იქნება ერთობა შეუთავსებელთა შეთავსების. ჩვენ გვინდოდა, რომ ეს ერთობა ყოფილიყო სწორედ ირაკლი ალასანიას გარშემო. დღეს რასაც შორიდან ვუყურებ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ირაკლი ალასანიამ არჩია სხვა გზა, მან არჩია ერთობა ზურაბ ნოღაიდელის გარშემო. ეს მისი გადასაწყვეტია. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ ეს არ იქნება პირადად ჩემთვის ძალიან გასახარი ამბავი. თუ ეს ასე მოხდა, „ალიანსი“ დარჩება, ბუნებრივია, ოღონდ ეს იქნება არა ოთხწევრიანი, არამედ, ჯერჯერობით, სამწევრიანი „ალიანსი“, სანამ ის კიდევ უფრო არ გაფართოვდება.“

რადიო თავისუფლება: რატომ იწვევს ნოღაიდელის პერსონა ასეთ კრიტიკას? ის არ ამბობს, რომ იგი უნდა იყოს ერთიანი კანდიდატი. ეს ხომ არ არის ხელოვნური მიზეზის ძებნა, რომ ამით გაჩეჩილაძეს ურტყათ, როგორც ამას ხშირად ამბობენ?

სოზარ სუბარი: „უამრავი აზრთა სხვადასხვაობა არსებობს პოლიტიკურ ძალებს შორის პოლიტიკურ პლატფორმასთან დაკავშირებით. მართლაც, არის რაღაც ხაზი, რომლის გადალახვაც არის შეუძლებელი. ეს ხაზია, როდესაც ვინმე აშკარად რუსულ ხაზს აწარმოებს საქართველოში. და ამ შემთხვევაში ნოღაიდელის ფიგურა არის გამოკვეთილი. არის კიდევ ბევრი თემა, რომელზეც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ წავალთ. იმავე ირაკლი ალასანიას აქვს ნათქვამი, რომ ის დაუპირისპირდება ყველას, ვინც კი რევოლუციის წამოწყებას ეცდება. მეორე მხრივ, ლევან გაჩეჩილაძის თუ მისი ძმის მხრიდან ხშირად გვესმის განცხადებები, რომ არჩევნები არის საბაბი ჭექა-ქუხილის გამოსაწვევად. მე არ ვიცი ჭექა-ქუხილში რას გულისხმობენ ისინი, მაგრამ თუ აქ ლაპარაკია რევოლუციის ან აჯანყების გზაზე, ძალიან მაინტერესებს, მაშინ რა პოზიციას დაიკავებს ირაკლი ალასანია? მანამდე კი მე შემიძლია გითხრათ, რომ სანამ ეს მათ მკაფიოდ არ აქვთ ნათქვამი და სანამ ისინი ამ გზაზე არ დგანან, ცხადია, მათთან თანამშრომლობა შეიძლება. თუკი ისინი აჯანყებისა და რევოლუციის გზას აირჩევენ, ჩვენი გზა იქაც მკაფიოდ გაიყოფა. ასე რომ, არის რაღაცები, რაზეც არ შეიძლება ჩვენი შეთანხმება. ახლა, ოღონდ ნუ იქნება მიხეილ სააკაშვილი, ოღონდ ნუ იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ და ამის გულისთვის ეშმაკსაც შევეკვრებით, - პირადად ჩემთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელი გზა და მიუღებელი გზავნილია.“

რადიო თავისუფლება: ხომ არ გიცდია, პირადად ირაკლი ალასანიასთან გაგერკვია, თუ რა არგუმენტები აქვს და რა მოტივებით მოქმედებს?

სოზარ სუბარი: „არა, უფრო სწორად, აქ, ჟენევაში, ჩამოსვლის შემდეგ არა, რადგან მანამდე ყოველდღე ერთად ვიყავით, ყოველდღე ერთად ვსაუბრობდით და საკმაოდ კარგად ვხვდები, თუ რას აკეთებს და საით მიდის. და ახლა არ მგონია, რომ დამატებით კონსულტაციებს რაიმე აზრი ჰქონდეს. ეს ხუთი თვე გავლიეთ პრაქტიკულად კონსულტაციებში ისე, რომ რეალური ქმედებები ძალიან ცოტა განვახორციელეთ. და არ მგონია, რომ ამის გაგრძელება ღირდეს.“

რადიო თავისუფლება: მეჩვენება, რომ ირაკლი ალასანიაზე, როგორც პარტნიორზე, წარსულ დროში ლაპარაკობ.

სოზარ სუბარი: „გამოჩნდება რამდენიმე დღეში. ახლა ის, რასაც მე დღეს ვხედავდი, ფაქტობრივად, მაგას ნიშნავს. მაგრამ ვნახოთ, შეიძლება აქედან, შორიდან, რაღაცები არასწორად ჩანს ან სხვანაირად ჩანს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG