Accessibility links

logo-print
ძალაში შევიდა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები და დამატებები, რომელთა მიზანია ეთნიკური უმცირესობებისთვის ხელის შეწყობა სახელმწიფო ენის შესწავლასა და სამოქალაქო ინტეგრაციაში. უფრო კონკრეტულად კი, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელმაც დაამთავრა აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი საშუალო სკოლა, შეეძლება ისარგებლოს ახალი წესით და ეროვნული გამოცდა მხოლოდ ერთ საგანში - ზოგად უნარ-ჩვევებში - ჩააბაროს და, ისიც, მშობლიურ, ანუ ან აზერბაიჯანულ და ან სომხურ ენაზე. 24 თებერვალს აღნიშნულ ცვლილებას სახალხო დამცველის ოფისში მრგვალი მაგიდა მიეძღვნა,

ცვლილებების თანახმად, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელმაც დაამთავრა აზერბაიჯანულენოვანი ან

სომხურენოვანი საშუალო სკოლა, შეუძლია ისარგებლოს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით და გახდეს საქართველოში მოქმედი ნებისმიერი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი. ამოქმედდება „ერთი პლუს ოთხი“ სისტემა, რომლის მიხედვითაც, თუკი სტუდენტი წარმატებით დახურავს ქართული ენის შემსწავლელ სპეციალურ კურსს და 60 კრედიტს დააგროვებს, ის გააგრძელებს სწავლას უმაღლეს სასწავლებელში სასურველი სპეციალობით.

აღნიშნულ ინიციატივასა და ცვლილებას მიესალმება სახელმწიფო მინისტრის მოადგილე რეინტეგრაციის საკითხებში ელენე თევდორაძე. მას მიაჩნია, რომ ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი იმ ადამიანების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშესაწყობად, რომლებიც ნაკლებად ან საერთოდ არ ფლობენ ქართულ ენას. გარდა ამისა, ის სტატისტიკურ მონაცემებზე ამახვილებს ყურადღებას და საუბრობს იმ სტიმულზე, რაც აღნიშნული ცვლილებების შემდეგ სომხურ და აზერბაიჯანულენოვან აბიტურიენტებში წარმოიშვა:

”ჩვენ ვხვდებით ქვემო ქართლში მცხოვრებ აბიტურიენტებს და საკუთარ ენაზე მიეცემათ საშუალება მოისმინონ ის სიახლეები,

რაც კანონში შევიდა. საინტერესო სტატისტიკასთან გვაქვს საქმე: თუკი შარშან ქვემო ქართლიდან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა მხოლოდ 53 განცხადება შემოვიდა, წელს განცხადებების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და უკვე 229 განცხადებაა შემოსული”, - ამბობს ელენე თევდორაძე.

რუნარ ჰუსეინოვი საქართველოში აზერბაიჯანელ სტუდენტთა კავშირის წევრია. ის მიიჩნევს, რომ, აღნიშნული ცვლილების შედეგად, არაქართულენოვან აბიტურიენტებს მოეხსნებათ ის ბარიერი, რომელიც აბრკოლებდა უმაღლეს სასწავლებელში მათ მოხვედრას და შემდგომ უკვე დასაქმებას.

ანალოგიურ ბარიერზე საუბრობს მედიასთან სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში. მისი განცხადებით, აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი აბიტურიენტებისათვის გამარტივებული მისაღები გამოცდები იქნება მათი სამოქალაქო ინტეგრაციის საფუძველი. ის აქვე შენიშნავს, რომ აღნიშნული სიახლეები ნაკლებადაა ცნობილი ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებისათვის და სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად ჩაერთვება პროცესში, რათა მათ ამ ცვლილებების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს.

განსხვავებულ პრობლემას ხედავს ეროვნულ უმცირესობათათვის მისაღები გამოცდების გამარტივების პროცესში

პარლამენტის საგანმანათლებლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხათუნა ოჩიაური. მისი თქმით, მისაღები გამოცდების გამარტივების წესი არაჩვეულებრივი გზაა ამ ადამიანების ინტეგრაციისათვის, მაგრამ შიშობს, რომ აღნიშნულმა ცვლილებებმა შესაძლებელია მოახდინოს არა ქართული, არამედ სომხური და აზერბაიჯანული ენების განვითარების სტიმულირება. სწორედ ამიტომ ლაპარაკობს ის სკოლის დონეზე ქართული ენის სწავლების გაძლიერებასა და სახეშეცვლილი კანონის დროით შეზღუდვაზე.

რაც შეეხება შეზღუდვას, ”უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში მითითებულია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან სტუდენტთა ჩარიცხვა არის საქართველოს არაქართულენოვანი მოქალაქეების სამოქალაქო ინტეგრაციისკენ მიმართული დროებითი ღონისძიება და მოქმედებს 2018–2019 სასწავლო წლის ჩათვლით.
XS
SM
MD
LG