Accessibility links

logo-print
31 მაისი, კვირა
ხშირ შემთხვევაში კვირა ყველაზე პროდუქტიული დღეა. უცნაურია, მაგრამ ასეა. ჩემი ამჟამინდელი საქმიანობიდან გამომდინარე, კვირის დღეები, ძირითადად, სხვადასხვა ადამიანთან ურთიერთობაში, უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციაში ილევა. კვირა ასეთი პროცესისგან თავისუფალი პერიოდია, გაქვს საშუალება, აზრებს მშვიდად მოუყარო თავი, ეძიო ახალი იდეები. ამ დღიურების წერა სწორედ კვირას დაიწყო, სწორედ რომ ყველაზე ადეკვატურ დროს. წარმოდგენა არ მაქვს, როგორი გამოვა და ამიტომაც მხიბლავს ეს იდეა. ერთი რამ შემიძლია თავიდანვე ვთქვა: ჩანაწერებში არ იქნება ქრონოლოგიურად ჩამოთვლილი ჩემი მოქმედებები ან ცხოვრების წესი, ალბათ უფრო მოსაზრებების კომპილაცია. ვნახოთ...

1 ივნისი, ორშაბათი
დღე ჩვეულებრივად იწყება. ისევ დილის ინფორმაციები, ისევ რუსთაველის ბლოკირება ჩვენი ოპონენტების მხრიდან. ბუნებრივია, ამ მოქმედებებს აქვთ კონკრეტული ნეგატიური შედეგი, მაგალითად, ეკონომიკური აქტივობის შემცირება. თუმცა, აშკარაა, რომ მედალს ნამდვილად ორი მხარე აქვს.
მანქანაში ვუსმენ რადიოს და ვრწმუნდები, რომ ამ მოქმედებებს ერთი, მაგრამ ისტორიულად მნიშვნელოვანი დადებითი მომენტი ახლავს თან. ეს იქნება მაგალითი ქართული საზოგადოებისათვის, რომ სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა სწორედ პოლიტიკური ფორუმზე, პოლიტიკურ არენაზე, ცხარე პოლიტიკურ კამათში უნდა მოხდეს და არა ქუჩაში.

პროფესიული რეფორმები ნორმალური პოლიტიკური პროცესის ფარგლებშია წარმატებული და არა რადიკალიზაციისა და უნდობლობის. არ ვგულისხმობ, რომ დემონსტრაცია მიუღებელია. არავითარ შემთხვევაში! მაგრამ ერთი რამ ცხადია: პროტესტის რადიკალური მეთოდები არ უნდა იყოს თვითმიზანი, პოლიტიკოსი არ უნდა იყოს სხვებისთვის პრობლემების შექმნაზე ორიენტირებული, არამედ ამ პრობლემების გადაწყვეტაზე უნდა აკეთებდეს ფოკუსირებას. ამ რადიკალური რეფორმების წარუმატებლობა წელში გატეხავს ქართული საზოგადოების მენტალიტეტს, როდესაც ხელისუფლების ცვლა მხოლოდ ქუჩაში ხდება. ამ მანიფესტაციების დასრულების შემდეგ ყველას შეგვეძლება, ერთად ვთქვათ: „ჩვენ გავიზარდეთ, საქართველო გაიზარდა.“
როდესაც ჩანაწერების გაკეთება მთხოვეს, აზრმა გამიელვა, რომ პოლიტიკური ჩანახატებისგან თავი უნდა შემეკავებინა, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის! როგორც ჩანს, ისევ აქტუალურ პოლიტიკურ თემებს ვუბრუნდები. პოლიტიკოსისთვის ეს გასაკვირი არ არის, მაგრამ ჩვეულებრივი მოქალაქეც ხომ გაჟღენთილია პოლიტიკური აურით! კარგია ეს თუ ცუდი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია. მაგალითად, აპათია პოლიტიკისადმი ევროპაში ნამდვილად ნეგატიური მოვლენაა, მცირდება რწმენა, ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ცვლილებები, შეუძლებელია რეფორმების გატარება.

2 ივნისი, სამშაბათი
დილით ძილის საშუალებას ნინია, ჩემი პატარა გოგონა, არ მაძლევს. ორი არჩევანი მაქვს: ან წიგნი უნდა წავუკითხო, ან მუსიკა უნდა ჩავურთო. შეზღუდული არჩევანის პირობებში სხვა გზა არ არის, წიგნის გვერდებს მივუყვებით, თუმცა პირიქით გამოდის, სურათების დათვალიერების შემდეგ ნინია თვითონ მიყვება შეთხზულ ისტორიებს, ზოგჯერ მის მიერ მოგონილ სიტყვებსაც იყენებს. ძილის სურვილს ინტერესი მიკლავს, ვუყურებ ბავშვს და ვფიქრობ, რომ მშვიდობა ღირებული რამაა; მხოლოდ მშვიდობის პირობებში შეიძლება სრულყოფილი განვითარება, რეფორმების კონსოლიდირება, მაგრამ არის ერთი რამ: მშვიდობა სიცოცხლისუნარიანია მხოლოდ თავისუფალ გარემოში. ამიტომ მოგვიწია ყველას ქვეყნის დაცვა და იარაღის ხელში აღება მშვიდობის სახელით აგვისტოს დღეებში. კარგია, რომ ჩვენმა მეზობელმაც გაიგო, რომ თავისუფლება არის ქართული სახელმწიფოს ქვაკუთხედი და ამის დათმობას არავინ აპირებს.

3 ივნისი, ოთხშაბათი
ძალიან დახუთული ჰაერია დილით. ალბათ, უღიმღამო დღე იქნება, თუმცა უკვე დიდი ხანია, ამინდი აღარ მოქმედებს ჩემს განწყობაზე. ესეც, ალბათ, არაბუნებრივია. როგორც ვაკვირდები, დრო არ მრჩება, რომ საკუთარი განწყობა შევაფასო, დავფიქრდე, როგორ გუნებაზე ვარ.
ჟურნალისტებს უნდა შევხვდე, გარკვეულ საკითხებზე კომენტარის გაკეთება მთხოვეს, დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, დებატები მომიწევს რომელიმე არხზე. მედიასთან კომუნიკაცია ნამდვილად დროის მტვერსასრუტია, მსგავსი ინტენსიური დისკუსია ტელეეთერში მსოფლიოს არც ერთ განვითარებულ სახელმწიფოში არ არის. სამწუხაროდ, ამას არ აფასებენ. მიუხედავად სირთულეებისა, ჩვენი ცხოვრება მიმზიდველია, გამოწვევები ყოველთვის მუღამს გიჩენს. უფრო მეტიც, ჩვენ ყველამ შენება ხომ სუფთა ფურცლიდან დავიწყეთ და ცარიელი ხელებით აგურს აგურს ვადებთ. და მაინც, ყველაზე დიდი ხიბლი ამ ცხოვრების პასუხისმგებლობაა. მშვიდ, დუნე ევროპულ ქვეყანაში რიტმი ალბათ უინტერესობის პიკი იქნებოდა.

4 ივნისი, ხუთშაბათი
ჩვეულებრივი დღე დაიწყო. რამდენიმე შეხვედრა მაქვს დაგეგმილი. მანქანა ფიქრისთვის ყველაზე ადეკვატური ადგილი და დროა.
ეს პროფესია რომ არ ამერჩია, საინტერესოა, სად ვიქნებოდი ახლა. ერთი პერიოდი ნეიროქირურგობაზე ვფიქრობდი, თუმცა რეალურად დღევანდელი ჩვენი საქმიანობაც ხომ ქირურგიაა რუსულ გონებაზე. დღეს საქართველო ცდილობს, რუსული ისტემბლიშმენტის მენტალობა შეცვალოს. დიდი იმპერია ბევრი იყო, თუნდაც წინა საუკუნეში, მაგრამ ყველამ გაიარა მოდერნიზაციის პროცესი. ჩვენი მეზობლის გარდა, სამწუხაროდ. შესაბამისად, რუსეთის საგარეო პოლიტიკის მეთოდები მოძველებული და აგრესიულია. ჩვეულებრივი რუსი ობივატელისათვის წარმოუდგენელია საქართველოს გასვლა ეგრეთ წოდებული ექსკლუზიური გავლენის სფეროდან. მტკივნეული დარტყმა იყო ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის „გაძრომა“ რუსული ორბიტიდან. თავისუფლების პრინციპზე დაფუძნებული საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ჩრდილოატლანტიკურ არეალში ინტეგრაცია კი სრული კოლაფსია რუსული მენტალიტეტის, და ეს გარდაუვალი პროცესია. საქართველო ნეიროქირურგია, რომელმაც ოპერაცია რუსულ ტვინზე ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო და მალე დაამთავრებს. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს, მე ყველას ვაძლევ პირობას, რომ ეს ოპერაცია დასრულდება.

5 ივნისი, პარასკევი
საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაა. ძირითადი საკითხებია ჟენევის მოლაპარაკების პროცესი და საქართველოში გაეროს მისიის გაგრძელების პერსპექტივები. საკმაოდ ინტენსიური დისკუსია გამოვიდა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, რიგ შემთხვევაში კამათიც გაიმართა გარკვეულ საკითხებზე. საინტერესოა, რომ სწორედ კამათში და, ზოგადად, აქტიური მოქმედების დროს გავიწყდება ამ პრობლემების სიმწვავე. სწორედ მოძრაობა ბადებს ახალ ენერგიას და არა პირიქით.
ოპოზიციამ გაეროში ჩვენი წარმომადგენლის მიერ გაეროს გენერალური მდივნის მიმართ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნები დიპლომატიურ სკანდალად მონათლა, ვერ დავეთანხმები. დიპლომატია საშუალებაა მიზნის მისაღწევად, შესაბამისად, მიზანს არ უნდა გადაუხვიო. ეფექტიანი დიპლომატია პრინციპებზე დამყარებული, შედეგზე ორიენტირებული მოქმედებაა. რიგი სახელმწიფოების მხრიდან უპრინციპო დიპლომატიის და არასათანადო პოლიტიკური ზეწოლის შედეგი იყო სწორედ მეორე მსოფლიო ომი. საქართველოს კომპრომისებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის ფუფუნების საშუალება არა აქვს. მანამ, სანამ სახელმწიფოს გამოწვევები ემუქრება ჩვენი მტრისგან, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველა დონეზე, ნებისმიერ ფორუმზე, მკვეთრად და მტკიცედ გამოვხატოთ საკუთარი პოზიცია. სწორედ ჩვენი გააზრებული და პრინციპული პოზიცია უღვივებს ჩვენს ევროპელსა და ამერიკელ პარტნიორებს სურვილს, აქტიურად დაგვიჭირონ მხარი.

6 ივნისი, შაბათი
ნინიასთან თამაშის და კომუნიკაციის დრო მაქვს. ძალზედ შემეცნებითი პროცესია! ალბათ, სწორედ ამ ასაკიდან ხდება ერთმანეთის შეცნობა, სწორედ ახლა იწყებს იგი გააზრებულ მოქმედებას, ახდენს მარტივი პროცესის შეფასებას და კრიტიკულ აზროვნებას. გადამწყვეტია ამ პერიოდში ბავშვთან კომუნიკაცია. სამწუხაროდ, დროის სიმცირის გამო ამას ხშირად ვერ ვახერხებ. თავისთავად, თამაშის პროცესი ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ბავშვი ხომ ენერგიის ვამპირია - ორ საათში თავს გამოფიტულად ვგრძნობ.
დღიურების ზედაპირულად გადახედვას ვაპირებ, ვგრძნობ, რომ ძალიან მაინტერესებს რა დავწერე. დარწმუნებული ვარ, ერთი კვირის წინ დასახული ამოცანა, პოლიტიკურ თემებზე არ მესაუბრა, ვერ შევასრულე. მართლაც რთულია, სახელმწიფოს განვითარების ამ ეტაპზე განყენებულ თემებზე ისაუბრო. მით უფრო, როცა ამ მოვლენებში შენი ჩართულობის ხარისხი მაღალია.
ერთი დამაინტრიგებელი მოსაზრება წამომიტივტივდა: ეს დღიურები სხვებთან კომუნიკაციის საშუალებაა თუ საკუთარ თავთან ურთიერთობის? ალბათ, უფრო მეორე. თანაც, არა მგონია, ჩემს გარდა, ვინმესთვის ღირებული იყოს ეს ჩანაწერები, მაგრამ მედალს ისევ მეორე მხარე აქვს. არც ზედმეტად საკუთარ თავში ჩაკეტვაა სასარგებლო. ალბათ, აზროვნების, მოქმედების ტემპს ამცირებს.
სავარაუდოდ, მომავალში ასეთ დღიურებს აღარ გავაკეთებ.
XS
SM
MD
LG