Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყეში სანადიროდ წასული ბიძა-ძმისშვილი ოსურმა პოლიციამ აიყვანა


სოფელი კირბალი
სოფელი კირბალი
ბიძა-ძმისშვილი - 24 წლის ვაჟა და 19 წლის ბექა თაყაძეები ოსურ მხარეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ჰყავს დაკავებული. თაყაძეები სოფელ კირბალის მიმდებარე ტყეში ორშაბათს სანადიროდ წავიდნენ და მას შემდეგ ვეღარ უკავშირდებიან. ოჯახის წევრები და სამართალდამცავები მათ კვალს ორი დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ. ოსური მხარე ქართულ მხარესთან კონტაქტზე არ გადიოდა. ბოლოს, პოლიციელებს თაყაძეების დაკავების ფაქტი, რუსული ჯარის ხელმძღვანელებმა დაუდასტურეს. თაყაძეების ოჯახის წევრები დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ხელისუფლებას სთხოვენ.

სოფელ კირბალის მიმდებარე ტყიდან ბილიკები ოსური სოფლების ღრომისა და წინაგარის მიმართულებით გადადის. კირბალელები ვარაუდობენ, რომ ბიძა-ძმისშვილი ტყეში ამ ბილიკებით შემოსულმა ოსური და რუსული შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლებმა აიყვანეს. ამ ტყეში, დაახლოებით ერთი წლის წინ, ექვსი შეშისმჭრელი დააკავეს და მათი გათავისუფლება მხოლოდ ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად გახდა შესაძლებელი. ამის შემდეგ ტყეში შესვლას ყველა ერიდებოდა, მაგრამ თაყაძეები იქ სანადიროდ მაინც წავიდნენ. კირბალელების განცხადებით, ვერ წარმოიდგენდნენ, თუ სოფლიდან 100 მეტრში უკვე რუსები და ოსები იდგნენ.

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის ვლადიმერ ჯუღელის ინფორმაციით, თაყაძეების შესახებ ახალ ინფორმაციას არ ფლობს, რადგან ოსური მხარე კონტაქტზე არ გამოდის. მან მხოლოდ რუსული ჯარის წარმომადგემლებისგან შეიტყო, რომ კირბალელები ეგრეთწოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით არიან დაკავებულნი. ჯუღელის თქმით, მოლაპარაკებას ისიც ართულებს, რომ სანადიროდ წასულ თაყაძეებს კომუფლირებული სამხედრო ფორმა ეცვათ და გაძნელდება იმის დამტკიცება, რომ ისინი მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ.

ამჟამად ცხინვალის ციხეში 10-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე ეგრეთწოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით იმყოფება. მხარეებს შორის დაკავებულთა გათავისუფლების შესახებ გასული წლის დეკემბრის შემდეგ მოლაპარაკება აღარ გამართულა.

19 დეკემბერს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ძალისხმევით ტირძნისელი მოზარდების გათავისუფლება მოხდა, ამის შემდეგ პროცესი წინ აღარ წასულა. თომას ჰამარბერგი ამ დღეებში მხარეებთან მოლაპარაკებას განაახლებს. იგი ცხინვალში დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდება.
XS
SM
MD
LG