Accessibility links

logo-print

ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის ქარტია და ახალი ენერგეტიკული პროექტები


25 თებერვალს თბილისში, სასტუმრო რედისონში, აშშ-ისა და საქართველოს მთავრობათა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ენერგეტიკულ პაკეტს, რომლის ფარგლებშიც 2 ახალი პროექტის განხორციელება იგეგმება. აღმოსავლეთ-დასავლეთის გაზსადენის რეაბილიტაცია-გაგრძელებისა და სენაკის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობისთვის ამერიკის მხარე 124,5 მილიონ დოლარს დახარჯავს, რაც ვაშინგტონის მიერ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსთვის გამოყოფილი მილიარდდოლარიანი დახმარების ნაწილს წარმოადგენს. ამერიკის მთავრობის სახელით ენერგეტიკული პროექტების პაკეტს ხელი მოაწერა ეკონომიკისა და ბიზნესის ურთიერთობათა მინისტრის მოადგილემ ხოსე ფერნანდესმა, რომლის ხელმძღვანელობითაც აშშ-ის სამთავრობო დელეგაცია თბილისს ეწვია ეკონომიკური ჯგუფის სამუშაო შეხვედრისთვის, ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში.

ახალი ენერგეტიკული პროექტები, რომლებსაც, როგორც ქართული, ასევე ამერიკული მხარის შეფასებით, საქართველოს ენერგოუსაფრთხოების საქმეში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია, ასევე მოამზადებს ნიადაგს მეტი ინვესტიციის მოსაზიდად და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. 25 თებერვალს ხელმოწერილი პროექტების განხორციელებას მეურვეობას გაუწევს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

”პირველი შეეხება აღმოსავლეთ-დასავლეთის გაზსადენის განახლებას, რემონტსა და გაფართოებას. გარკვეულ მონაკვეთებზე 500 მმ-იანი მილსადენები შეიცვლება 700 მმ-იანით. მატად მნიშვნელოვანია, რომ გაზსადენი გაგრძელდება ქალაქ ფოთამდე, ფოთის ახალ პორტამდე და ფოთის ჩრდილოეთით - თავისუფალ ინდუსტრიულ ზონამდე. ინდუსტრიულ ზონას მიეცემა მეტი ინვესტიციის მოზიდვის საშუალება, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები... როგორც იცით, მთავრობა პრიორიტეტულად მიიჩნევს ქვეყნის დასავლეთ ნაწილის ეკონომიკურ აღმასვლას და ეს პროექტი ამ მხრივაც იქნება სასარგებლო”, - ფოთის მიმართულების პროექტს, რომელსაც შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორი ჯონათან კონლი განმარტავდა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის თქმით, დაახლოებით 83 მილიონი დოლარი მოხმარდება, ხოლო დაახლოებით 33 მილიონი დოლარი დაიხარჯება მეორე პროექტზე. ეს არის სენაკის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა:

”ეს არის ასევე მეტად მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისათვის. პრაქტიკულად ამ პროექტის განხორციელება მთლიანად კრავს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ენერგოსისტემას.”

ამერიკის მილიარდიანი დახმარების ერთ-ერთი ბოლო ტრანშიდან, დაახლოებით 124 მილიონი დოლარიდან, უკვე ხსენებული ორი ენერგეტიკული პროექტის გარდა, ასევე დაფინანსდება სხვა ენერგეტიკული პროექტების დამუშავებისა და სათანადო დოკუმენტაციის მომზადების პროცესი. რაც შეეხება დარჩენილ ნაწილს იმ მილიარდდოლარიანი დახმარებისა, რომელიც ამერიკამ საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ მალევე გამოუყო, ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის თქმით, სახელმწიფოს ამ ეტაპზე დაახლოებით 750 მილიონი დოლარი აქვს მიღებული და ეს თანხები, ძირითადად, დევნილთა საცხოვრებელი პირობებით დაკმაყოფილებას მოხმარდა. კახა ბაინდურაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკა საქართველოს დახმარებასა და მხარდაჭერას კვლავაც განაგრძობს.

ასეთ პერსპექტივაში დარწმუნებულია ეკონომიკისა და ბიზნესის ურთიერთობათა მინისტრის მოადგილე ხოსე ფერნანდესი, რომელმაც 25 თებერვალს კახა ბაინდურაშვილთან ერთად ჯერ ენერგეტიკულ პროექტებს მოაწერა ხელი, ხოლო ოდნავ მოგვიანებით სახელმწიფო კანცელარიაში ხელმძღვანელობდა ეკონომიკური ჯგუფის სამუშაო შეხვედრას, ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში:

”ეს არის საქართველოსთან პარტნიორიბის გზა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ეკონომიკური ჯგუფის ფარგლებში განიხილება სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, ინვესტირების საკითხები და ასევე გზები, თუ რით შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს სამთავრობო დონეზე. ჩვენ ასევე ხელს შევუწყობთ კავშირების დამყარებას კერძო სექტორთან. ვიმსჯელებთ, კიდევ რის გაკეთება შეიძლება ეკონომიკური პოტენციალის გამოსაყენებლად. ჩვენ ამას გავაკეთებთ პარტნიორობის, თანამშრომლობისა და მხარდაჭერის სულისკვეთებით.”

ეკონომიკური ჯგუფის შეხვედრით დასრულდა ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის მიხედვით დაგეგმილი შეხვედრების პირველი რაუნდი. მანამდე, 2009 წლის 9 იანვარს ხელმოწერილი ქარტიის ფარგლებში, თბილისმა უკვე უმასპინძლა დემოკრატიის, უსაფრთხოებისა და ხალხთა შორის ურთიერთობის სამუშაო ჯგუფებს.
XS
SM
MD
LG