Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ ბუკოვსკი თბილისშია


ვლადიმირ ბუკოვსკი, საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი, მწერალი, ნეიროფიზიოლოგი, კაცი, რომელმაც, საერთო ჯამში, 12 წელი გაატარა საბჭოთა ციხეებსა და ფსიქიატრიულ კლინიკებში
ვლადიმირ ბუკოვსკი, საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი, მწერალი, ნეიროფიზიოლოგი, კაცი, რომელმაც, საერთო ჯამში, 12 წელი გაატარა საბჭოთა ციხეებსა და ფსიქიატრიულ კლინიკებში

თბილისს სტუმრობს საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი, მწერალი, ნეიროფიზიოლოგი, კაცი, რომელმაც, საერთო ჯამში, 12 წელი გაატარა საბჭოთა ციხეებსა და ფსიქიატრიულ კლინიკებში - ვლადიმირ ბუკოვსკი. 24 თებერვალს ”ახალი ეკონომიკური სკოლის” ოფისში ბუკოვსკიმ საბჭოთა კავშირის დაშლის მიზეზებზე ისაუბრა.

ბუკოვსკის ბიოგრაფიას აღარ გაგახსენებთ - ერთ-ერთი პირველი საბჭოთა დისიდენტის, 67 წლის ვლადიმირ ბუკოვსკის ცხოვრების დეტალებით სავსეა ინტერნეტი. მისი ცხოვრება, მართლაც, რომანია, შეიძლება ითქვას, თრილერის ჟანრის რომანი, დროდადრო აბსურდული მოტივებით - თავის დროზე დისიდენტი ბუკოვსკი ხომ ჩილის კომუნისტური პარტიის ლიდერზე, ლუის კორვალანზე, გაცვალეს. მაგრამ ”ახალი ეკონომიკური სკოლის” ოფისში გამართულ შეხვედრაზე ბუკოვსკი საკუთარ თავზე საუბარს მოერიდა - მისი განსჯის თემა საბჭოთა კავშირის დაშლა იყო.

ბუკოვსკი თვლის, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის და კომუნისტური სისტემის კრახის თემა ისევ აქტუალურია და ისევ გამოუკვლეველი - გამოკვლეული რომ იყოს, პოსტკომუნისტურ სამყაროს არ ექნებოდა ასეთი პრობლემებიო, ბრძანა ბუკოვსკიმ:

”რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელობისთვის კომუნისტური რეჟიმის ნგრევის საკითხი იმდენად ნათელი არაა, როგორც, მაგალითად, ჩემთვის. ისინი თვლიან, რომ ეს იყო, როგორც პუტინმა თქვა, მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა.. ე.ი. მოულოდნელი და ნეგატიური. ჩემთვის კი მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა სწორედ კავშირის შექმნა იყო.”

ვლადიმირ ბუკოვსი სტუმრად "ახალ ეკონომიკურ სკოლაში"
ვლადიმირ ბუკოვსი სტუმრად "ახალ ეკონომიკურ სკოლაში"

ბუკოვსკის თქმით, საბჭოთა იმპერიის რესტავრაცია ხდება, რადგან რუსეთის ხელისუფლება ვერ აცნობიერებს იმას, რომ კომუნისტური სისტემის კრახი კანონზომიერი და გარდაუვალი მოვლენა იყო... მათგან განსხვავებით, მე და ჩემმა მეგობრებმა სისტემის დასასრული ჯერ კიდევ 60-იან წლებში ვიწინასწარმეტყველეთო, - გვითხრა ვლადიმირ ბუკოვსკიმ. კატასტროფის მიზეზი საბჭოთა დისიდენტების ერთმა ნაწილმა ეროვნული ფასეულობებისა და კულტურის კრიზისში დაინახა (როგორც, თუნდაც, სოლჟენიცინმა), მეორე ნაწილმა - და სწორედ ამ ჯგუფს მიეკუთვნება ვლადიმირ ბუკოვსკი - საბჭოთა ეკონომიკაში:

”კოლექტიური შრომის იდეა, ჩვენი აზრით, ყოველთვის მანკიერი იდეა იყო, ეწინააღმდეგებოდა მოდერნიზაციას და განვითარების პროცესში მყოფი სამყაროს მოთხოვნებს.... ამიტომაც ქვეყანა, რომელიც დედამიწის ერთ მეექვსედს მოიცავს, განიცდიდა სახნავი მიწების დეფიციტს...ქვეყანა, 300 მილიონი მოსახლეობით, განიცდიდა მუშახელის ნაკლებობას... ქვეყანა, რომელშიც ნავთობი და გაზი მოიპოვებოდა, ნავთობისა და გაზის ნაკლებობას განიცდიდა.”

ქვეყანა ვეღარაფერს აწარმოებდა. იდეოლოგიის დაცვას სჭირდებოდა ფული, რომელიც ქვეყანას აღარ ჰქონდა - საბჭოთა კავშირის ეკონომიკური ბაზა მეტისმეტად მცირე იყო საბჭოთა კავშირის იმპერიული ამბიციების დასაკმაყოფილებლად. ბუკოვსკის აზრით, პრეზიდენტმა რეიგანმა შესანიშნავად ითამაშა საბჭოთა ეკონომიკის კრიზისზე, დაამკვიდრა რა ”ვარსკვლავური ომების” იდეა და აიძულა საბჭოთა კავშირი დარჩენილი ფული შეიარაღებაზე დაეხარჯა (აქ მართლაც სჯეროდათ, რომ შეერთებული შტატები კოსმოსიდან აპირებდა საბჭოთა კავშირის დანგრევას). კრიზისის კულმინაცია იყო ”სოლიდარობის” აქტიურობა პოლონეთში. ბუკოვსკის თქმით, კრემლი კატეგორიულად მოითხოვდა პოლონეთის ხელმძღვანელობისგან სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას. იარუზელსკი დათანმხმდა ერთი პირობით - ხალხის დასამშვიდებლად (დასაოკებლად) საბჭოთა კავშირისგან 30 000 ტონა ძროხის ხორცი მოითხოვა:

”30 000 ტონა ხორცი... ერთი შეხედვით, არაფერია, არა? მაგრამ საბჭოთა იმპერიამ ვერ შეძლო ამ 30 000 ტონა ხორცის შეგროვება... პოლიტბიუროს ყოველი სხდომა - მე წაკითხული მაქვს ეს ოქმები - იწყებოდა ბრეჟნევის კითხვით: ”რა ხდება პოლონურ ხორცთან დაკავშირებით?”... წამოხტებოდა ხოლმე გორბაჩოვი, რომელიც იმხანად ცეკას მდივანი იყო სოფლის მეურნეობის საკითხებში, და ამბობდ:ა ”დიახ... ჩვენ გავგზავნეთ თქვენი მოთხოვნა საოლქო კომიტეტებში. ყველგან დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ ამ იდეას, მთელი ქვეყანა აგროვებს ხორცს“... ბრეჟნევი ეკითხება: „კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ ხორცი არის?“ - ”არა, ხორცი არაა.”

ამის შემდეგ საბჭოთა იმპერიის დაშლა პრობლემა აღარ იყო - კომუნისტურ სამყაროს ჩამოშორდა აღმოსავლეთი ევროპა და, ბოლოს, საბჭოთა კავშირიც დაიშალა... თუმცა, ვლადიმირ ბუკოვსკის თქმით, - და სწორედ ესაა ყველაზე საკამათო იდეა მის გამოსვლებში, - დაშლას თავად კრემლის ხელმძღვანელობამ შეუწყო ხელი... 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა მხოლოდ და მხოლოდ კოსმეტიკური ნგრევა კომუნისტური სისტემისა - კრემლი იცდიდა და, როგორც კი ამის საშუალება მიეცა, როგორც კი დასავლეთი მოდუნდა, იმპერიის აღდგენა დაიწყო - საბჭოთა კავშირის ჰიმნის აღდგენით, სხვათა შორის...

ვლადიმირ ბუკოვსკის ამ მოსაზრებას მეტ-ნაკლებად იზიარებენ ამ კვირაში თბილისში ჩამოსული რუსი დისიდენტები - ვალერია ნოვოდვორსკაია, კონსტანტინ ბოროვოი, გალინა აკერმანი... მათი ვიზიტის შესახებაც აუცილებლად გიამბობთ.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG