Accessibility links

ხუთ წელიწადში მას შემდეგ, რაც ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის ხელისუფლებას ჩამოაცილა „ნარინჯისფერმა რევოლუციამ“, მისი პრეზიდენტად ინაუგურაცია გაიმართა. ინაუგურაციით კი დასრულდა მიმდინარე თვის საარჩევნო პროცესი - უთანხმოების გამომწვევი პროცესი, თუმცა, პოლიტიკური კრიზისი უკრაინაში მაინც გრძელდება. საპრეზიდენტო არჩევნებში იანუკოვიჩის მეტოქე, პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო უარს ამბობს იანუკოვიჩის გამარჯვების აღიარებაზე.

უკრაინის პარლამენტში თავმჯდომარემ, ვლადიმირ ლიტვინმა გახსნა ინაუგურაციის ცერემონია - ცერემონია, რომელსაც მკაფიოდ დაეტყო პოლიტიკური დაპირისპირება. ეს მკაფიო ნიშანი დარბაზის დაცარიელებული ნაწილი იყო: პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს კოალიციის წევრების ცარიელი სავარძლები, პრეზიდენტად იანუკოვიჩის ინაუგურაციის წინააღმდეგ მიმართული ბოიკოტის შედეგი.

ტიმოშენკო, თავის დროზე „ნარინჯისფერი რევოლუციის“ ერთ-ერთი გმირი, იანუკოვიჩს წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების „მოპარვაში“ ადანაშაულებს, უარს ამბობს არჩევნების შედეგის ცნობაზე. არადა, უცხოელი მეთვალყურეები არჩევნებს ცალსახად დადებით შეფასებას აძლევენ და ინაუგურაციის ცერემონიაზე უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვლადიმირ შაპოვალმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კენჭისყრის შედეგად ვიქტორ იანუკოვიჩმა გაიმარჯვა - სამ პროცენტზე მეტით აჯობა მეტოქეს.

ვითარება მართლაც რომ დრამატულად შეიცვალა ნარინჯისფერ რევოლუციად წოდებული მოვლენების შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად იანუკოვიჩის (პროვოსკოვური ორიენტაციის პოლიტიკოსად მიჩნეული კანდიდატის) გამოცხადებას მასობრივი დემონსტრაციები მოჰყვა.
იანუკოვიჩი მალე ჩამოაცილეს ძალაუფლებას, რის შემდეგაც, ახალ საპრეზიდენტო არჩევნებში, ვიქტორ იუშჩენკომ გაიმარჯვა და მთავარი მოკავშირე, იულია ტიმოშენკო დანიშნა პრემიერ-მინისტრად. მაგრამ ნარინჯისფერი რევოლუციის გმირებს შორის სულ მალე იჩინა თავი მწვავე დაპირისპირებამ, მასთან ერთად კი პოლიტიკურმა კრიზისმა, რომელიც აგერ უკვე 5 წელიწადი გრძელდება და რომელმაც ხელი შეუშალა დაპირებული რეფორმების განხორციელებას.

ინაუგურაციის დღევანდელ ცერემონიას არც იუშჩენკო დასწრებია და არც ტიმოშენკო...

ერთგულების ფიცის დადების შემდეგ იანუკოვიჩმა მძიმე ეკონომიკურ ვითარებაზე მიუთითა: „უკრაინა უკიდურესად რთულ მდგომარეობაშია. მიმდინარე წლის ბიუჯეტი არ არსებობს, კოლოსალურია დავალიანება უცხოური კრედიტების მხრივ. სიღარიბე, განადგურებული ეკონომიკა და კორუფცია მხოლოდ ნაწილია იმ პრობლემების სიისა, რომლებიც უკრაინის რეალობას ქმნის“.

პრემიერ-მინისტრი ტიმოშენკო იანუკოვიჩს ბრალადს სდებს, რომ ის კორუმპირებული ოლიგარქების ბიზნეს-ინტერესებს ემსახურება. ამ ხალხს კი ნარინჯისფერი რევოლუციის დემოკრატიული მონაპოვრების გაუქმება და კიევის ისევ მოსკოვის ორბიტაზე დაბრუნება სურს. თუმცა იანუკოვიჩმა - საბჭოთა პერიოდში კომუნისტმა ჩინოვნიკმა, რომელიც, როგორც ასევე ცნობილია, ახალგაზრდობაში ორჯერ აღმოჩნდა ციხეში - ინაუგურაციის ცერემონიაზე განაცხადა, რომ დაამკვიდრებს წესებს ბიზნესის პოლიტიკისაგან გასამიჯნად და განაგრძობს ევროპაში უკრაინის ინტეგრაციაზე ზრუნვას.

„უკრაინა გაატარებს ისეთ საგარეო პოლიტიკას, რომელიც ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, სრულად ისარგებლოს რუსეთთან, ევროპის კავშირთან და შეერთებულ შტატებთან თანასწორუფლებიანი და ერთმანეთისთვის მომგებიანი ურთიერთობით“, განაცხადა უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა.

როგორც იუწყებიან, იანუკოვიჩი ორშაბათს გაემგზავრება ბრიუსელში, რაც უცხოეთში მისი პირველი ვიზიტი იქნება პრეზიდენტის რანგში. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ არც იანუკოვიჩის განცხადებები, რომლებიც მიანიშნებს მის გეგმაზე, ბოლო მოუღოს უკრაინის ძალისხმევას ნატოში გაწევრიანების მიმართულებით. ნატოსთვის ზურგის შექცევა კი, უდავოდ, დადებით რეაქციას გამოიწვევს მოსკოვში. მასთან უკრაინის დაახლოება, ფაქტობრივად, ეჭვს არ იწვევს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის პოსტზე ვიქტორ იუშჩენკო ვიქტორ იანუკოვიჩმა შეცვალა.

უკრაინის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას საქართველოდან პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი დაესწრნენ.
XS
SM
MD
LG