Accessibility links

„კომუნიზმის დანაშაულები“


საერთაშორისო კონფერენციის „კომუნიზმის დანაშაულები“ პლაკატი

საერთაშორისო კონფერენციის „კომუნიზმის დანაშაულები“ პლაკატი

პრაღა ოთხშაბათიდან მასპინძლობს კონფერენეციას, სახელწოდებით, „კომუნიზმის დანაშაულები“, რომლის მიზანია ევროპაში კომუნიზმის მემკვიდრეობის კვლევა და იმ საფრთხის განსაზღვრა, რომელსაც დღეს უქმნის ის დემოკრატიას მსოფლიოში.

სხვათა შორის, კონფერენციაზე მიწვეული სტუმრები - სამთავრობო პირები, ინტელექტუალებად წოდებული ადამიანები და დისიდენტები აღმოსავლეთ და შუა ევროპიდან - და მასპინძლები იმაზე მსჯელობენ, თუ როგორ უნდა აგონ პასუხი მათ, ვინც არღვევდა ადამიანების, მასების უფლებებს და საუბრობენ იმაზეც, თუ როგორია ჯერ კიდევ არსებული კომუნისტური რეჟიმებიდან მომდინარე საფრთხე.

ჩეხეთის სენატის ვიცე-პრეზიდენტმა ირჟი ლისკამ, რომელმაც გახსნა კონფერენცია, ილაპარაკა კომუნისტური წარსულის ბოლომდე გამოკვლევის აუცილებლობაზე:

„ჩვენი ვალია განვაგრძოთ წარსულის კვლევა არა მხოლოდ კომუნისტური ტოტალიტარიზმის მილიონობით მსხვერპლის გამო, არამედ იმისათვის (იქნებ დღეს უფრო მეტადაც), რომ გვქონდეს თავისუფალი და დემოკრატიული მომავალი.“

კომუნისტური წარსულის არასაკმარისმა ანალიზმა, ლისკას აზრით, მოიტანა უნდობლობა იმ დემოკრატიული ინსტიტუციების მიმართ, რომლებმაც კომუნისტური უწყებები შეცვალა. შუა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობამ დაგმო კომუნისტური წარსული. ბევრმა აუკრძალა ყოფილ კომუნისტურ ფუნქციონერებს საჯარო თანამდებობების დაკავება. კერძოდ, პოლონეთში, ყოფილი კომუნისტები - მათ შორის, გენერალი ვოიტეხ იარუზელსკი - სასამართლოს წინაშე წარდგნენ კომუნისტურ პერიოდში ჩადენილი დანაშაულებისთვის. მაგრამ ასეთი შემთხვევები იშვიათია. ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის ვიცე-პრეზიდენტი ასეთი პირების პასუხისგებაში მიცემისკენ მოწოდებით გამოდის, მაგრამ ამ საქმის სირთულეც კარგად ესმის. ის ამბობს, ტოტალიტარიზმი საზოგადოების, მორალის მიმართ დანაშაულად უნდა მივიჩნიოთ და არა მხოლოდ მისი ზოგიერთი გამოვლენის წინააღმდეგ ვიმოქმედოთო.

ლისკას აზრით, მთლიანად უნდა გაიხსნას არქივები, შესწავლილი იქნეს გადასახლებები, დასჯის შემთხვევები, ასევე შრომის ბანაკები. ეს მოგვცემს მხოლოდ საშუალებას, დავასახელოთ დამნაშავეებიო, თქვა ლისკამ.

მაგრამ ერთი მთავარი გამომსვლელი, ჩინელი დისიდენტი, დღევანდელობას შეეხო და კონფერენციის მონაწილეებს გაახსენა დღეს არსებული კომუნისტური ქვეყნები, სადაც კომუნიზმი წარსული არაა:

„კომუნიზმი დანაშაულია. დღეს აქ აწყობთ კონფერენციას, რომელზეც ამის შესახებ საუბრობთ, და ეს დიდებულია. ჩვენ უნდა გავარკვიოთ კომუნიზმის მემკვიდრეობა. მაგრამ კომუნისტები კვლავაც მოქმედებენ ჩინეთში. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.“

ჰარი ვუმ 20 წელი დაყო ჩინეთის ციხეში, იმყოფებოდა ბანაკში. 1979 წელს მან ჩინეთი დატოვა და აშშ-ში გადასახლდა, სადაც ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შემსწავლელი ფონდი დააარსა. ვუმ პრაღაში მიმდინარე ამ კონფერენციის მონაწილეთ განუცხადა, რომ მაშინ, როცა დასავლეთს ჩინეთი ეკონომიკურად აინტერესებს, არ უნდა დაავიწყდეს მისი კომუნისტური რეჟიმის რეპრესიული ბუნება. ჩინეთი, ოფიციალურად, ერთ-ერთია იმ ოთხი კომუნისტური ქვეყნიდან, რომლებიც დედამიწაზე დღეს არსებობენ. მის გარდა, ასეთებია ლაოსი, კუბა და ვიეტნამი. ჩრდილოეთ კორეის კომუნისტურ ბუნებაზე ერთი აზრი არ არის. კონფერენციაზე, რომელიც სამი დღე გრძელდება, სტუმრები, ცნობილი დისიდენტები - სხვათა შორის, რუსეთიდან და ბელორუსიდან - ასევე ლაპარაკობენ ქვეყნებზე, სადაც ოფიციალურად კომუნიზმი არ მოქმედებს, მაგრამ არსებული ხელისუფლების მახასიათებლები კვლავ ამ - ერთი შეხედვით, უარყოფილ - სისტემას უკავშირდება.
XS
SM
MD
LG