Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ- საქართველოს ფინანსურ დახმარებას გაუგრძელებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, 2011 წლის ბიუჯეტის განხილვისას, სხვათა შორის, კონკრეტულად საქართველოს დახმარების თაობაზე ილაპარაკა. კლინტონმა თქვა, რომ საქართველო რჩება ამ ადმინისტრაციის მაღალ პრიორიტეტად:

„საქართველო ამ ადმინისტრაციის მაღალ პრიორიტეტად რჩება. ამას ადასტურებს მაღალი რანგის წარმომადგენლების - ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის, სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტაინბერგის, საგანგებო წარგზავნილის ჰოლბრუკის - სტუმრობა საქართველოში. ჩვენ ძალიან ნათლად ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას. 2011 წლის ბიუჯეტში ვითხოვეთ, დახმარების სახით, საქართველოსთვის 90, 1 მილიონი დოლარი, რაც ნიშნავს დახმარების 8 პროცენტით გაზრდას.

თანხის მთავარი ნაწილი იმას უნდა მოხმარდეს, რომ დავეხმაროთ ქართველებს გაამყარონ თავიანთი მუშაობა დემოკრატიის გზაზე, რომ გააძლიერონ საზოგადოების რწმენა ქვეყანაში, რეგიონებში და ახლო შემოგარენში.

ასევე განვაგრძობთ ბირთვული გაუვრცელებლობის, ანტიტერორისტული, ნაღმების გაუვნებელყოფისა და მსგავსი პროგრამების დაფინანსებას. ძლიერ მხარდაჭერას ვუწევთ მათი სამხედროების განთავსებას ავღანეთში ახალი აღჭურვილობით, ახალი წვრთნით. ამდენად, ვფიქრობ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ძალიან პოზიტიური პროცესია და საქართველოს მხარდასაჭერად ხმას ვიმაღლებთ ბევრ საერთაშორისო სარბიელზე იმ ძალიან მძაფრი პოზიციის წინააღმდეგ, რომელსაც მათი რუსი მეზობლები გამოხატავენ.“

როგორც გითხარით, ჰილარი კლინტონმა ეს განაცახადა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას. კლინტონმა დაწვრილებით ილაპარაკა ირანის გარშემო. მან განაცხადა, რომ ახალი სანქციები ირანის მიმართ უნდა დაწესდეს ერთ თვეზე ნაკლებში, გაეროს უშიშროების საბჭოში კენჭისყრისას. კლინტონის თქმით, ამერიკელი და მათი მოკავშირე უცხოელი დიპლომატების ინტენსიური და მოთმინებით აღსავსე მცდელობის წელიწადი გავიდა. ახლა ქვეყნებმა, რომლებიც სანქციებს ადრე არ ემხრობოდნენ, თავიანთი პოზიცია შეცვალეს. იმის გამო, რომ ირანმა ვერ დაარწმუნა მსოფლიო, რომ არ ცდილობს ბირთვული იარაღის შექმნას, კლინტონის თანახმად, ირანთან სალაპარაკო ენა იცვლება და ის ისჯება. კლინტონმა პრეზიდენტ ობამას პოლიტიკა, ხელი გაეწოდებინა ირანის მსგავსი ქვეყნებისთვის, ანუ, როგორც მან უწოდა, სტრატეგიული მოთმინება, რათა ირანს სანქციების გარეშე ემოქმედა სწორად, შეაქო. სახელმწიფო მდივანმა გამამხნევებლად მიიღო რუსეთის დადებითი მიდგომა, როგორც მანვე თქვა. მოსკოვის ასეთი პასუხი, კლინტონის შეფასებით, ადასტურებს, რომ ობამას საგარეო პოლიტიკა ბრძნული იყო.

საქმე ისაა, რომ რუსეთი, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, რომლის გარეშე ვერავითარი რეზოლუცია ვერ გავა, თეირანის მიმართ სანქციების ახალ წყებას ეწინააღმდეგებოდა, მოითხოვდა მეტი დიპლომატიის გამოყენებას. მაგრამ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ბოლო ანგარიშმა, რომ ირანი საიდუმლოდ ახორციელებს ბირთვულ პროგრამას, რუსეთი, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, ძალიან შეაშფოთა. ლავროვის თანახმად, მოსკოვს არ შეუძლია შეეგუოს იმას, რომ ირანი უარს ამბობს სააგენტოსთან თანამშრომლობაზე. საბჭოს სხვა წევრი, ჩინეთი, კლინტონის თქმით, ასევე არ ემხრობოდა სანქციებს ირანის მიმართ, მაგრამ ახლა წინსვლა არის პეკინის დამოკიდებულებაში. აი, კლინტონის განმარტება:

„ჩვენ წარმოვადგინეთ არგუმენტი, რომ ჩინეთმა სტრატეგიული გათვლისას უნდა გაითვალისწინოს სპარსეთის ყურის ნავთობზე თავისი დამოკიდებულება და სანქციებს მიემხროს, რადგან თუკი ხელი არ შევუშალეთ ირანის მცდელობას შექმნას ბირთვული იარაღი, სპარსეთის ყურეში გამალებული შეიარაღება დაიწყება. ეს გამოიწვევდა ამ რეგიონის დესტაბილიზაციას. ამას კი შეიძლებოდა მოჰყოლოდა კონფლიქტიც კი, რაც ყურიდან ნავთობის მოწოდებას საგრძნობლად შეაფერხებდა.“

კლინტონმა ამ გამოსვლისას, რომელიც აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში შედგა, თქვა, რომ გაეროს უშიშროების საბჭო რომც არ მიემხროს ირანის მიმართ სანქციებს, აშშ დამოუკიდებლად იმოქმედებს. ვაშინგტონი აპირებს ორმხრივი ან მრავალმხრივი სანქციები დააწესოს. ეს ობამას ადმინისტრაციის უმაღლესი პრიორიტეტია, თქვა სახელმწიფო მდივანმა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG