Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმი საზღვრებს ”დიპლომატიურად” ხსნის, ცხინვალი - ადგენს


დღეს დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრად მაქსიმ ღვინჯია დანიშნა. თავად ღვინჯიამ, რომელიც ამჟამად ბუენოს-აირესში იმყოფება, სააგენტო იტარ-ტასს განუცხადა, რომ აფხაზეთი არგენტინასთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებითაა დაინტერესებული.

დე ფაქტო რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სოხუმი საელჩოების გახსნას ნიკარაგუაში, ვენესუელასა და არგენტინაში აპირებს. მაქსიმ ღვინჯიას თქმით, აფხაზური დელეგაცია ბუენოს-აირესში პოლიტიკური და საზოგადოებრივი წრეების წარმომადგენლებს შეხვდა. ”მთავარია, ცალსახად არავის უთქვამს, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არ აპირებენ, რაც იმედის მომცემია”, - განაცხადა ღვინჯიამ.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით კი, დღეს მოსკოვში რუსეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის "სახელმწიფო საზღვრის" დელიმიტაციის კომისიის სხდომა გაიმართება. ამ საკითხზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციას კოკოითის რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხში ბორის ჩოჩიევი უხელმძღვანელებს, რუსულ დელეგაციას კი - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი მრჩეველი ვადიმ პოსტნოვი.

"ეს რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისადმი მიძღვნილი კომისიის პირველი სხდომაა", - განაცხადა ჩოჩიევმა. მისი თქმით, "სამხრეთ ოსეთში უკვე შექმნილია კომისია, რომელიც სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე მუშაობს. ქართული მხარისთვის შესაბამისი შეტყობინება უკვე გაგზავნილია, მოწოდებით - დავიწყოთ ამ საკითხზე მოლაპარაკება, მაგრამ ქართულმა მხარემ ჩვენი შეტყობინება უპასუხოდ დატოვა”, - აცხადებს ჩოჩიევი.
XS
SM
MD
LG