Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურიზმის ინტელექტუალური რგოლი - გიდები


25 თებერვალს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში საქართველოს გიდების ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართა. ასოციაცია მოამზადებს თანამედროვე სიახლეებზე ორიენტირებულ პროფესიონალ გიდებს როგორც უცხოელი ტურისტებისათვის, ასევე შიდა ტურიზმით დაინტერესებული მოსახლეობისათვის.

გიდების ასოციაციის შექმნის იდეა ტურიზმის განვითარების ცენტრში, ”ნიუკასში”, დაიბადა. მთავარი მიზანი კი აღნიშნული პროფესიის პოპულარიზაცია იყო. როგორც „ნიუკასის“ წარმომადგენლები აცხადებენ, სწორედ გიდები წარმოადგენენ იმ ინტელექტუალურ რგოლს და ერთ-ერთ მთავარ ძალას, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში ტრიალებს.

თავად ტურიზმის განვითარების ცენტრი ”ნიუკასი” კი ქართულ ბაზარზე 2005 წლიდან ფუნქციონირებს და შიდა ტურიზმისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ემსახურება.

ქეთი მელაძე, „ნიუკასის“ დირექტორი

2007 წელს ”ნიუკასმა” დააარსა გიდების სკოლა, სადაც ტურიზმის სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება. სწორედ აღნიშნული სკოლის ერთ-ერთი კურსდამთავრებულია მარიამ ყარყარაშვილი, რომელიც უკვე აქტიურად უწევს გიდობას როგორც უცხოელ ტურისტებს, ასევე ადგილობრივებს, რომლებსაც სურთ საკუთარი ქვეყნისა და ქალაქის შესახებ უფრო მეტი შეიტყონ: ”ჩვენ მზად ვართ სხვებსაც დავანახვოთ ის კულტურა, რაც ქართველებს გვაქვს.”

როგორც „ნიუკასის“ დირექტორი ქეთი მელაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, ცენტრმა ოთხი წლის განმავლობაში საკმარისი გამოცდილება დააგროვა იმისათვის, რომ შექმნილიყო გიდების ასოციაცია. ახლად დაფუძნებული ასოციაციის ხელმძღვანელები იმედს გამოთქვამენ, რომ უახლოეს მომავალში ქართველი გიდები მსოფლიო გიდების ასოციაციას შეუერთდებიან, რათა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ და ურთიერთობები გაღრმავდეს. ქეთი მელაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სულ უფრო და უფრო დიდი ყურადღება ეთმობა ტურიზმის განვითარებას, თანამედროვე სიახლეებზე ორიენტირებული პროფესიონალი გიდების სკოლა, ფაქტობრივად, არ არსებობდა, ასოციაცია კი ამ კუთხით განსაკუთრებით დიდ მუშაობას გასწევს: ”ჩვენ ვცილობთ, რომ მზად შევხვდეთ უკვე ჩამოყალიბებულ სტრუქტურას და ფეხი ავუწყოთ თანამედროვე ტურიზმს. ძირითადად, ახალგაზრდები გამოთქვამენ სურვილს დაეუფლონ გიდის პროფესიას. სწავლება გათვლილია თეორიასა და პრაქტიკაზე, თუმცა პრაქტიკას გაცილებით დიდი დრო ეთმობა”, - აცხადებს ქეთი მელაძე.

თემო ხვედელიძე, გიდი

22 წლის თემო ხვედელიძე პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა უკვე რამდენიმე წელია გიდად მუშაობს და ამბობს, რომ ამ კუთხით მუშაობა გაცილებით დიდ სიამოვნებას ანიჭებს, ვიდრე ჟურნალისტობა. გიდობა კი სრულიად შემთხვევით, ინგლისური ენის კარგად ცოდნის წყალობით დაიწყო. მოგვიანებით მან გადამზადების კურსი გაიარა და უკვე ათობით ტურისტს გაუწია გიდობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. საკუთარი დაკვირვების შედეგად, არაერთი საინტერესო დეტალიც აღმოაჩინა - მაგალითად, რომელი ეროვნების ადამიანი რომელ კულტურულ თუ რელიგიურ ძეგლზე როგორ რეაგირებს. თუმცა, ამ მხრივ, არის გამონაკლისი ძეგლებიც, რომლებიც ერთნაირად აღაფრთოვანებს ნებისმიერი ერის წარმომადგენელს: ”სხვადასხვა ეროვნების ტურისტი სხვადასხვა ძეგლზე გამოხატავს რეაქციას. შეიძლება ებრაელმა განსაკუთრებული რეაქცია არ გამოხატოს რომელიმე ტაძრის ნახვისას, თუმცა ამავე ტაძარში გაცილებით დიდი დრო დაყოს, მაგალითად, ახალზელანდიელმა, თუმცა, ამ მხრივ, ნამდვილად არის გამონაკლისი სამება და სვეტიცხოველი: ეს ყველას ერთნაირად აღაფრთოვანებს. და კიდევ, ქართული ბუნება - ის არც ერთ ტურისტს არ ტოვებს გულგრილს.” - ის აქვე გიდობის ხიბლის კიდევ ერთ დეტალზე საუბრობს: ”როდესაც ერთსა და იმავე ადგილას მარტო მიდიხარ, შეიძლება იქ მეორედ და მესამედ წასვლის სურვილი აღარ გაგიჩნდეს, მაგრამ როდესაც იმ ადგილებში სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად დადიხარ, მაშინ ამ ყველაფერს სრულიად სხვა დატვირთვა ეძლევა. შენ ხარ დაინტერესებული, რომ სხვა დააინტერესო და სხვას მოაწონო შენი ქვეყანა და კულტურა”, - ამბობს თემო ხვედელიძე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელზეც ახალგაზრდა გიდი ამახვილებს ყურადღებას, არის შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. მისი თქმით, ძალიან ხშირად თავად ქართველები ვერ ახერხებენ იმ კულტურული ძეგლებისა და ადგილების მონახულებას, რომლებიც უცხოელებს არაერთხელ დაულაშქრავთ.

ის, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოში ტურისტების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ბექა ჯაყელი საუბრობს. მისი თქმით, საქართველოში 2009 წელს ჩამოსული ტურისტების რაოდენობამ მილიონ-ნახევარს გადააჭარბა, რაც, წინა წლებთან შედარებით, 16 პროცენტიან ზრდას გულისხმობს: ”ძირითადად, ბიზნესვიზიტორები არიან, თუმცა გასულ წელს აჭარაში ტურისტების რაოდენობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღესდღეობით ქართულ ბაზარზე სერიოზული პრობლემაა კვალიფიციური გიდების. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად დავუჭერთ მხარს ყველა იმ წამოწყებას და ინიციატივას, რაც კვალიფიციური გიდების მომზადებას შეუწყობს ხელს”, - ამბობს ბექა ჯაყელი.

როგორც ტურიზმის განვითარების ცენტრში აცხადებენ, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანადგომით უკვე მომზადდა ინგლისურ, რუსულ, იაპონურ, ფრანგულ, გერმანულ და იტალიურ ენებზე მოსაუბრე კვალიფიციური გიდები.

როგორც სიუჟეტის ავტორი, თავს უფლებას მივცემ და ჩემთვის ხმამაღლა წავიჩურჩულებ: ვიკიდებ ზურგჩანთას, საძილე ტომარას, კარავს და მთებში მივდივარ, გიდის დახმარებით თუ მის გარეშე... მთავარია, რომ მივდივარ.
XS
SM
MD
LG