Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არქივი უნიკალური კოლექციით ივსება


ეროვნულ არქივში დაცული კინოს, თეატრის და ოპერის უნიკალური აფიშები
ეროვნულ არქივში დაცული კინოს, თეატრის და ოპერის უნიკალური აფიშები
გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს უკვე ასაკოვანმა, საკმაოდ სასიამოვნო მამაკაცმა ეროვნულ არქივს 15 დიდი ალბომი პირადად მიუტანა. ეს პიროვნება ცნობილი ფოტოგრაფი ნიკოლოზ საღარაძე აღმოჩნდა, ალბომებში დაცული რამდენიმე ათასი ფოტო კი - XIX საუკუნის ბოლოს და XX-ის პირველ პერიოდში გადაღებული.

ნიკოლოზ საღარაძე ცნობილი ფოტოგრაფის, ალექსანდრე მიხაილოვის ნათესავი და მოსწავლე იყო და ქუთაისში მის ფოტოატელიეში მუშაობდა. მიხაილოვის გარდაცვალების შემდეგ, 1912 წლიდან, მემკვიდრეობა საღარაძემ ჩაიბარა და მისი საქმიანობა განაგრძო. როგორც ალექსანდრე მიხაილოვის, ისე თავად მის მიერ გადაღებული ათასობით უნიკალური ფოტო ნიკოლოზ საღარაძემ გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე სახელმწიფოს დაუტოვა.

ამ კოლექციაში საქართველოში ერთი საუკუნის წინ მცხოვრები საზოგადო მოღვაწეების, სამხედრო და სასულიერო პირების უნიკალური ფოტოებია დაცული, თუმცა ძირითადი ნაწილი ეთნოგრაფიული ღირებულებისაა და წარმოდგენას იმ პერიოდის დასავლეთ საქართველოზე გვიქმნის. კინო, ფოტო, ფონო დოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორის მოადგილე ზეინაბ ხინტკირია ამბობს, რომ ნიკოლოზ საღარაძის ფოტოკოლექციით არაერთი ქართველი რეჟისორი და მხატვარი დაინტერესებულა. მრავალსერიანი ფილმის ”დათა თუთაშხიას” მხატვარმა კახა ხუციშვილმა საკუთარი ესკიზები სწორედ ამ კოლექციაში დაცული ფოტოების მიხედვით შექმნა.

ზეინაბ ხინტკირიამ გაიხსენა, რომ ნიკოლოზ საღარაძის მიერ პირადად მიტანილი კოლექციის დათვალიერებისას არქივის თანამშრომლები ორმა ფოტომ გააოცა. ერთ მათგანზე ცნობილი დრამატურგი და საზოგადო მოღვაწე შალვა დადიანი კუბოში
ცნობილი დრამატურგი და საზოგადო მოღვაწე შალვა დადიანი
წევს და თავთან სანთელი უნთია, მეორეზე კი - წამომჯდარია და იღიმება. ამ უცნაური ფოტოების ისტორია, რომელიც თავად ნიკოლოზ საღარაძისგან მოისმინა, ზეინაბ ხინტკირიამ რადიო თავისუფლებასაც უამბო. ქუთაისის თეატრისთვის შალვა დადიანს ფული უსესხებია და ხელი თამასუქისთვის მოუწერია. დათქმულ ვადაში თეატრმა ვალის გასტუმრება ვერ შეძლო, რის გამოც შალვა დადიანმა საკუთარი გარდაცვალების სცენის დადგმა გადაწყვიტა. მცირე ”სპექტაკლმა” შედეგი გამოიღო, თუმცა მოგვიანებით, როდესაც ფულის გამსესხებელმა სიმართლე შეიტყო, შალვა დადიანისთვის უთქვამს, ვალს ისედაც გაპატიებდიო.

ნიკოლოზ საღარაძის კოლექციაში დაცული ფოტოები ამჟამად რესტავრაციის პროცესშია. ”საკმაოდ დაზიანებულია არა მხოლოდ ფოტოები, არამედ თავად ალბომებიც. ამიტომ ჩვენს რესტავრაციის ლაბორატორიას ძალიან მოცულობითი სამუშაო აქვს ჩასატარებელი. ის მომდევნო წლისთვის დასრულდება და ვფიქრობთ, რომ ყველაზე საინტერესო ნიმუშები გამოვფინოთ”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა.

ეროვნულ არქივში ფოტოების, წერილობითი დოკუმენტების და სხვა არაერთი მასალის გარდა, კინოს, თეატრის და ოპერის უნიკალური აფიშების კოლექციაც ინახება. მას ახლახან შეემატა გასული საუკუნის 50-80-იან წლებში გადაღებული ქართული ფილმების 82 აფიშა, რომელიც არქივმა კერძო პირისგან შეიძინა. გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა ეროვნული არქივის პრიორიტეტად დაასახელა ახალი დოკუმენტაციის მოძიება, რათა ფონდები მაქსიმალურად მრავალფეროვანი იყოს.

”დაწესებულებები, რომლებიც ქმნიდნენ წერილობით, ფოტო, კინო თუ სხვა დოკუმენტებს, ათწლეულების განმავლობაში, კანონის შესაბამისად, ყველაფერს არქივს გადასცემდნენ. მაგრამ შემდეგ ეს პროცესი შეჩერდა, რაც საარქივო ფონდებს ძალიან დაეტყო. როდესაც ჩვენთან მკვლევარები მოდიან, სამწუხაროდ, ბოლო 15-20 წლის მასალა საკმაოდ მწირია. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეაქტიურებინა დაკომპლექტების პროცესი და ბოლო 2 წლის განმავლობაში საკმაოდ კარგ შედეგსაც მივაღწიეთ. როგორც კერძო კოლექციონერებისგან, ისე სხვადასხვა ორგანიზაციისგან უკვე რამდენჯერმე შევიძინეთ ძალიან საინტერესო წერილობითი დოკუმენტები, ფოტოები და სულ ახლახან - აფიშები”, - ამბობს თეონა იაშვილი.

კინოაფიშების გარდა, ეროვნულ არქივში ქართული, მათ შორის, გასული საუკუნის 30-იან წლებამდე გადაღებული ფილმების ფოტონეგატივებიც ინახება. ადრე გამოცემული ქართული ფილმოგრაფია სწორედ ამ მასალის საფუძველზე შეიქმნა. კინო, ფოტო, ფონო დოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორის მოადგილე ზეინაბ ხინტკირია ამბობს, რომ ამ ფონდის ახალი მასალებით შევსება დღეს უკვე მფლობელთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

”ძალიან ბევრი რეჟისორის ცხოვრებისეული ფოტოები დაიკარგა. ეს რომ არ განმეორდეს, მცირე მოწოდება მსურს, რომ თუ სახლში მასალა აქვთ, მოიტანონ. როგორც თავად მოისურვებენ, ისე გავაკეთებთ. საავტორო უფლებასაც დავიცავთ”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზეინაბ ხინტკირიამ.

ეროვნული არქივი მფლობელებს, მათგან მასალების შეძენის გარდა, სხვა ფორმასაც სთავაზობს. საინტერესო დოკუმენტის მფლობელს შეუძლია მესაკუთრედ დარჩეს, თუმცა დოკუმენტს არქივი შეინახავს - თან, ისეთ პირობებში, როგორიც საარქივო მასალების დაცვისთვისაა საჭირო.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG